გასულ ხუთშაბათს აჭარის პირველი ონლაინმაუწყებლის პირდაპირ ეთერში ადვოკატ პაატა შავაძის საავტორო გადაცემა ბათუმში მოკლული პოლიციელის – თარაშ მუკბანიანის და გასული წლის 29 დეკემბერს დისკო კლუბ „ლეგასში“ მომხდარი ტრაგედიის თემას მიეძღვნა. სტუდიის სტუმრები გახლდათ დანაშაულში ეჭვმიტანილი რამაზ დევაძის ადვოკატი, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი ირაკლი გაბრიჩიძე და ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში აჭარის ნაკრების მთავარი მწვრთნელი, საქართველოს დამსახურებული მწვრთნელი ლევან შავაძე.
ირაკლი გაბრიჩიძე: – თუ კი ტრაგედიის პირველ დღეებს გავიხსენებთ, არც იმის გახსენება გაგვიჭირდება, რომ ეს ფაქტი მედიაში ძალიან ცუდი ინტერპრეტაციით გაშუქდა, მან იმთავითვე რატომღაც პოლიტიკური დატვირთვა შეიძინა, ადამიანების აზრიც ორად გაიყო, ბევრი ამ თემაზე საუბარს თავსაც არიდებდა და ყველამ ცალსახად დაგმო პოლიციელის მკვლელობის ფაქტი. დღეს უკვე იოლია ამ თემაზე საუბარი, რადგან ჩვენ შევძელით ის, რომ თავიდან ბოლომდე გაგვეშიფრა შემთხვევის ადგილი, რომ ამაზე დადებულიყო შესაბამისი ექსპერტების შეფასებები, დასკვნები და დღეს უკვე ჩვენს ხელთაა ოთხი საექსპერტო დაწესებულების დასკვნა, ისინი სრულ თანხვედრაში არიან ერთმანეთთან და თანმიმდევრულად ნათელს ჰფენენ მოცემულ საკითხს, იმას, თუ რა მოხდა სინამდვილეში.
რამაზ დევაძე თავის მეგობრებთან ერთად შევიდა კლუბში, სადაც ძალიან ჩვეულებრივი მდგომარეობა იყო, იქ ერთერთ მაგიდასთან იმყოფებოდა ქალბატონი, ამავე სუფრაზე იმყოფებოდა თარაშ მუკბანიანი, რომელიც, როგორც შემდეგ გამოჩნდა კლუბში იარაღით იყო შესული. მოგეხსენებათ აღნიშნულ კლუბში იარაღით არ უშვებენ.
პაატა შავაძე: – ბატონო ირაკლი ჩაგეჭრებით, თქვენ იარაღი ახსენეთ, გვაინტერესებს და მრავალგზის დაისვა შეკითხვა როგორც საზოგადოების, ისე ჟურნალისტების მხრიდან, რომ იყო თუ არა პოლიციელი უფლებამოსილი იმ დროს შეიარაღებული შესულიყო დისკო კლუბში?
– ზოგადად, როცა პოლიციელი სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებს, მაშინ უნდა იყოს შეიარაღებული, მაგრამ როცა ისეთ გარემოშია, რაც არანაირად არ არის დაკავშირებული მის სამსახურებრივ მოვალეობასთან, ჩემი აზრით არ არის მიზანშეწონილი…
– ითქვა კიდევაც ბატონო ირაკლი, რომ მაშინდელ მთავარი სამმართველოს უფროსს დავით თამაზაშვილს აკრძალული ჰქონდაო ასეთ თავშეყრის ადგილებში პოლიციელის იარაღით შესვლა განსაკუთრებული ნებართვის გარეშე, იმის მიუხედავად ასრულებდა თუ არა იგი სამსახურებრივ მოვალეობას… თქვენ, როგორც ადვოკატს, რა ინფორმაცია გაქვთ, ასრულებდა იმ დღეს თარაშ მუკბანიანი სამსახურებრივ მოვალეობას?
– ამაზე ჩვენ შეგვიძლია ცალსახად ვთქვათ, რომ იმ დღეს თარაშ მუკბანიანი სამსახურებრივ მოვალეობას არ ასრულებდა. მსგავსი რამ არც ბრალდების მხარეს აუსახავს რომელიმე დოკუმენტში. მუკბანიანი იმ დროს იყო სამოქალაქო ფორმაში და მას თან ჰქონდა იარაღი, ამაში შეიძლება საგანგაშო არაფერი იყოს, მაგრამ როდესაც შეიარაღებული პოლიციელი საკმაოდ საეჭვო გარემოში ნასვამ მდგომარეობაში იმყოფება და როდესაც იწყება კონფლიქტი, მას უნდა განეცხადებინა, რომ იყო პოლიციელი და განემუხტა სიტუაცია, თუმცა მან თვითონვე გაუკეთა პროვოცირება ამ კონფლიქტს.
– აგრესია საიდან წამოვიდა?
– არსებობს ვიდეოჩანაწერები, რომლებიც დააფიქსირა კლუბში არსებულმა ვიდეოკამერებმა, ჩანაწერები გაშიფრეს ვიდეოექსპერტებმა, იქ ჩანს კლუბში განვითარებული მოვლენები თავიდან ბოლომდე.
– სად ჩატარდა ეს ექსპერტიზები და რამდენად სანდოა დასკვნები?
– საკმაოდ მაღალკვალიფიციური ექსპერტები მუშაობდნენ, ერთერთი ვიდეოსკოპიური დასკვნა დადო სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიურომ, საიდანაც ზუსტად გამოიკვეთა თუ საიდან მოხდა გასროლა და ჩვენ უკვე დღეს გვაქვს დასკვნა, რომ გასროლა მუცლის არედან მოხდა, საგამოძიებო ექსპერტიზის დროს დადგინდა ასევე თუ რა ვითარებაში მოხდა გასროლა, იარაღის განმუხტვის დროს იყო ეს და დადგენილია ასევე ტრაექტორია და სროლის მიმართულებები.
– და ყოველივე ამის საფუძველზე, რა შეგვიძლია დღეს ვუთხრათ საზოგადოებას ბატონო ირაკლი, რასთან უნდა გვქონდეს საქმე?
– რეალურად ეს იყო არა განზრახ მკვლელობა, არამედ – სიცოცხლის მოსპობა გაუფრთხილებლობით და ამასვე ადასტურებს ის საგამოძიებო ექსპერიმენტი, რომელიც ჩავატარეთ. საგამოძიებო ექსპერიმენტის დასკვნის თანახმად რამაზ დევაძე არ გამოხატავდა აგრესიას, ის ცდილობდა, რომ განემუხტა სიტუაცია, პირიქით, აგრესიული ქმედებებით გამოირჩეოდა გარდაცვლილი თარაშ მუკბანიანი, ის ძალიან აგრესიული და მისი მოქმედებების შესახებ ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დასკვნაც არსებობს და როდესაც რამაზი ცდილობდა განემუხტა სიტუაცია და მუკბანიანი გამოეყვანა კონფლიქტიდან, მუკბანიანმა განახორციელა გასროლა რამაზ დევაძის მიმართულებით. დევაძე ამ დროს მის უკან იდგა და შებოჭილი ჰყავდა წელის არეში შემოხვეული ხელებით, ეს გასროლები კარგად ჩანს ვიდეო ჩანაწერებში და საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს ზუსტად დაემთხვა იმ გასროლილი ტყვიების რაოდენობა საგამოძიებო ექსპერიმენტის მსვლელობას და ზუსტად აღდგა სურათი თუ რა მოხდა სინამდვილეში.
ლევან შავაძე: – ორი ცნება – კარგი სპორტსმენი და კრიმინალი ერთმანეთთან შეუთავსებელია, რამაზ დევაძე არის კარგი სპორტსმენი, მსოფლიო ჩემპიონი, ზედმიწევნით მორწმუნე ადამიანი, ასეთი ახალგაზრდები ჩვენს ქვეყანას ბევრი არ ჰყავს, სწორედ ასეთი ადამიანები გადაარჩენენ ჩვენს ერსაც, სპორტსაც და ქვეყნის სახეც იქნებიან… ევროპაში, სადაც რამაზი მოღვაწეობდა, იმდენად კეთილსინდისიერად ასრულებდა თავის საქმეს და ისეთი ავტორიტეტით სარგებლობდა, რომ სხვა სპორტსმენებს უწევდა რეკომენდაციას და მის სიტყვას ყველა დონეზე წონა ჰქონდა. შემთხვევისგან დაზღვეული არც ერთი არ ვართ, მაგრამ საზოგადოებამ სწორი ანალიზი უნდა გააკეთოს და რამაზი დღეს იქ არ უნდა იყოს, სადაც არის.
გადაცემის რადიოვერსიის მოსმენა შეგიძლიათ ქვემოთ!
https://youtu.be/-FGGw-FA7C4