მთავარი სტატიები ექსკლუზივი – „რჩეული ქობულეთელის“ მეხუთე წარმატებული წელი

ექსკლუზივი – „რჩეული ქობულეთელის“ მეხუთე წარმატებული წელი

381
0

13277950_1861298317426787_183744905_n (1) 23 მაისს, ქობულეთის სასტუმრო „ჯორჯია პალასმა“ გაზეთ „ჩემი ქობულეთისა“ და ქობულეთის კულტურის ცენტრის ერთობლივი პროექტის „რჩეული ქობულეთელის“ ფარგლებში გაზეთ „ჩემი ქობულეთის“ მკითხველის მიერ გამოვლენილ 2015 წლის გამარჯვებულ ათეულთან საზეიმო შეხვედრას უმასპინძლა.
პროექტი „რჩეული ქობულეთელი“ წელს უკვე მეხუთედ გაიმართა, გაზეთ „ჩემი ქობულეთის“ მკითხველი ყოველწლიურად აქტიურადაა ჩართული პროექტის მიმდინარეობაში, სწორედ საზოგადოება წყვეტს თუ ვის მისცეს ხმა „რჩეულთა“ ათეულში. ამ ხნის განმავლობაში შეირჩა და პატივი მიეგო 50 ამაგდარ და ღვაწლმოსილ ქობულეთელს, იმათ, ვინც აქტიურად იღვაწა არა მარტო ქობულეთის, არამედ ქვეყნის წინსვლის სარბიელზე და თავისი თავდადება „ოქროს ასოებით“ ჩაწერა მის მდიდარ მატიანეში.
პროექტი 5 წლისაა, ის თავისი მნიშვნელობიდან გამომდინარე ყოველწლიურად იხვეწება და სულ უფრო პოპულარული ხდება. პროექტს აქვს საკუთარი ლოგო, რომლის ავტორიც გახლავთ 2012 წლის „რჩეული ქობულეთელი“, შესანიშნავი მხატვარი და პიროვნება ბადრი მიქაძე, დაიწერა პროექტის საკუთარი მელოდია დიანა ვასაძის ავტორობით და შეიქმნა ყველა ატრიბუტი, რაც ნაღდი და თვალსაჩინო ქობულეთელების ღვაწლის დასაფასებლად არის საჭირო.
13250282_1861299170760035_1772930844_nღონისძიების დასაწყისშივე პროექტის ორგანიზატორებმა განსაკუთრებული მადლობა გადაუხადეს შპს „კოკა კოლა ბოთლერს ჯორჯიას“ პრეზიდენტს თემურ ჭყონიას, რომელიც მეხუთე წელია უანგაროდ უთმობს ღონისძიებას „ჯორჯია პალასის“ შესანიშნავ დარბაზს.
2015 წელს, პროექტის პირველ ეტაპზე ათეულში წარდგენილი იყო 23 პრეტენდენტი. მეორე ეტაპზე შემოვიდა მკითხველის 2437 ხმა საგაზეთო კუპონის სახით, გაზეთ „ჩემი ქობულეთის“ მკითხველის გადაწყვეტილებით 2015 წლის „რჩეულ ქობულეთელთა“ ათეულში მოხვდნენ ის ქობულეთელები, რომლებიც 23 მაისის საღამოზე წამყვანებმა ჯემალ მეგრელიძემ (მედიაჯგუფი „აჭარა P.S.“-ის მთავარი რედაქტორი) და სოფო მოწყობილმა (კულტურის ცენტრის დირექტორი) წარუდგინეს საზოგადოებას.
ზაურ ღლონტისამშენებლო სამმართველოს ყოფილი უფროსი, დ/ს „ივერიას“ ყოფილი დირექტორი – არაერთხელ იყო არჩეული რაიონული საბჭოს დეპუტატად, იყო აჭარის პირველი მოწვევის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი. დაჯილდოებულია მთავრობის არა ერთი ჯილდოთი და სიგელით. დასასვენებელი სახლი „ივერია“ გადააქცია მაღალი კლასის საკავშირო მნიშვნელობის ჯანმრთელობის კერად. წვლილი შეიტანა თბილისის სამების ეკლესიის მშენებლობაში, მნიშვნელოვანი წვლილი აქვს შეტანილი „თეთროსნის“ ეკლესიის მშენებლობაში, საკუთარი მიწის ნაკვეთი დათმო ზენითის წმინდა მამა გაბრიელის ეკლესიის ასაშენებლად.
ნარგიზ ბაღიშვილი, ქობულეთის #2 საჯარო სკოლის დირექტორი – სხვადასხვა დროს აქტიურად მონაწილეობდა სასკოლო და სარაიონო ღონისძიებებში. 2010-1014 წლებში იყო ქობულეთის საკრებულოს წევრი, რუსთაველის საზოგადოების რაიონული საბჭოს მდივანი, ისტორიის მასწავლებელთა რაიონული მეთოდგაერთიანების ხელმძღვანელი, ისტორიის მასწავლებელთა მეთოდგაერთიანების სარევიზიო კომისიის თავმჯდომარე, დასახელებული იყო წლის საუკეთესო მასწავლებლად, უფროს მასწავლებლად, უმაღლესი კატეგორიის მასწავლებლად. მიღებული აქვს საკავშირო მედალი „შრომითი წარჩინებისათვის“, იაკობ გოგებაშვილის სახელობის საიუბილეო მედალი, სახალხო განათლების წარჩინებულის სამკერდე ნიშანი, გოგებაშვილის პედაგოგთა კავშირის აჭარის რეგიონალური ორგანიზაციის საპატიო სიგელი, აჭარის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის საპატიო სიგელი, საგნობრივ ოლიმპიადებსა და კონფერენციებში აქტიური მონაწილეობისათვის დიპლომები და სიგელები.
ჯუმბერ გოგიტიძე, ბიზნესმენი – მას საინტერესო და სახელოვანი გზა აქვს გავლილი რიგითიდან არა ერთი უმსხვილესი ბიზნესორგანიზაციის გენერალურ დირექტორობამდე, ამჟამად კერძო ბიზნესში ფინანსური ხელმძღვანელია. ეწევა აქტიურ საქველმოქმედო საქმიანობას, ეხმარება მარტოხელა, უმწეო ხანდაზმულებს, პედაგოგებს, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს, საკუთარი წვლილი აქვს შეტანილი არა ერთი ეკლესიის მშენებლობაში.
13282179_1861301057426513_471503096_nმერი ბასილაძე, ჩაისუბნის სკოლის დამსახურებული პედაგოგი – „მასწავლებელი ზოგჯერ უშვილო, მაგრამ მრავალი ბავშვის მშობელი“, დიდი პოეტის ეს სიტყვები სწორედაც რომ მის ცხოვრებასა და მოღვაწეობაზეა ზედგამოჭრილი, როცა პროფესიის სიყვარული ყოველგვარ პირადულს დაგათმობინებს აი, მაშინ მოდის ყველაზე დიდი აღიარება და სიყვარული საზოგადოების მხრიდან, რაც აშკარად გამოჩნდა სოფლის, აღზრდილებისა და ახლობლების მხრიდან მის ერთსულოვან მხარდაჭერაში პროექტის გმირების შესარჩევ ეტაპზე.
ვახტანგ კუტუბიძე, აგრონომი, პროფესორი – 1959 წელს დაიცვა საკანდიდატო ხარისხი და მიენიჭა სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა კანდიდატის ხარისხი. იყო ჩაქვის ფილიალის დირექტორი. პარალელურად მუშაობდა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის პედაგოგიურ ინსტიტუტში. არის მრავალი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი. დღემდე მუშაობს ჩაქვის ფილიალში ჩაის სელექცია – მეთესლეობის, აქტინიდიის, სტევიის, ციტრუსების და სხვა კულტურების სელექციასა და წარმოებაში მათი დანერგვის საკითხზე.
მერცია თენიეიშვილი, დამსახურებული პედაგოგი – პედაგოგიური ნათლობა სოფელ მუხაესტატესა და ალამბრის საშუალო სკოლებში მიიღო, 56 წელი იმუშავა ქობულეთის #1 საშუალო სკოლაში, ბოლო სამი წელი იმუშავა საერო სკოლა-ლიცეუმში. წლების განმავლობაში ხელმძღვანელობდა ქობულეთის რაიონის ინგლისური ენის მასწავლებელთა სექციას, ეხმარებოდა განათლების განყოფილებას და სამინისტროს სკოლების ინსპექტირებისა და კომპლექსური შემოწმებებისას. სამჯერ დაჯილდოებულია საპატიო სიგელით, შრომის ვეტერანის მედლით, მადლიერების სიგელით, ღირსების ორდენით.
ალექსანდრე ოქროპირიძე, დამსახურებული აგრონომი – მუშაობდა ქობულეთის მებოსტნეობის საბჭოთა მეურნეობაში, ჭახათის და სოფელ ქობულეთის კოლმეურნეობებში მთავარ აგრონომად, სოფელ ქობულეთის შემფუთავი ქარხნის დირექტორად, არის დამსახურებული აგრონომი.
ეთერ მიქელაძე, სკოლამდელი აღზრდის დამსახურებული პედაგოგი – 1970 წელს შუახევიდან სამუშაოდ გადმოვიდა ქობულეთის #2 საბავშვო ბაღში, სადაც 10 წელი იმუშავა. საქმის პროფესიონალი, პატარებზე უზომოდ შეყვარებული პედაგოგი შეუმჩნეველი არ დარჩენიათ ქობულეთის რაიონის განათლების განყოფილების ხელმძღვანელ პირებს და გამოცდილი კადრი განყოფილებაში სკოლამდელი აღზრდის მეთოდისტად გადაყავთ, 1985 წლიდან მუშაობდა სკოლამდელი აღზრდის ინსპექტორად. 2006 წლიდან ჩაქვის საშუალო სკოლაში არსებული საბავშვო ბაღის კოორდინატორი გახლდათ. ამჟამად ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ საჩინოს საბავშვო ბაღის მეთოდისტია. აქვს მუშაობის 48 წლიანი სტაჟი.
მიხეილ შონუსი, დამსახურებული ექიმი – ის ეროვნებით ბერძენია, თუმცა საბერძნეთი მხოლოდ მისი ისტორიული სამშობლოა და ის ფესვითაც, გულითაც და თუნდაც სისხლითაც ძირძველი ქობულეთელია… ამიტომაც არ გაგვკვირვებია ამ ადამიანის წარმატება პროექტში. 1973 წლიდან დღემდე კი მუშაობს ქობულეთში ყელ-ყურ ცხვირის ექიმად. არის სპორტის ოსტატი თავისუფალ ჭიდაობაში.
Новый фильм (7).Movie_Копия экранаჯემალ მამულაიშვილი, დამსახურებული ლოტბარი – 56 წელი სცენაზე, ქობულეთის სიმღერისა და ცეკვის სახალხო ანსამბლის ყველა წარმატების თანამოზიარე, მრავალი გამარჯვება, დიპლომი თუ მედალი, მთავრობის უმაღლესი ჯილდო „ღირსების“ ორდენი და რაც მთავარია, საზოგადოების, მაყურებლის სიყვარული – ეს შემოქმედი კაცისთვის დიდი მონაპოვარია და ის ამით ალამაზებს როგორც ჩვენი პროექტის წლევანდელ ათეულს, ისე ჩვენს ყოველდღიურობასაც…
პროექტის გმირებს მიესალმნენ: საქართველოს პარლამენტში ქობულეთის მაჟორიტარი დეპუტატი ფატი ხალვაში, აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ავთანდილ ბერიძე, უმაღლეს საბჭოში ქობულეთის მაჟორიტარი დეპუტატი ანზორ თხილაიშვილი, აზერბაიჯანის გენერალური კონსული ბათუმში რაშად ისმაილოვი, ქობულეთის საკრებულოს თავმჯდომარე სულხან ოქროპირიძე, თავად `რჩეულებმა~ უპასუხეს ტრადიციულ კითხვებს, ეკრანზე ge_pic_1794_1პროექტის წინა წლების ამსახველმა ვიდეოკადრებმა `რჩეული ქობულეთელის~ ხუთწლიანი ისტორია გააცოცხლეს. საღამო გაალამაზა კულტურის ცენტრთან არსებული შემოქმედებითი კოლექტივების მიერ წარმოდგენილმა ვოკალურ-ქორეოგრაფიულმა ნომრებმა. აქვე ხაზგასმით უნდა აღინიშნოს პროექტის წარმატებაში კულტურის ცენტრის დირექტორის მოადგილე ნანა გოგიტიძისა და ცენტრის თანამშრომელთა წვლილი.
დასრულდა „რჩეული ქობულეთელის“ არსებობის კიდევ ერთი წელი, პროექტი მომავალ მაისამდე დაემშვიდობა საზოგადოებას, გაზეთი „ჩემი ქობულეთი“ კი ახალი რჩეულების ძიებას იწყებს. შემოგვიერთდით!

ნინო მეგრელიძე