თუ ვინმეს სასტუმრო „არმაზში“ მომხდარი უბედურების გამოძიება აინტერესებს, ეს უპირველასად მისი მეპატრონე და ოჯახის წევრები არიან…
10 მაისს ქობულეთში დატრიალებული ტრაგედიის სამი მსხვერპლი გასულ პარასკევს მთელმა საქართველომ დიდი ტკივილით გააცილა უკანასკნელ გზაზე. ალბათ არ დარჩენილა ადამიანი, ვინც ეს ამბავი გაიგო და სულით ხორცამდე არ შეძრულა… ტკივილი გაუნელებელია. მომხდართან დაკავშირებით აღძრულია სისხლის სამართლის საქმე და მიმდინარეობს გამოძიება.
ამ ორიოდე დღის წინ სასტუმრო „არმაზის“ მფლობელმა ართმელაძეების ოჯახმა ბათუმის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში ბრიფინგი გამართა და კიდევ ერთხელ დააფიქსირა პოზიცია, რომ მიუხედავად ყველაფრისა, ოჯახის მთავარი სადარდებელი დაღუპული ბავშვებია და თუ ვინმეა დაინტერესებული გამოძიების შედეგებით, მათი თქმით, ეს უპირველესად თავად არიან.
ოჯახის ადვოკატი პაატა შავაძე ადგილობრივი ხელისუფლების მხრიდან უყურადღებობასა და გამოძიების გაჭიანურებაზე ამახვილებს ყურადღებას, თუმცა ამბობს, რომ სამართალდამცველებს არაობიექტურობის საშუალებას არ მისცემს.
როგორც სასტუმროს ადმინისტრატორი ანთაძე ყვება, ნომერი, რომელშიც ბავშვები დაიღუპნენ, ოროთახიანი და შესაბამისად ექვსადგილიანი ლუქსი იყო, პატარებთან ერთად ამ ნომერში შესახლებული ჰყავდათ კიდევ ორი ქალბატონი, რომლებიც ხანძრის დროს, გამთენიის 5 საათზე, წესით ნომერში, ბავშვებთან უნდა ყოფილიყვნენ, თუმცა ისინი იქ არ აღმოჩნდნენ, ხოლო ნომრის კარები გარედან იყო ჩაკეტილი…
პაატა შავაძე: – ისმება უმთავრესი კითხვა: – რატომ იყვნენ დაღუპული ბავშვები ოთახში ჩაკეტილები და სად იმყოფებოდნენ ამ დროს ნომერში განთავსებული უფროსი ქალბატონები? იმედია, გამოძიება ამ კითხვას ობიექტურ პასუხს გასცემს, რადგან ეს ყველაზე მნიშვნელოვანი თემაა სამი ბავშვის დაღუპვის მიზეზების გასარკვევად. შემთხვევა შეიძლება ნებისმიერ ჩვენგანს მოუვიდეს, მაგრამ ის, რომ ბავშვები ოთახში ჩაკეტილები იყვნენ და ხანძარს თავი ვერ დააღწიეს, რაც მათი სიცოცხლის მოსპობის მიზეზი გახდა, აუცილებელად უნდა გაირკვეს.
– ბატონო პაატა, საზოგადოებაც მოუთმენლად ელის გამოძიების შედეგებს, როგორია თქვენი, როგორც იურისტის პროგნოზი, ელის თუ არა პასუხისმგებლობა სასტუმროს მეპატრონეს?
– პირველ რიგში, მინდა ვისარგებლო შემთხვევით და ამ ტრაგედიის მსხვერპლთა ოჯახებს სამძიმარი გამოვუცხადო, ეს ენით აუღწერელი ტრაგედიაა, რომელსაც ალბათ ვერასდროს მოვინელებთ. კიდევ ერთხელ გაგიმეორებთ, რომ შემთხვევისაგან არც ერთი ჩვენგანი დაზღვეული არ არის, მაგრამ ახლა მე გკითხავთ თქვენ, თუ გაგიგიათ, რომ სადმე დამდგარიყოს იმ ბინის მეპატრონის პასუხისმგებლობა, რომელშიც ე.წ. შემთხვევის გამო თვით საქართველოს პრემიერ-მინისტრი ზურაბ ჟვანია და რაულ უსუპოვი დაიღუპნენ?
– თქვენს „ფეისბუქგვერდზე“ ერთ ერთი მოქალაქე გწერთ, რომ მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობის აზრით ამ ოჯახს მატერიალური დახმარება არ სჭირდება, ხოლო მათ საზოგადოებისგან მორალური მხარდაჭერა მაშინ დაკარგეს, როცა ზარალზე ალაპარაკდნენ…
– ჩემს ფეისბუქ გვერდზე მე, გამგებლის უმოქმედობა უპასუხისმგებლობად შევაფასე და მას თავხედიც ვუწოდე, არ შეიძლება გამგებელი მოქალაქეებთან მიმართერბაში სიმპათია-ანტიპათიების შესაბამისად იღებდეს გადაწყვეტილებას, ვის დაუდგეს გვერდით და ვის არა, ვის გაეწიოს მატერილალური შემწეობა და ვის არა. მეგონა ევგენიძეს ეყოფოდა ვაჟკაცობა და შემთხვევის ადგილას ჩემთან ერთად იდგებოდა და დაზარალებულ ოჯას სატკივარს ოდნავად მაინც შეუმსუბუქებდა, თუმცა ამ დონეზე ის სამწუხაროდ ვერ ამაღლდა… რას ვიზამთ, მომავალი არჩევნები წინ არის და ამომრჩეველი გამოუტანს მას სათანადო ვერდიქტს, მიმაჩნია, რომ ის კლანური მმართველობის ერთ-ერთი კლასიკური მაგალითია თანამედროვე ქართულ რეალობაში… ხალხს ენას ვერ ამოუკერავ, მაგრამ უამრავი ადამიანია მომსწრე, ხანძრის დროს საშველად მისულმა მეზობლებმა ცეცხლმოკიდებული შენობიდან ავეჯის გამოტანა რომ სცადეს, სასტუმროს მეპატრონემ ყველა შეაჩერა და თუ რამე შეგიძლიათ, ბავშვების გამოყვანაზე იზრუნეთო, უთხრა. ოჯახი პრაქტიკულად განადგურებულია, არც არის გასაკვირი, რომ ასეთ სიტუაციაში რომელიმე მათგანი არაადეკვატური იყოს, თუ თქვენ ოჯახის უფროსის ხასან ართმელაძის მიერ ტელევიზიებისთვის მიცემულ კომენტარს გულისხმობთ, გეტყვით, რომ ეთერში გაუშვეს კონტექსტიდან ამოგლეჯილი ფრაზები, სადაც ხასან ართმელაძე ამბობდა: „დაახლოებით 2 მილიონი ლარის ზარალი მომადგა, მაგრამ ზარალს პირთანაც არ მოვიტანდი, მსხვერპლი რომ არ ყოფილიყოო“, ეთერში კი რატომღაც მხოლოდ კომენტარის პირველი ნაწილი მოხდა. ხშირად მედია საშუალებებიც მწარედ სცოდავენ… რაც შეეხება „ფეისბუქზე“ გაკეთებულ კომენტარებს, კარგი იქნებოდა, თუ ამ სიტუაციაში თავს შეიკავებდნენ, რადგან ეს ცეცხლზე ნავთის დასხმის ტოლფასია. ის კომენტარი კი რომელზეც თქვენ გაამახვილეთ ყურადღება, ჩემს განცხადებას მოჰყვა, როცა ადგილობრივი ხელმძღვანელობა უყურადღებობაში დავადანაშაულე, გამგებელი სულხან ევგენიძე ამ კომენტარის ავტორის ფავორიტი და მისი ოჯახის ხელდასხმულია, ამიტომ მისგან უკეთესს არაფერს ველოდი. დრო მოვა და ყველაფერი დასრულდება, ყველაფერს დასასრული აქვს, კარგსაც და ცუდსაც…
– ბატონო პაატა, გაქვთ თუ არა თქვენ ინფორმაცია, რა მატერიალური ზარალი მიადგა ოჯახს?
– მიუხედავად იმისა, რომ ამ შემთხვევაში ოჯახის ადვოკატი ვარ, ოჯახის წევრები ამ თემაზე არ მესაუბრებიან და კითხვების დასმასაც კი მიკრძალავენ, რადგან მათი თქმით, ყველაზე დიდი დანაკარგი იმ სამი უცოდველი ბავშვის სიცოცხლეა, რომლებიც ხანძრის შედეგად დაიღუპნენ, მათ ახლა მხოლოდ ერთი საზრუნავი აქვთ, დროულად და ობიექტურად ჩატარდეს გამოძიება და დადგინდეს როგორც ხანძრის გამომწვევი, ისე ბავშვების დაღუპვის მიზეზები.
– გაქვთ გამოძიების ობიექტურობის იმედი?
– ქობულეთის პოლიციის ავკარგზე არაერთხელ მისაუბრია და ჩემი მოსაზრებებიც არაერთხელ გამომითქვამს, მიმაჩნია, რომ ეს სამმართველო გაცილებით უფრო დიდ ყურადღებას საჭიროებს სამინისტროს ხელმძღვანელობის მხრიდან, მათი თვითნებაზე მიშვება იქნება საფუძველი სრული ფიასკოსი, სამართლებრივი სრული ქაოსისა და ნიჰილიზმისა. სამმართველო სადაც განყოფილების უფროსად ირაკლი შაქარიშვილი მოღვაწეობს, კაცი, რომელმაც მოსამართლეს დაკავებულის უფლებები ვერ განუმარტა, ალბათ ზედმეტ კომენტარს აღარ საჭიროებს თუ როგორი ხარისხით უნდა ველოდოთ ობიქტურობას… ამ ეტაპზე ერთი შემიძლია ვთქვა, ჩვენს მიერაც არის უამრავი ექსპერტიზა დანიშნული, კიდევ დავნიშნავთ, არაფერს ვიშურვებთ სიმართლის დასადგენად, გამოძიებაც ინტენსიურად მიმდინარეობს, თუმცა, ამ ფონზე მაინც შესამჩნევია გარკვეული სამიზნე ოჯახისადმი, რის მოგერიებასაც ვახერხებთ. რამდენიმე პირი შევთავაზეთ მოწმეთა სახით დასაკითხად, თუმცა დიდი აღფრთოვანება არ გამოუხატავთ, იმედია ყველას დაკითხავენ და ეს გამოძიების ინტერესშიც უნდა შედიოდეს. მათ მე ყელში ვადგავარ, ეშინიათ არ „დაიხრჩონ“… ამჯერად კითხვაზე ამომწურავად ვერ გიპასუხებთ, მოდით დაველოდოთ მოვლენათა განვითარებას, თუმცა გპირდებით, რომ ხუთშაბათს 19 საათზე, TV12-ისა და PSTV-ის პირდაპირ ეთერში ჩემს საავტორო გადაცემაში „ზღვარი“, საზოგადოებისათვის საინტერესო ბევრ მნიშვნელოვან საკითხზე ვისაუბრებ, ვისაუბრებ ბათუმის რაიონული პროკურატურის ერთ-ერთ თავხედ პროკურორზეც, რომელმაც ხასან ართმელაძეს ოჯახის წევრების თანდასწრებით საჯაროდ დედა აგინა…
ჯანო ქობულაძე