ამ რამდენიმე დღის წინ ერთი უჩვეულო ქორწილის შესახებ შევიტყვეთ და გადავწყვიტეთ ეს სიხარული ჩვენი გაზეთის მკითხველსაც გავუზიაროთ… ისტორიის გმირები ჩვენი თანამემამულე, აჭარის მამულიშვილთა საგვარეულო კავშირის თავმჯდომარის ნიაზ ბოლქვაძის ქალიშვილი შორენა ბოლქვაძე და სტამბოლში მცხოვრები ჩვენი თანამემამულე, ეროვნებით აფხაზი ისმაილ დილბერი.
ქართულ-აფხაზური გულისძგერა დიდი სიყვარულის მიზეზი გახდა, შორენამ და ისმაილმა ერთმანეთი სტამბოლში გაიცნეს და ოჯახის შექმნა გადაწყვიტეს. წინაპართა ტრადიციების პატივისმცემელი სასიძო, ყველა რიტუალის დაცვით, ქალიშვილის მშობლებისგან ნებართვის ასაღებად ბათუმში გამოემართა… ნიშნობის მაყრიონი ისმაილის დედა, ქალბატონი გოქჩე (ჯირიპა) დილბერი და თავად ისმაილი გახლდათ.
სიყვარულს დიდი ძალა აქვს, არც სასიძოს და არც მის მშვენიერ ოჯახს დაეწუნებოდა რაიმე, ამიტომ ბატონ ნიაზს ახალგაზრდების არჩევანისთვის ხელი არ შეუშლია, თუმცა, როგორც თავად გვიყვება, გადაწყვეტილების სისწორეში კიდევ ერთხელ მაშინ დარწმუნდა, როცა თავისი მძახლის, ქალბატონი გოქჩეს საკმაოდ ამაღელვებელი საუბარი მოისმინა:
– „რაც აფხაზებსა და ქართველებს შორის საქართველოში მოხდა, ეს ჩვენთვის ძალიან სამწუხარო ფაქტია, თუმცა თურქეთში მცხოვრებ ქართველებსა და აფხაზებს არ გვეხება. მე, როგორც აფხაზი მუჰაჯირების შთამომავალი, აქ, ნამდვილ აფხაზად და კავკასიელად ვგრძნობ თავს, ამიტომ, თუ ქართველი გოგონა ჩემი რძალი გახდება, ამით დიდად ბედნიერი ვიქნები. იმედი მაქვს, ჩვენი დამოყვრება ერთი პატარა ნაბიჯი იქნება იმისკენ, რომ მომავალში ქართველმა და აფხაზმა ძმებმა ისევ ერთად იცხოვრონ“…
აქ მარტო ბოლქვაძეებისა და დილბერების დიდი გვარების სამუდამო გაერთიანების საკითხი არ დამდგარა, აქ ორ მოძმე ერს – ქართველებსა და აფხაზებს შორის ქორწინების ტრადიციაც აღდგა, იქნებ ისტორიულიც და როგორც ქალბატონმა გოგჩემ ბრძანა, ერთი ნაბიჯიც გადაიდგა აფხაზი და ქართველი ძმების ერთობისაკენ. ჩვენ ხომ ქართულ – აფხაზური ქორწილები არ გვიკვირს, მაგრამ ისტორია რომ გამეორდა, სწორედ ესაა დიდი ბედნიერება.
ნიაზ ბოლქვაძემ 30 აპრილს ქალიშვილის ხელის სათხოვნელად სტამბოლიდან ბათუმში ჩამობრძანებული სტუმრები ბათუმის ბოტანიკურ ბაღში დაპატიჟა, სადაც მათ ამ ამბით უსაზღვროდ გახარებული მუზეუმ „მზიანი ღამის“ დამაარსებელი, მწერალი, ჟურნალისტი და საზოგადო მოღვაწე ბატონი ოთარ გაგუა ელოდებოდათ, ბატონმა ოთარმა ნამდვილი ქართული გულით დალოცა წყვილი და საპატარძლოს მზითვად „ვეფხისტყაოსანი“ გადასცა, შემდეგ ახალგაზრდებმა ბათუმში ილია ჭავჭავაძის ძეგლი ყვავილებით შეამკეს და მოყვრებმა სამახსოვრო ფოტოც გადაიღეს…
გადაწყდა, რომ ხელისმოწერის ცერემონიალი და ქოეწილი 10 მაისს სტამბოლში გაიმართებოდა. და აი, დადგა ეს ნანატრი დღეც, ქართული მაყრიონი თურქეთის მეგაპოლისს დიდი დღის – ქართულ – აფხაზური ქორწილის აღსანიშნავად ეწვია…
ამ ფაქტს აჭარაში მცხოვრებ აფხაზთა საზოგადოების უხუცესთა საბჭოს თავმჯდომარე, მწერალი ანზორ კუდბა ასე ეხმაურება: – მე ნიაზს ვიცნობ როგორც ჭეშმარიტ მამულიშვილს, ერუდირებულ და დიდად განსწავლულ ადამიანს. დანამდვილებით ვიცი, რომ ასეთ ადამიანს შვილებიც ღირსეული ეყოლება და ამაზე უკვე მსმენია კიდეც. და რაც ყველაზე მეტად მახარებს, ნიაზის ქალიშვილის გათხოვებაა თურქეთში მცხოვრებ აფხაზ ვაჟკაცზე. რაღა თქმა უნდა, აფხაზურ ოჯახში გაზრდილი ვაჟის შესვლა ბოლქვაძეთა ოჯახში სიძედ, ხოლო ქართველი ქალიშვილის რძლობა თურქეთში მცხოვრებ „ჩვენებური აფხაზების“ ოჯახში დიდი ბედნიერების მომტანი იქნება. მჯერა, რომ ახალგაზრდები დიდებულ, უპატიოსნეს, ღონიერ ოჯახს შექმნიან. ქართველისა და აფხაზის სისხლი, როგორც ხდებოდა წარსულში, დღესაც, ჩვენს დროშიც შეერთდება და სასიქადულო, საამაყო შთამომავლობას მოგვცემს. დამილოცნია ახალგაზრდა წყვილი, ბედნიერებას ვუსურვებ. დაე, ეს მაგალითიც ყოფილიყოს იმისა, რომ ქართველებსა და აფხაზებს შორის მხოლოდ მშვიდობა და სიყვარული სუფევდეს.
და, წერილის ბოლოს, გვსურს ბატონი ოთარ გაგუას მისალოცი ბარათის ტექსტიც შემოგთავაზოთ, რომელსაც რა თქმა უნდა მთელი არსებით ჩვენი მედიაჯგუფიც უერთდება!
„ოდითგან ასე მოგვდგამდა ქართველებს, პატარძალს მზითევად „ვეფხისტყაოსანს“ ვატანდით. ჩვენ ამ ტრადიციის ერთგულნი ვრჩებით და მშვენიერ შორენას დიდი შოთას ამ უკვდავ ქმნილებას გადავცემთ მეგზურად. ახალშექმნილ ოჯახს ვუსურვებთ: ნესტანისა და ტარიელის, თინათინისა და ავთანდილის ამაღლებულ სიყვარულს, სიბრძნეს, ერთგულებას, ოჯახურ მყუდროებას, საჭიროების შემთხვევაში თავგანწირვასაც. სიყვარული იყოს თქვენი თანამგზავრი იმ შორეულ და ურთულეს გზაზე, რომლის გავლაც მოგიწევთ!..“
რუსუდან თხილაიშვილი