მთავარი სტატიები ექსკლუზივი – შოკი, რომელზეც საქართველო ალაპარაკდა, ბერი იერონიმეს დედის კომენტარი

ექსკლუზივი – შოკი, რომელზეც საქართველო ალაპარაკდა, ბერი იერონიმეს დედის კომენტარი

3030
0

18 და 20 წლის ბიჭები, მათ შორის ერთი ქობულეთელი, საბერძნეთის წმინდა პეტრას მონასტერში დიდ სქემოსან ბერებად აღიკვეცნენ.
ქობულეთის #2 საჯარო სკოლის მე-12 კლასის მოსწავლე გიორგი ქათამაძე, ამიერიდან ბერი იერონიმე და 20 წლის, სასულიერო სემინარიის მე-2 კურსის სტუდენტი მათე შენგელია, ამიერიდან ბერი ირინეოსი, საქართველოდან ჯერ ნორვეგიაში, ნორვეგიიდან კი საბერძნეთში გაემგზავრენ, სადაც, წმინდა პეტრას მონასტერში მოღვაწე ბერმა არქიმანდრიტ დიონისემ (კოლუმბოკასმა) დიდ სქემოსან ბერებად აღკვეცა.
საქართველოს საპატრიარქომ აღნიშნულთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა, რომლის მიხედვითაც, ახალგაზრდების სქემოსან ბერად აღკვეცა საბერძნეთში მოღვაწე არქიმანდრიტ დიონისესგან წესების უხეში დარღვევა იყო. საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ განაცხადებაში ვკითხულობთ, რომ დიდ-სქემოსანმა ბერმა ირინეოსმა (იგივე მათე შენგელიამ) და დიდ-სქემოსანმა ბერმა იერონიმემ (იგივე გიორგი ქათამაძემ) არჩევანი თავად გააკეთეს და ისინი, ამიერიდან, საქართველოს ეკლესიის იურისდიქციას აღარ ექვემდებარებიან.
-`საქართველოს ეკლესიის მეთაურმა, შესაძლებელია, აღნიშნულის გამო თავის ბერძენ კოლეგას მიმართოს, თუმცა, მეტ კონკრეტულს, ამ დროისათვის ვერაფერს გეტყვით~, – აცხადებს საქართველოს საპატრიარქოს მდივანი მიქაელ ბოტკოველი.
ახალგაზრდებმა მათი ბერად აღკვეცის ამბავი ფეისბუქით გაავრცელეს. მათ მშობლებს ბოდიში მოუხადეს, რადგან აღნიშნული გადაწყვეტილება მათთან შეთანხმებისა და მათი კურთხევის გარეშე მიიღეს.
-„გამარჯობა, ჩემო საყვარელო, ჩემო კეთილო დედა! მაპატიე, რომ ვიმსახიობე პოლიტიკური თამაშები და როლები მოვირგე, რომ შევნიღბულიყავი დროებით, რათა ხელი არ შეგეშალათ ჩემს არჩევანში. მაპატიე ტყუილები, რითაც ნორვეგიაში წავედი, ხოლო შემდგომ საბერძნეთში და დაგიმალეთ ყველას. მე ჩემი არჩევანი რომ არ გამეკეთებინა, უთუოდ ცუდი რამ დატრიალდებოდა ჩვენს ოჯახში, რადგან უფალი მეძახდა და არ მივდიოდი მასთან. გიხაროდეს, დედა, გაუწყებ ჩემს ენით აღუწერელ სიხარულს, გიზიარებ ჩემ ბედნიერებას: შენი შვილი, შენი გიორგი, წმინდა პეტრას მონასტერში ბერად აღიკვეცა. გიხაროდეს, დედა! შენი რუდუნებით გაზრდილი, მრავალი იწროებითა და სიფრთხილით აღზრდილი ბიჭი, კვირაცხოვლობის წმინდა დღესასწაულზე ყოვლადმოწყალე უფალმა თავის ჯარისკაცად აკურთხა. დიდება შენდა, უფალო ჩვენო იესო ქრისტე,“ – წერს ბერი იერონიმე (გიორგი ქათამაძე).
ამ განცხადებებმა კითხვა გააჩინა, იყვნენ თუ არა აღნიშნულის შესახებ საქმის კურსში მათი სულიერი მამები და საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი. დასმულ შეკითხვაზე, ახლად-აღკვეცილმა ბერებმა უპასუხეს, რომ ილია მეორემ არათუ იცოდა აღნიშნულის შესახებ, არამედ მათ კურთხევაც მისცა. თუმცა, საპატრიარქო მის მიერ გავრცელებულ განცხადებაში საპირისპიროზე საუბრობს: „პირადი საუბრებით ვრცელდება ინფორმაცია იმის თაობაზეც, თითქოს ეს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ლოცვა-კურთხევით მოხდა, რაც რეალობას არ შეესაბამება“.
საეკლესიო ისტორიაში არსებობს ბევრი მაგალითი, როცა ადამიანის ბერად აღკვეცა კანონდარღვევით მოხდა და შემდეგ მოხდა მისი გაუქმება, ან მხოლოდ იმ იურისდიქციისთვის დაქვემდებარება, სადაც ის აღიკვეცა. ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ ეკლესიაში ეს ბიჭები ვერანაირ იერარქიულ საფეხურზე ვერ ამაღლდებიან და შესაბამისად, ისინი ვერანაირ საეკლესიო რიტუალს ვერ შეასრულებენ. აღნიშნულთან დაკავშირებით საქართველოს საპატრიარქოშიც აცხადებენ, რომ ისინი ჩვენთან ვერანაირ სასულიერო ხარისხს ვერ მიიღებენ და მხოლოდ საბერძნეთის იერარქიას ექვემდებარებიან.
„აჭარა P.S.“ კომენტარისთვის ბერი იერონიმეს (გიორგი ქათამაძის) დედას ნინელი კონცელიძე-ქათამაძეს დაუკავშირდა, რომელმაც ჩვენთან საუბარში აღნიშნა, რომ იცოდა, გიორგი ამ გზით წავიდოდა, მაგრამ თუ ასე ადრე გადაწყვეტდა, არ ეგონა, მისი სურვილი იყო ესწავლა და ამ გზას მერე დადგომოდა…
– ბევრი ეცადა პოლიტიკაში დამკვიდრებულიყო და ასაკის მიუხედავად ბევრ რამესაც მიაღწია, მაგრამ ჩაიხედა რა პოლიტიკის სიბინძურეში, მიხვდა, რომ იქ მას არაფერი ესაქმებოდა… რადგან ასე გადაწყვიტა, მივესალმები მის ნაბიჯს და ვლოცავ. როგორც გიორგიმ მითხრა, ისწავლის, ილოცებს ყველასთვის, ჩვენთვის, საქართველოსთვის… მაგან თუ ამხელა ჯვარი უნდა ატაროს, ნუღარ გავკიცხავთ, უფალმა ასე ინება და პატრიარქის კურთხევაც ჰქონდა იქ წასვლაზე. გიორგის წინასწარი ხილვებიც ჰქონდა, ამ ნიჭითაც არის დაჯილდოებული უფლისგან, როცა რაიმე საქმეა გადასაწყვეტი, შედეგი წინასწარ იცის. უკვე გავაცილეთ და გზა დავულოცეთ…

(წერილის სრული ვერსია გაზეთ „ჩემი ქობულეთის“ 24 მაისის ნომერში იხილეთ)
ლია გრძელიძე