„აჭარა P.S.“-ისა და ტელეკომპანია „ტვ12-აჭარას“ რედაქციას ბათუმში (ნინოშვილი/თავდადებულის ქ. #17 და ალექსანდრე სამსონიას ქ. #4) მცხოვრებთა ნაწილი დაუკავშირდა, მათ რედაქციისაგან კონფიდენციალურობის დაცვა ითხოვეს, რადგან ჯერ-ჯერობით არ სურთ მოხდეს ზარის ავტორთა იდენტიფიცირება სტატიაში ან სატელევიზიო სიუჟეტში.
აღნიშნულ ტერიტორიაზე 30-ზე მეტი მცხოვრებია, როგორც ისინი გვიყვებიან, ამ დროისთვის მათთან მოლაპარაკებებს ერთ-ერთი ქართული კომპანია აწარმოებს, (ამ ეტაპზე არც ამ კომპანიის სახელს ვასაჯაროებთ), თუმცა მოსახლეობის ნაწილი თავიანთი საცხოვრებლის დანგრევას და ახლის მშენებლობას კატეგორიულად ეწინააღმდეგება.
როგორც, ჩვენს კორესპონდენტთან საუბარში აღნიშნულ ტერიტორიაზე მცხოვრები ერთ-ერთ ადგილობრივი მოქალაქე აცხადებს, მათთვის მიუღებელია ისტორიული ძეგლების დანგრევა და ახალი მრავალფუნქციური საცხოვრებლის მშენებლობა.
-„ჩვენი ოჯახი ამ ტერიტორიაზე უკვე წლებია ცხოვრობს, აქ ჩვენ დავიბადეთ და გავიზარდეთ, ჩვენთვისაც და ნაწილი მეზობლებისთვისაც მიუღებელია ამ ტერიტორიაზე მაღალსართულიანი კორპუსის მშენებლობა, ვინაიდან აქაური ტერიტორია გარშემორტყმულია ისტორიული ძეგლის სტატუსის მქონე საცხოვრებელი სახლებით.
– გასაგებია, რომ ინვესტორს თავისი ინტერესები აქვს, მაგრამ არა ჩვენს და ასეთი მნიშვნელოვანი შენობების ხარჯზე, ჩვენ ვცხოვრობთ ბულვარის პირველ ზოლში და ყოვლად წარმოუდგენლად მიგვაჩნია სხვა ტერიტორიაზე გადასახლება ან რაიმე თანხის აღება ჩვენი საცხოვრებლის სანაცვლოდ“, – აცხადებენ ადგილობრივი მცხოვრებლები.
ჩვენს მიერ გადამოწმებული ინფორმაციით დგინდება, რომ აღნიშნულ ტერიტორიაზე ბათუმის მერიას რაიმე სახის მშენებლობის ნებართვა არ აქვს გაცემული.
ასევე ირკვევა, რომ აღნიშნულ ტერიტორიაზე ძეგლის სტატუსის მქონე 6 შენობაა, რომელთა რეაბილიტაცია სახელმწიფომ რამდენიმე წლის წინ განახორციელა.
აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოში აცხადებენ, რომ აღნიშნულ ტერიტორიაზე ძეგლის სტატუსის ცვლილებაზე ან რაიმე პროექტის მშენებლობაზე შეთანხმება სააგენტოს არ აქვს გაცემული.