მთავარი ვიდეორეპორტაჟი საზოგადოება ზურაბ პატარაძე „აზიის განვითარების ბანკი“-ს წარმომადგენლებს შეხვდა

ზურაბ პატარაძე „აზიის განვითარების ბანკი“-ს წარმომადგენლებს შეხვდა

181
0

ზურაბ პატარაძისა და აზიის განვითარების ბანკის წარმომადგენელთა შეხვედრა 11-12 სექტემბერს ქ. ბათუმში დაგეგმილ ენერგოინვესტიციის ფორუმს შეეხებოდა, რომელიც CAREC-ის პროგრამის ფარგლებში უნდა გაიმართოს. ფორუმის მოსამზადებელი სამუშაოები, ასევე საპილოტე საინვესტიციო პროექტები – ეს ის საკითხებია, რომლებიც დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე განიხილეს. ზურაბ პატარაძემ მადლობა გადაუხადა ბანკის წარმომადგენლებს მხარდაჭერისა და ნდობისთვის, რომელსაც აზიის განვითარების ბანკი საქართველოში მიმდინარე რეფორმების მიმართ იჩენს. აზიის განვითარების ბანკი საქართველოს ერთ-ერთი უმსხვილესი ფინანსური პარტნიორია, რომელსაც 2007 წლიდან 2017 წლის ჩათვლით 2,4 მილიარდი აშშ დოლარის პროექტები აქვს განხორციელებული ქვეყნის განვითარების ხელშეწყობისთვის. საქართველოსთან თანამშრომლობის სტრატეგიის შესაბამისად, ბანკის საქმიანობის პრიორიტეტულ სექტორებს წარმოადგენს გზების, ენერგო სექტორის, წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემების ინფრასტრუქტურა და მომსახურება, საჯარო სექტორის მართვა, კერძო სექტორის განვითარება, ფინანსური სექტორის გაღრმავება და ა.შ. შეხვედრაზე მხარეებმა ის პროექტებიც განიხილეს, რომლებსაც აზიის განვითარების ბანკი აფინანსებს რეგიონში. აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ აზიის ბანკის წარმომადგენლებს რეგიონში მიმდინარე და დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. ზურაბ პატარაძემ, ასევე, ისაუბრა იმ მნიშვნელოვან და მასშტაბურ კონფერენციებსა და ფორუმებზე, რომლებსაც ჩვენმა რეგიონმა უმასპინძლა უკანასკნელი წლების განმავლობაში და მზაობა გამოთქვა 11-12 სექტემბერს ბათუმში დაგეგმილი ენერგოინვესტიციის ფორუმის საორგანიზაციო საკითხებში ჩართულობაზე. „მზად ვართ ვუმასპინძლოთ მესამე საერთაშორისო ფორუმს ჩვენს რეგიონში და ფორუმის სტუმრებს გავაცნოთ ჩვენი რეგიონის როგორც ისტორია და კულტურა, ასევე საინვესტიციო პოტენციალი, ჩვენი ხედვები ენერგეტიკის თუ ენერგოეფექტურობის მიმართულებით. ასევე მზადა ვართ განვიხილოთ თქვენს მიერ შემოთავაზებული სხვადასხვა პროექტი თუ შემოთავაზება“ – აღნიშნა ზურაბ პატარაძემ. თავის მხრივ სოჰაილ ჰასნიმ მადლობა გადაუხადა აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს მიღებისა და ფორუმის საორგანიზაციო საკითხებში ჩართულობისთვის. „ისლამაბადისა და ასტანის შემდეგ ბათუმი მესამე ქალაქი იქნება, რომელიც ამ მასშტაბურ ფორუმს უმასპინძლებს. ფორუმი 4 მიმართულებით იმუშავებს: მზის ენერგია, ენერგო-ეფექტურობა, ელექტრო ავტომობილები და ელექტრო ელემენტების განვითარება. დარწმუნებული ვარ, ფორუმი მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ენერგო სექტორის განვითარებას და უპასუხებს იმ გამოწვევებს, რომლებიც დარგის წინაშე დგას“ – განაცხადა სოჰაილ ჰასნიმ. აჭარის ა.რ. მთავრობაში გამართულ შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ ABD-ს ენერგო ფინანსების სპეციალისტი კაზუტო მურაგუჩი, საქართველოში CAREC-ის პროგრამის რეგიონალური კოორდინატორი ეკატერინე კოროშინაძე, ასევე, ქალაქ ბათუმის მერი ლაშა კომახიძე და აჭარის ა.რ. ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი რამაზ ბოლქვაძე.