აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრ რამაზ ბოლქვაძესთან ერთად „რედ ბულის“ საჰაერო რბოლის მსოფლიო ჩემპიონატის გენერალურ დირექტორს ერიხ ვოლფს შეხვდა. შეხვედრას ქალაქის მერი გიორგი ერმაკოვი, „რედ ბულის“ საჰაერო რბოლის ფინანსური დირექტორი და ბიზნეს პარტნიორები ესწრებოდნენ.
გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე მთავრობის თავმჯდომარემ სტუმრებს რეგიონის ტურისტული პოტენციალი და საინვესტიციო გარემო გააცნო. ერიხ ვულფმა „რედ ბულის“ საჰაერო რბოლის მსოფლიო ჩემპიონატის შესახებ პრეზენტაცია წარმოადგინა. მხარეებმა ამ ჩემპიონატის ბათუმში გამართვის შესაძლებლობა განიხილეს.
„რედ ბულის“ საჰაერო რბოლა მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე სანახაობრივი საჰაერო რბოლის მოტოსპორტის ღონისძიებაა. 2003 წელს დაარსებულმა ორგანიზაციამ პირველი ჩემპიონატი 2005 წელს გამართა, ხოლო 2014 წლიდან კი „რედ ბულის“ საჰაერო რბოლის ახალი ეტაპი დაიწყო. განახლდა თვითმფრინავების ძრავები, დაინერგა ახალი წესები და რეგულაციები, რომლითაც პილოტის უნარ-ჩვევებზე უფრო მეტი აქცენტი კეთდებოდა.
ღონისძიება აღიარებულია საერთაშორისო საავიაციო ფედერაციის (მსოფლიო საჰაერო სპორტის ფედერაცია) მიერ, რომელიც “რედ ბულის” საჰაერო რბოლის მსოფლიო ჩემპიონატის ხელმძღვანელ ორგანოს წარმოადგენს.
“რედ ბულის” საჰაერო რბოლაში მონაწილეობას მსოფლიოს 14 საუკეთესო პილოტი იღებს, რომლებმაც დროის უმოკლეს ვადაში და ნაკლები შეცდომებით გასაბერი პილონებით მოწყობილი სარბოლო ტრასა (370 კმ) უნდა დაფარონ.
მიმდინარე წელს “რედ ბულის” საჰაერო რბოლა აბუ დაბიში (არაბთა გაერთიანებული საამიროები) და სანდიეგოში (აშშ) გაიმართა. 2017 წელს ღონისძიების ჩატარება ქალაქ ჩიბაში (იაპონია), ბუდაპეშტში (უნგრეთი), ყაზანში (რუსეთი), პორტოში (პორტუგალია), ლაუზიცში (გერმანია) და ინდიანაპოლისში (აშშ) არის დაგეგმილი.