მთავარი ვიდეორეპორტაჟი სოფლის მეურნეობა თანამშრომლობა „დანერგე მომავლის“ ფარგლებში

თანამშრომლობა „დანერგე მომავლის“ ფარგლებში

1049
0

კენკროვანი კულტურების და კონკრეტულ შემთხვევაში, მოცვის, გაშენების მასშტაბებისა და საექსპორტო პოტენციალის გაზრდის მიზნით, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ ინიცირებული პროექტის, „დანერგე მომავლის“ ფარგლებში, კომპანიები „საინვესტიციო ტექნოლოგიის ცენტრი“ (დირექტორი – ლელა კაკაჩია) და „საქართველოს აგრარული გაერთიანება“ (დირექტორი – ვალერ გორგიშელი) ქართველ ფერმერებს ამერიკაში გამოყვანილ, ვირუსისგან თავისუფალ, მაღალმოსავლიანობით გამორჩეულ ლურჯი მოცვის და სხვა კენკროვანი კულტურების ნერგებს სთავაზობენ.
კომპანიებს შორის უკვე გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, რომლის თანახმადაც ისინი საერთო ძალებით იზრუნებენ ლურჯი მოცვის სხვადასხვა ჯიშის ამერიკიდან იმპორტსა და ფერმერებისათვის ყველა საჭირო მომსახურების გაწევაზე. ხელშეკრულების ფარგლებში, „საინვესტიციო ტექნოლოგიის ცენტრი“ იღებს ვალდებულებას, ხელი შეუწყოს დაინტერესებული პირების ინფორმირებას და სარგავი მასალის გავრცელებას დასავლეთ საქართველოში. გარდა ამისა, კომპანია საკუთარი შესაძლებლობების ფარგლებში უზრუნველყოფს გაცნობითი ხასიათის შეხვედრების ორგანიზებას.
თავის მხრივ, „საქართველოს აგრარულ გაერთიანებას“ ეკისრება პასუხისმგებლობა, უზრუნველყოს კომპანია კვალიფიციური კონსულტაციებით და მიაწოდოს მომხმარებელს სათანადო ხარისხის პროდუქცია.
პროექტის ფარგლებში ხელმისაწვდომი მოცვის ჯიშები ფართოდაა ცნობილი მსოფლიოს მასშტაბით ლურჯი მოცვის მწარმოებლებში.
ორივე კომპანია – „საინვესტიციო ტექნოლოგიის ცენტრი“ (Georgia Investment Technology Center LTD) და საქართველოს აგრალური გაერთიანება (GAU) თითოეულ ბენეფიციარს ნერგების შეკვეთის შემთხვევაში სთავაზობს წინასწარ ხელშეკრულებას, რომლის საფუძველზეც იღებს პასუხისმგებლობას, უზრუნველყოფს პროდუქტის რეალიზაციას (რაც მეწარმეებისათვის ხშირად სირთულეებთანაა დაკავშირებული) და მოსავლის შეძენას საბაზრო ფასში.
სამმხრივი ხელშეკრულების გაფორმება მომხმარებელსა და კომპანიებს შორის შესაძლებელია არამარტო ამერიკულ, არამედ ადგილობრივ მოცვის ნერგებზეც. ხელშეკრულება ფორმდება შეთანხმების მიღწევის დღიდან და ფერმერს აძლევს მოსავლის რეალიზაციის სრულ გარანტიას.
გარდა ამისა, მოსავლის მიღებამდე, ისინი თითოეულ მომხმარებელს სთავაზობენ მოცვის პლანტაციის მოვლასთან დაკავშირებულ სრულ მომსახურებას, უმაღლესი ხარისხის სასუქისა და შესაწამლი ნივთიერებების მიწოდებას შეღავათიან ფასად და უფასო კონსულტაციებს.
ამერიკული მოცვის ნერგების შეძენის სურვილის შემთხვევაში, ბენეფიციარმა სათანადო ინვოისი უნდა წარუდგინოს პროექტ “დანერგე მომავალის“ კოორდინატორებს, რის შემდეგაც შეკვეთა გადაეცემა „საინვესტიციო ტექნოლოგიის ცენტრს“ და მათი მოთხოვნის საფუძველზე პროდუქტის შემოტანა ხდება ამერიკიდან, „საქართველოს აგრალური გაერთიანების“ მიერ.