ბათუმის ბულვარში, ნინოს და ალის მიმდებარე ტერიტორიაზე თევზისა და ზღვის პროდუქტების ფესტივალი 2018 გაიმართა. ღონისძიბა აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრმა ავთანდილ მესხიძემ გახსნა. როგორც მან აღნიშნა: თევზისა და ზღვის პროდუქტების ფესტივალს ისტორიული თვალსაზრისით, საკმაოდ სიმბოლური დატვირთვა აქვს. ამასთანავე, ფესტივალის მიზანია ხელი შეუწყოს ჩვენს რეგიონში დარგის პოპულარიზაციას, რადგან მეთევზეობა და აკვაკულტურის განვითარება ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. ფესტივალი დატვირთული იყო როგორც კულინარიული, ისე თევზმოშენების, თევზის კვებითი ღირებულების, სპორტული და სამოყვარულო თევზჭერის მასტერკლასებით და სხვა საინტერესო თემატიკით. ღონისძიებაში მონაწილეობას ღებულობდნენ როგორც ფერმერული მეურნეობები, ასევე თევზისა და ზღვის პროდუქტების რეალიზაციაში მონაწილე ფიზიკური პირები, რესტორნები, პროფესიული სასწავლო კოლეჯები და სხვა. ფესტივალის მხარდამჭერები იყვნენ აჭარის მთავრობა, აჭარის სოფლის მეურნეობის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროები, აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი, ქ. ბათუმის მერია, საქართველოს სასოფლო სამეურნეო კოოპერატივების სააგენტო, ბათუმის მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლე. ფესტივალი ორგანული აკვაკულტურის განვითარების ასოციაცია ,,ფორეჯის“ მიერ ჩატარდა და ამიერიდან, ის ყოველწლიურ სახეს მიიღებს – მონაცვლეობით ჩატარდება ბზობისა და ხარების დღესასწაულებზე.