ქართველ მეზღვაურთა ყველაზე მსხვილმა დამსაქმებელმა კომპანიამ Columbia Shipment Group-მა ბათუმში სამუშაო შეხვედრა გამართა. შეხვედრაზე შეკრებილ მაღალი რანგის მეზღვაურებს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე მიესალმა. რეგიონის მეთაურმა ყურადღება გაამახვილა საზღვაო სფეროს მნიშვნელობაზე და მეზღვაურთა როლზე რეგიონისა და ქვეყნის ეკონომიკის განვითარების საქმეში. თორნიკე რიჟვაძემ მადლობა გადაუხადა Columbia Shipment Group-ის ხელმძღვანელ პირებს მხარდაჭერისა და თანამშრომლობისთვის, რომელსაც ქართველი მეზღვაურების საზღვაო პრაქტიკისა და დასაქმების კუთხით იჩენენ. ,,აჭარის მთავრობა მაქსიმალურად უწყობს ხელს საზღვაო დარგში განათლების ხელმისაწვდომობის გაზრდას, საზღვაო აკადემიის მატერიალურ-ტექნიკური ბაზის გაუმჯობესებას. დღეს, შეიძლება ითქვას, მეზღვაურის პროფესია ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული და მიმზიდველია ჩვენი რეგიონის ახალგზარდებისთვის. არანაკლებ მნიშვნელოვანია განათლების შემდგომი ეტაპი – საზღვაო პრაქტიკა და დასაქმება, რა მიმართულებითაც გვყავს ისეთი განსაკუთრებული და ერთგული პარტნიორი, როგორიცაა Columbia Shipment Group-ი. მჯერა, თანამშრომლობა, რომელიც მსოფლიოში ამ უმსხვილეს კომპანიას სახელმწიფო ინსტიტუციებთან და საგანმანათლებლო სექტორთან აკავშირებს, მომავალში იქნება კიდევ უფრო წარმატებული და ნაყოფიერი“- აღნიშნა თორნიკე რიჟვაძემ. მსოფლიოში ცნობილი გემების მენეჯმენტის კომპანია Columbia Shipment Group 1999 წლიდან ქართველი მეზღვაურების ყველაზე მსხვილი დამსაქმებელია.