აჭარის ა.რ. მთავრობა ფლობს რა სრულ ინფორმაციას საქართველო-თურქეთის რესპუბლიკის საზღვრის სარფის საბაჟო-გამშვებ პუნქტზე შექმნილი ვითარების შესახებ, კიდევ ერთხელ განმარტავს და ხაზს უსვამს, რომ შექმნილი შეფერხებები გამოწვეულია მხოლოდ და მხოლოდ თურქეთის მხარეს საბაჟოზე მიმდინარე სარემონტო სამუშაოების გამო. აღნიშნული სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოები, სამწუხაროდ, კიდევ ერთხელ გახდა მოქალაქეთა გადაადგილების შეფერხების მიზეზი, რაც განსაკუთრებით საგრძნობი ხდება შაბათ-კვირის დღეებში საქართველოში შემომსვლელთა გაზრდილი ნაკადის გამო.
თურქეთის მხარეს საბაჟო-გამშვებ პუნქტზე სარემონტო სამუშაოები უკვე რამდენიმე თვეა მიმდინარეობს და ამის შესახებ არაერთხელ იქნა აღნიშნული მასმედიის სხვადასხვა საშუალებით. რაც შეეხება სარფის საბაჟო-გამშვებ პუნქტზე საქართველოს მხარეს არსებულ ვითარებას, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მოწოდებული ინფორმაციით, მოქალაქეები შეუფერხებლად გადაადგილდებიან.