ისტორია, რომელზეც წინამდებარე წერილში უნდა გიამბოთ, არც ლეგენდაა და მით უმეტეს, არც რომელიმე ტელესერიალის სიუჟეტი. ისტორიის გმირი მართალია, პროფესიით მსახიობი-დოკუმენტალისტია, მაგრამ სრულიად რეალური პიროვნება გახლავთ.
ნანა შრიერი – საქართველოსთვის ეს სახელი და გვარი იქნებ არაფერს ამბობს, თუმცა მას კარგად იცნობენ შორეულ ისრაელში არა მარტო როგორც წარმატებულ მსახიობს, არამედ თელავივის ერთ ერთ პრესტიჟულ უბანში მდებარე – ასევე პრესტიჟული რესტორანის მფლობელს… როგორც ნანა გვიამბობს, მას ხუთიოდ წლის წინ გაუგია, რომ წარმოშობით ქართველია და მის ბიოლოგიურ დედას ქობულეთში ეროვნებით ებრაელ ცოლ-ქმარზე გაუშვილებია…
ნანა შრიერი (ცოციაშვილი): – ბევრ ხალხს შევეკითხე, ბიძას, დეიდას, ბიძაშვილებს თუ როგორ მოხდა ჩემი გაშვილება. ძალიან ბევრმა მითხრა, რომ ეს ქობულეთში მოხდა, იყო ერთი რუსი ქალბატონი, რომელმაც გამაჩინა და ნაცნობებს უთხრა, რომ ამ ბავშვის გაზრდა არ შემიძლიაო… და გადამცა ებრაელების ოჯახს, საიდანაც გადამცეს გამზრდელ მშობლებს ალიოშა და რაია ცოციაშვილებს.
საბუთების მიხედვით ნანა 1968 წლის თებერვალ-აპრილში საქართველოშია დაბადებული. ახლობლების გადმოცემით, მისი ბიოლოგიური მამა – ქართველი, ხოლო დედა წარმოშობით რუსი გახლდათ, რომელთაც გაჩენიდან რამდენიმე დღეში ახალშობილი გადასცეს ქობულეთში, ლენინის (ამჟამად აღმაშენებელის) ქუჩა #6-ში მიშა და მანია კაკიაშვილებთან სტუმრად მყოფ ლუბა და შაბთაი კაკიაშვილებს.
ნანა შრიერი (ცოციაშვილი): – ქობულეთში ჩამოვდივარ და ვეძებ, იქნებ ვიღაცამ გაიგო, იცის, ახსოვს რა მოხდა… ვინ იყო ის ქალი… ერთი ახლობელისგან ვიცი, რომ ეს ყველაფერი ქობულეთში, მაშინდელ ლენინის ქ.#6-ში მოხდა, ახლა აღმაშენებელი ჰქვია ამ ქუჩას.
ასე აღმოჩნდა გაშვილებული ახალშობილი ტყიბულში, ოქტომბრის ქ.#7-ში მცხოვრები რაია და ალიოშა ცოციაშვილების ოჯახში, სადაც იგი ორწლინახევრის ასაკამდე იზრდებოდა. 1970 წელს მისი გამზრდელი დედა – რაია ცოციაშვილი ავტოსაგზაო შემთხვევის დროს ტრაგიკულად დაიღუპა და პატარა ნანა აღსაზრდელად საჩხერეში, ბებია-ბაბუის – რახელ და სიმონ ცოციაშვილების ოჯახში გაამწესეს.
ნანა შრიერი (ცოციაშვილი): – დედა ორი წლის ასაკში დავკარგე, იგი ავტომანქანამ გაიტანა, როგორც ვიცი „ვოლგა“ იყო. გავიზარდე უდედოდ და ამიტომაც მთელი ცხოვრება გულში სულ დედაზე ვფიქრობდი… ერთხელაც ახლობელთან მივედი და დედის ირგვლივ ძველი ამბების მოყოლა ვთხოვე, იქნებ სურათები ან მეტი ინფორმაცია მომაწოდოს მეთქი და რა… მაშინ გამიმხილეს, რომ ნაშვილები ვიყავი და ავარიისას დაღუპული რაია ცოციაშვილი ჩემი ბიოლოგიური დედა არ ყოფილა… ძალიან გამიკვირდა, ამხელა გავიზარდე და ამდენი წლის მანძილზე ეს ამბავი ჩემთან როგორ არავის წამოცდენია მეთქი.
1972 წლიდან ცოციაშვილების ოჯახი საცხოვრებლად ისრაელში მიემგზავრება, ბუნებრივია, უკვე თითქმის 5 წლის ნანაც ისრაელის მკვიდრი ხდება და მას მშობლიურ საქართველოსთან სამუდამოდ უხდება განშორება. ის დღემდე თელავივში ცხოვრობს, არც წარმატება აკლია, არც სახელი და დიდება, მაგრამ აკლია უმთავრესი – სამშობლო… გრძნობს, რომ ებრაელი ხალხის აღზრდილი გენით ქართველია, დედით – რუსი და მისი სუნთქვა თუ მაჯისცემა სულ სხვაგვარია…
ნანა შრიერი (ცოციაშვილი): – მთელი ცხოვრება ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს ამ ოჯახის სრულფასოვანი წევრი არ ვყოფილვარ, გული ყოველთვის საქართველოსკენ მომიწევდა, სულით, გულით სულ აქ ვიყავი… ქართული მუსიკისაკენ ლტოლვა, განსხვავებული სუნთქვა, ქცევები, მუდამ იმის შეგრძნებას ტოვებდა ჩემში, რომ სხვისი ვიყავი…
დაბადების მოწმობისა და შესაბამისად საპასპორტო მონაცემების მიხედვით ნანა 1968 წლის 15 აპრილსაა დაბადებული, თუმცა, აქვს გარკვეული ინფორმაცია, რომ ეს თარიღი შეცვლილია და ის დაახლოებით ამავე წლის თებერვალში უნდა იყოს დაბადებული. მას ხელთ გააჩნია ქობულეთის სამშობიარო სახლის 1968 წლის მარტ-აპრილის მშობიარეთა ჩანაწერები, მაგრამ ეს დოკუმენტი მისთვის საიმედოს ვერაფერს ამბობს. 2013 წელს, როცა სამშობიარო სახლის რეორგანიზაცია-ოპტიმიზაცია განხორციელდა, დოკუმენტები ქობულეთის არქივს გადაეცა, სადაც 1970 წლის იქით, ყველა საბუთი განადგურებულია.
ნანა შრიერი (ცოციაშვილი): – მგონია, რომ უნდა არსებობდნენ ისეთი ადამიანები, რომლებმაც გაიგეს ჩემი ისტორია და რაღაც მაინც იციან ამის შესახებ… ან სულაც იციან ვინ იყო დედაჩემი ან თუნდაც მამა, ან იქნებ არიან ქალბატონები, რომლებმაც იმშობიარეს 1968 წლის თებერვალში და რაღაცის გახსენება შეუძლიათ. ჩემთვის ნებისმიერი ინფორმაცია მნიშვნელოვანი და ყურადსაღებია, რადგან რაც დრო გადის, ძველი თაობის ადამინები ამ ქვეყნიდან მიდიან და შეიძლება ეს სიმართლეც თან წაიღონ…
ეს ნანას უკანასკნელი იმედია, მან გაზეთ „ჩემი ქობულეთის“ საშუალებით მიაწვდინა ხმა ფართო საზოგადოებას და უამრავი გამოხმაურება მიიღო. ქობულეთელთა ზარებმა ბიოლოგიური დედის პოვნით გულანთებული ქალი უკვე მერამდენედ ქობულეთში ჩამოიყვანა…
ნანა შრიერი (ცოციაშვილი): – ბევრი მეუბნება, რა გინდა, მშობლები გყავდა, ისრაელში ცხოვრობ, ებრაელებმა გაგზარდეს, საკმაოდ წარმატებული ხარ, დაანებე თავი ამ ამბავს და ცხოვრება გაიხალისეო, მაგრამ არაფრით არ შემიძლია მოვეშვა ამ საქმეს, რადგან ვფიქრობ, რომ ადამიანმა უნდა იცოდეს სიმართლე… იქნებ მწარე სიმართლეც, მაგრამ მაინც სიმართლემ უნდა გაიმარჯვოს. ამიტომაც ვცდილობ ყველაფერი გავაკეთო იმისათვის, რომ დედა ვიპოვო…
სიმართლე კი იგვიანებს, ამიტომ ნანას მის საპოვნელად ისევ და ისევ საზოგადოების იმედი აქვს და ჩვენს მკითხველს მხარდაჭერას სთხოვს.
ნანა შრიერი (ცოციაშვილი): – ძალიან, ძალიან მინდა, სანამ დედა ცოცხალია და თუ კი არის ცოცხალი, სანამ მეც ახალგაზრდა ვარ და შეძლება მაქვს, დარჩენილი წლები მაინც გვქონდეს ურთიერთობა, იქნებ ისიც მეძებს, იქნებ სულაც არა, მაგრამ მაინც მინდა, რომ ერთხელ დავინახო, გულში ჩავიკრა და ვიცოდე რა მოხდა. იქნებ ძმა მყავს, ეგებ და, ესეც ხომ შეიძლება… გულში მაქვს, რომ ჩემი ბიოლოგიური დედა სადღაც არის და მელოდება… შეიძლება ნანობს, შეიძლება უნდა ჩემი ნახვა, მაგრამ ერიდება, თუ არ ნანობს და ერიდება, კიდევ უფრო კარგი, ოღონდაც ყველაფერი გავიგო და დავასრულო ეს ამბავი. ამიტომაც გეხვეწებით, გულთან ახლოს მიიტანოთ ეს საქმე და დამეხმაროთ, ნებისმიერი ინფორმაციის არსებობის შემთხვევაში დამიკავშირდით, იქნებ სწორედ თქვენ იყოთ ის ადამიანი, ვინც დედა-შვილობის მადლს მოისხამს და ჩემს ცხოვრებას ახალ სუნთქვას შთაბერავს.
ჩვენც გვინდა ვირწმუნოთ, რომ ეს ისტორია კეთილი ზღაპრების მსგავსად, აუცილებლად კეთილად დასრულდება. გთხოვთ, ყველას,
გულთან ახლოს მიიტანოთ წერილის გმირის ნაამბობი და თუ ვინმესთვის ოდნავ მაინც ნაცნობია ეს ისტორია, აუცილებლად გამოეხმაუროთ შემდეგ კოორდინატებზე: +972 52 321 89 21;
E-mail: nana.shrier@gmail.com
ჯემალ მეგრელიძე
https://youtu.be/otCfwOevgNI