მთავარი ვიდეორეპორტაჟი განათლება, მეცნიერება, კულტურა, სპორტი კაპრეშუმის ახალი სკოლის მშენებლობა მიმდინარეობს

კაპრეშუმის ახალი სკოლის მშენებლობა მიმდინარეობს

314
0

მიმდინარე წლის თებერვლის თვეში საძირკველი ჩაეყრა და დაიწყო კაპრეშუმის საჯარო სკოლის მშენებლობა. დღეს აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე მირიან ქათამაძე სამინისტროს კონტროლის განმახორციელებელ ჯგუფთან ერთად სამშენებლო სამუშაოების მიმდინარეობას ადგილზე გაეცნო. ამ ეტაპზე დასრულებულია საძირკვლის სამუშაოები, სრულდება პირველი სართულის კონსტრუქციისა და კედლების სამუშაოები, რის შედეგადაც მოეწყობა პირველი სართულის გადახურვის ფილა. „სამინისტროსთვის მნიშვნელოვანია შესრულებული სამუშაოების მაღალი ხარისხი და პროექტით გათვალისწინებული ვადების დაცვა. ამ მიზნით მიმდინარეობს მშენებლობის პროცესის მუდმივი მონიტორინგი. სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს გრაფიკის შესაბამისად. მშენებლობა დასრულდება ნოემბრის თვეში, რის შემდეგაც კაპრეშუმის საჯარო სკოლის მოსწავლეები ახალ, თანამედროვე სტანდარტების შესაბამის სკოლაში გააგრძელებენ სასწავლო პროცესს“- აღნიშნა მირიან ქათამაძემ. პროექტის მიხედვით სოფელ კაპრეშუმში აშენდება ორსართულიანი სკოლა, რომელსაც ექნება ცენტრალიზებული გათბობა, სასწავლო ლაბორატორია, ბიბლიოთეკა, კომპიუტერული კლასი, ექიმის კაბინეტი და ღია სპორტული მოედანი. სკოლა ასევე, ადაპტირებული იქნება სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებისათვის. კაპრეშუმის საჯარო სკოლა გათვლილია 300 მოსწავლეზე. სკოლის დირექტორის იამზე თურმანიძის განმარტებით სკოლაში 91 მოსწავლე სწავლობს, მათი რიცხვი ყოველწლიურად იკლებდა. დირექტორი მიესალმება ახალი სკოლის მშენებლობას და იმედს გამოთქვამს, რომ ყველა ის მოსწავლე, ვინც ცუდი სასწავლო პირობების გამო სკოლა დატოვა, აუცილებლად დაბრუნდება და ახალ, თანამედროვედ აღჭურვილ სკოლაში გააგრძელებს სწავლას. სამშენებლო სამუშაოებს ახორციელებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს „ლადა“. სამუშაოების ღირებულება შეადგენს 911 002 ლარს. სამინისტროს მიერ შესრულებული სამუშაოების მიღება და ანაზღაურება ხდება ეტაპობრივად ტექნიკური ზედამხედველისა და სპეციალისტების დადასტურების შემდეგ. აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს პროგრამის ფარგლებში მიმდინარე წელს განხორციელდება 35 ინფრასტრუქტურული პროექტი, რისთვისაც ბიუჯეტიდან გამოყოფილია 6 მილიონ ლარზე მეტი.