დღეს ბათუმის მერი ლაშა კომახიძე და საკრებულოს თავმჯდომარე სულიკო თებიძე დახურულ კარს მიღმა „ქართული მარშის“ წევრებს ბათუმში დავით აღმაშენებლის ძეგლის დადგმის საკითხზე სასაუბროდ შეხვდნენ. შეხვედრის წინ მცირე ინციდენტი უძღვოდა, მარშის წევრები საკრებულოს სხდომაზე დასწრებას ითხოვდნენ, თუმცა საბოლოოდ მხარეები დახურულ კარს მიღმა შეხვედრაზე შეთანხმდნენ.
შეგახსენებთ, მოძრაობის წევრებმა რამდენიმე დღის წინ გაავრცელეს ინფორმაცია, რომ ბათუმის საკრებულო ქალაქში დავით აღმაშენებელის ძეგლის დადგმის წინააღმდეგი იყო. „ქართული მარშის წევრებს“ საკრებულომ წერილობით უპასუხა და აღნიშნა, რომ „ქართული მარშის“ განცხადება საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობაა. როგორც მუნიციპალიტეტის მიერ გაცემულ პასუხში ვკითხულობთ, ქართული მარშის მოთხოვნა საკრებულოში 2018 წლის ბიუჯეტის განსაზღვრის შემდეგ შევიდა, რის გამოც ბიუჯეტში ძეგლის დადგმის ხარჯებს ვეღარ გაითვალისწინებდნენ. პასუხმა ქართული მარშის წევრების უკმაყოფილება გამოიწვია.
დღეს შეხვედრის დასრულების შემდეგ „ქართული მარშის“ ერთ-ერთმა ლიდერმა განაცხადა, რომ ბათუმში მალე დავით აღმაშენებლის ძეგლი დაიდგმებ.
„ბათუმის მერია, საკრებულო და ჩვენ ერთ პოზიციაზე აღმოვჩნდით. უახლოეს მომავალში კონკურსი გამოცხადდება, შეარჩევენ შესაბამის ადგილსაც და ზღვისპირა ქალაქში დავით აღმაშენებლის ძეგლი აღიმართება“-განაცხადა სანდრო ბრეგვაძემ.
ლაშა კომახიძის განცხადებით, მხოლოდ კომუნიკაციის პრობლემა იყო და ეს საკითხი საკამათო არ უნდა გამხდარიყო.