მთავარი ინტერვიუ „მადლობას ვწირავ უფალს იმისათვის, რაც გამაჩნია“!..

„მადლობას ვწირავ უფალს იმისათვის, რაც გამაჩნია“!..

490
0

კიდევ ერთი „რჩეული ქობულეთელი“, რომელმაც პროექტში წარმატება მოიპოვა, ყველასთვის კარგად ნაცნობი პიროვნება ნოდარ კაიკაციშვილი გახლავთ. ჩვენი მორიგი გმირი პროფესიით მეტყევეა, თბილისის სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის დასრულების შემდეგ 42 წელი ემსახურა საყვარელ საქმეს რიგითის პოზიციიდან სატყეო მეურნეობის დირექტორის თანამდებობამდე. არის საქართველოს დამსახურებული მეტყევე, წარმატებული და ნაყოფიერი საქმიანობისათვის მიღებული აქვს მრავალი ჯილდო, სიგელი თუ მედალი, შრომის ვეტერანისა და პირველი კლასის მეტყევის საპატიო წოდება, „ღირსების“ მედალი და სხვა.
– ბატონო ნოდარ, რაზე ოცნებობდით პატარაობიდანვე, რომელი პროფესია გიზიდავდათ?
– პატარაობიდანვე ვოცნებობდი, რომ გამოვსულიყავი სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების დამზადება-დამუშავების ტექნოლოგი, მაგრამ რატომღაც ბოლო მომენტში შევცვალე გადაწყვეტილება და ჩავაბარე მისაღები გამოცდები სატყეო სამეურნეო ფაკულტეტზე.
– რა გახდა თქვენი ცხოვრებისეული კრედო?
– ჩემთვის ჩემი ცხოვრების განმსაზღვრელია უფლის სიყვარული, ოჯახის სიყვარული და სისტემატიური სიკეთის კეთება, რომელიც ჩემი ყოველდღიური ცხოვრების ნორმად იქცა.
– რა მოგცათ სტუდენტურმა წლებმა?
– სტუდენტურმა წლებმა მომცა ყველაფერი ის, რისი მეშვეობითაც დავიმკვიდრე ჩემი ადგილი საზოგადოებაში.
– როგორ უთავსებთ ერთმანეთს სამსახურებრივ მოვალეობას და ოჯახს?
– მიუხედავად იმისა, რომ ყოველთვის მქონდა გადატვირთული სამუშაო გრაფიკი, ვცდილობდი ოჯახისთვის არ მიმეკლო ყურადღება.
– რა წარმატებები გაქვთ მუშაობაში?
– მთელი ჩემი შეგნებული სიცოცხლე მოვახმარე ჩვენი რაიონის ბუნების დაცვის, მისი აღდგენა-განახლების, გამრავლების და კვლავ წარმოების საქმეს. ამ დარგში 42 წელი ვიღვაწე, აქედან 8 წელი ვიყავი რიგითი მეტყევე, 17 წელი მთავარი მეტყევე, ანუ დირექტორის მოადგილე და 15 წელი სატყეო მეურნეობის დირექტორი.
ჩემი მუშაობის პერიოდში მეურნეობას საშუალოდ წლიურად გამოჰყავდა 200-250 ათასი ძირი სხვადასხვა ჯიშის ნერგი, აქედან 100-150 ათასი ძირი სტანდარტული იყო და ვარგისი მუდმივ ფართობზე გადასატანად. დანარჩენი არასტანდარტული ჯიშის ნერგები სრულ კონდიციამდე მისაყვანად გადაგვქონდა სასკოლო განყოფილებაში, სადაც ხდებოდა მისი შემდგომი გაზრდა.
– რა სახის მცენარეები გამოგყავდათ სანერგეებში, სიმართლე გითხრათ, დღეს ქობულეთი ძალიან მწვავედ განიცდის სანერგე მეურნეობის არარსებობას…
– სანერგეში გამოგვყავდა, ჭადრის, იფნის, აკაციის, ნაძვის, სოჭის, ფიჭვის და სხვა ტყის შემქმნელი ჯიშის ნერგები. გამოყვანილ ნერგებს ვრგავდით ადგილზე სახელმწიფო ტყის ფართობებში, ასევე სასოფლო-სამეურნეო ცენტრებისკენ მიმავალ ტრასებზე და ქალაქის ზოლში. ამასთანავე მაშინდელი აჭარის სატყეო მეურნეობის სამინისტროს მოთხოვნილების მიხედვით ვანაწილებდით ქვეყნის სხვადასხვა სატყეო მეურნეობაზე.
ის, რომ ქობულეთს დღესდღეობით სანერგე მეურნეობა არ გააჩნია, ძალიან ცუდია და ალბათ ადგილობრივ ხელისუფლებას ამაზე აუცილებლად მოუწევს ზრუნვა. ჩვენს სანერგეებში გამოყვანილი სარგავი მასალით ხდებოდა ტყის ხელოვნური გაშენიანებაც კი. მწვანე საფარის გაშენება ხდებოდა ჩაქვის, ქობულეთის, აჭი, გოგიეთის, ხინო-ზერაბოსელის და თიკერის სატყეო უბნებში. საშუალოდ ყოველწლიურად ხდებოდა 45-50 ჰექტარის განაშენიანება.
– როგორც ვიცით, სატყეო მეურნეობაში ისეთი დარგებიც გქონდათ განვითარებული, როგორიცაა მეცხოველეობა, მეფუტკრეობა და სხვა…
– მართლაც დიდი სამუშაოები ტარდებოდა, აი, მაგალითად, მზადდებოდა კრიპტომერიისა და ევკალიპტის მწვანე მასა 10 ათასი ტონის რაოდენობით. გომის მთაზე ვამზადებდით ხარისშუბლას 100 ტონას, რომელიც ბარდებოდა ფარმაცევტულ ქარხნებს, მისგან მზადდებოდა საგულე მედიკამენტი „პლატიფილინი“. რეალიზაცია უკედებოდა მეურნეობაში არსებულ საკალმახედან მიღებულ კალმახს, ვაწარმოებდით 3 ტონამდე თაფლს, 2 ტონამდე ხორცს, თიკერში მოვაწყვეთ სამონადირეო მეურნეობა, სადაც გაშვებული იყო გარეული ღორები, შველი და ხოხობი. დამხმარე მეურნეობებიდან წლიურად შემოდიოდა 180 – ათასამდე ლარი…
– აფერუმ! ალბათ ამიტომაც არ იგვიანებდა ის ჯილდოები და წახალისებები, რომლებიც მოღვაწეობის პერიოდში მიიღეთ…
– ამ შედეგებისთვის, მეურნეობას ყოველწლიურად ეჭირა მოწინავე პოზიციები საქართველოს სატყეო მეურნეობის სამინისტროში, რისთვისაც სისტემატიურად ვჯილდოვდებოდით ფულადი პრემიებითა და წამახალისებელი ჯილდოებით, ხოლო პირადად მე, როგორც წარმოების ხელმძღვანელი, საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით დაჯილდოებული ვარ „ღირსების მედლით“, მონიჭებული მაქვს საქართველოს დამსახურებული მეტყევის წოდება. სხვა ჯილდოებზე აღარაფერს ვიტყვი, რადგან ძალიან შორს წავალთ.
– რას შეცვლიდით თქვენს ცხოვრებაში?
– მადლობელი ვარ უფლის იმისთვის, რაც მაქვს, მე კმაყოფილი ვარ ჩემი ცხოვრებით და მიღწევებით, ამიტომ არაფერს არ შევცვლიდი.
– როგორი გინდათ, რომ იყოს სამომავლოდ თქვენი დედულ-მამული?
– მუდამ გამწვანებული და გადაშენების პირას მისული ნარგავები გადარჩენილი.
დღეს ბატონი ნოდარი პენსიაზეა და საკუთარი მონაგარით ხარობს, ღირსეული ოჯახის ღირსეულ მამას და ბაბუას სათქმელიც ბევრი აქვს და ქვაზე დადებული მადლიც, რომელიც აუცილებლად წინ დახვდება მის შთამომავლობას…

ნინო მეგრელიძე