გაზეთ „ჩემი ქობულეთის“ 21 ივნისის ნომრის პირველ გვერდზე გამოქვეყნდა წერილი „ტურისტები ქობულეთის გვერდის ავლით“, რომელსაც ახლა მკითხველს განმეორებით ვთავაზობთ:
„ვერავინ იტყვის იმას, რომ ქობულეთის შემოვლითი გზის ექსპლოატაციაში გაშვებამ სიკეთე არ მოუტანაო ჩვენს ქალაქს, მაგრამ ამ სიკეთეს ერთი უარყოფითი მხარეც ახლავს, როგორც ამბობენ, წელს, რუსეთიდან და არა მარტო რუსეთიდან, დიდძალ ტურისტულ ნაკადს უნდა ველოდოთ, რომლებიც ძირითადად სწორედ ამ გზით მოდიან, თუმცა ქობულეთთან მოახლოებული მანქანები ახალ გზას სულ სხვა მიმართულებით მიჰყავს… ასე ივსება ბათუმი და ქობულეთს პრაქტიკულად მხოლოდ ისინი სტუმრობენ, ვინც იცნობს აქაურობას ან ინტერნეტსაგზურით მოდის.
ხსნა მხოლოდ აბრაშია, რომელიც გზისგასაყარზე სასწრაფოდ უნდა დამონტაჟდეს, რათა უცხოელ ტურისტს, რომელიც პირველად მოდის ჩვენს მხარეში, მიეცეს მიმართულება თუ სად მდებარეობს კურორტი ქობულეთი. ამაზე კი მუნიციპალიტეტი უნდა დაფიქრდეს თუ ფიქრისთვის ჯერ კიდევ არის დრო! წინააღმდეგ შემთხვევაში ადგილობრივ ხელისუფლებას ბანკების ვალების მქონე მოსახლეობის რისხვა არ აცდება.“…
როგორც აღმოჩნდა, ჩვენ სრული სიმართლე დავწერეთ, უფრო მეტიც, ახალი გზის გასაყარზე იდგა ძველი საგზაო ფირნიში წარწერით „ქობულეთი“, რომელზე ნაჩვენები ისარი სულ სხვა მიმართულებით გზავნიდა ქობულეთში ჩამოსვლის მსურველთ…
წერილის დაბეჭდვიდან ორთვიანი მოლოდინის შემდეგ საქმეში საზოგადოება „ჩვენი ქობულეთი“ ჩაერთო, რომლის წარმომადგენლები მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე რატი მეგრელიძესთან ერთად ადგილზევე გაეცნენ სიტუაციას და ხარვეზის შესახებ აცნობეს საქართველოს საგზაო დეპარტამენტის ხელმძღვანელობას. სწორედ ამ უკანასკნელის დავალებით შპს „გზამშენებელი 13“ – ის ხელმძღვანელმა ქალბატონმა ირაიდა ფაციამ შესაშური ოპერატიულობით მოაგვარა შექმნილი პრობლემა. დღეს ქობულეთის შემოსასვლელთან ახლოს, იქ, სადაც ახალი, შემოვლითი გზა რამდენინე მიმართულებით იყოფა, დგას ახალი ფირნიში, რომელიც ზუსტად მიანიშნებს მგზავრებს თუ საით მდებარეობს ქობულეთი. ვფიქრობთ, წერილით, რომელსაც მუნიციპალიტეტის მხრიდან დაგვიანებული რეაგირება მოჰყვა, წარმატებით იმუშავა ქობულეთისა და ტურიზმის სფეროში დასაქმებული ქობულეთელების სასარგებლოდ.
P.S. როგორც ჩვენთვის ექსკლუზიურად გახდა ცნობილი, ახალი საგზაო ნიშნიდან 15 მეტრში, ბიზნესმენ თემურ ჭყონიას უშუალო მხარდაჭერით მონტაჟდება საკმაოდ მასშტაბური, 27 კვადრატულ მეტრიანი სუპერ-თანამედროვე „ლაით ბოქსი“ (მანათობელი აბრა) ორენოვანი წარწერით „კურორტი ქობულეთი“, რომელიც შაბათისთვის უკვე მზად იქნება.
ლია გრძელიძე