24 ნოემბერს, ქ. ფოთის ქორეოგრაფიული ანსამბლის – “ფაზისის” 50 წლის საიუბილეო საღამო გაიმართა, ღონისძიების წინ ქართულმა ქორეოგრაფიულმა საზოგადოებამ საკუთარი ოჯახის სახელოვანი წევრები, ანსამბლ “ფაზისის” ხელმძღვანელები: მამა-შვილი ახმედ და კობა ამბალიები გაიხსენა, ქალაქ ფოთში, სამეგრელოს ქუჩაზე მდებარე სახლზე, სადაც დამსახურებული ქორეოგრაფი, ღირსების ორდენის კავალერი, ქართული ქორეოგრაფიის რაინდი, ახმედ ამბალია და მისი ვაჟი, ქართული ქორეოგრაფიის სახალხო მოღვაწე, „ბრწყინვალების“ ორდენის კავალერი კობა ამბალია ცხოვრობდნენ, მემორიალური დაფები გაიხსნა.
დამსახურებული ქორეოგრაფების – მამა-შვილი ამბალიების ამ ფორმით უკვდავყოფის იდეა ქართული ქორეოგრაფიის ეროვნული ცენტრის დამფუძნებელს, მრავალი კეთილი საქმის შემოქმედსა და ავტორს ზაზა მჟავანაძეს ეკუთვნის, რომლის ინიციატივითა და ფინანსური მხარდაჭერით საქართველოს მასშტაბით 5 ათეულზე მეტი მსგავსი მემორიალური დაფაა გახსნილი. არაფერს ვამბობთ იმ სხვა საქმეებზე, რასაც ქორეოგრაფიის ეროვნული ცენტრი და მისი ხელმძღვანელი დარგის წარმატების, პოპულარიზაციისა და ამ დარგში მოღვაწე დამსახურებული ადამიანების პატივგებისთვის აკეთებს.
მემორიალური დაფების გახსნის საზეიმო ცერემონიალზე შეკრებილმა საზოგადოებამ, ქართული ქორეგრაფიის ეროვნული ცენტრის წევრებმა, კოლეგებმა, მეგობრებმა და აღზრდილებმა ახმედ და კობა ამბალიების საინტერესო, სისხლსავსე ცხოვრებისეული მომენტები გაიხსენეს, მათ მიერ ღირსეულად განვლილ გზასა და შემოქმედებით წარმატებებზე ისაუბრეს.
სიცოცხლე კი გრძელდება, მამის და ბაბუის დაწყებულ საქმეს ღირსეულად უძღვება მათი მემკვიდრე საბა ამბალია, რომელმაც ამ დღის მასპინძლობაც საკუთარ თავზე აიღო. მან ტრადიციულად წარმატებით უმასპინძლა უამრავ სტუმარს ოჯახსა და სცენაზეც, სადაც ანსამბლ „ფაზისის“ 50 წლის საიუბილეო საღამო გაიმართა.
ვიდეორეპორტაჟი – ავტორები: ჯემალ მეგრელიძე, ზურა კაციტაძე