22 აგვისტოს, ქობულეთობის სახალხო დღესასწაულზე ქობულეთისა და გურჯაანის მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელმა პირებმა ამ ორი ქალაქის დაძმობილების მემორანდუმს მოაწერეს ხელი. ეს ისე, ოფიციალურობისათვის, თორემ ჩვენი ძმობა და მეგობრობა საუკუნეებს ითვლის…
მემორანდუმის მიხედვით მხარეები განავითარებენ თანამშრომლობას კულტურის, სპორტის, ხელოვნების, მეცნიერების, ჯანდაცვის, ტურიზმის, მრეწველობის, ტრანსპორტის, ეკოლოგიისა და ადგილობრივი თვითმმართველობის სფეროებში. სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით კი ქობულეთი და გურჯაანი ორგანიზებას გაუწევენ საკუთარ მუნიციპალიტეტებში წარმოებული პროდუქციის გამოფენა-გაყიდვებს, განახორციელებენ ახალგაზრდულ გაცვლით პროგრამებს ყურძნისა და ციტრუსის რთველის პერიოდში.
ქობულეთის მხრიდან მემორანდუმს ხელი მუნიციპალიტეტის გამგებელმა სულხან ევგენიძემ მოაწერა, ხოლო გურჯაანის მხარეს ადგილობრივი მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ზვიად ყვირალაშვილი წარმოადგენდა.
გურჯაანისა და ქობულეთის დაძმობილების იდეა ჯერ კიდევ შარშან, ქობულეთში გურჯაანელთა საფეხბურთო გუნდის ვიტისას დაიბადა, გურჯაანისა და ქობულეთის გამგებლების მოადგილეებს ალეკო ყვირალაშვილსა და რატი მეგრელიძეს შორის დაწყებული მეგობრობა მალე ქალაქების დამეგობრებაში გადაიზარდა და ამით კიდევ ერთი ხიდი გაიდო ქვეყნის ორ წარმატებულ მუნიციპალიტეტს შორის. როგორც ბატონი ალეკო ყვირალაშვილი დაგვპირდა, ამიერიდან ამ ორი რეგიონის მუნიციპალიტეტები ორმაგი აქტიურობით განახორციელებენ თანამშრომლობას და ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი საქმეების კეთებას, შემოდგომისათვის გამგებლის მოადგილემ რთველსა და გურჯაან-ქალაქობაზეც მიგვიპატიჟა.
კახეთი და აჭარა – ეს ორი რეგიონი საქართველოს სიამაყე და თვალ-მარგალიტია, ჰგავს კიდეც ჩვენი წარსული, ძმობისა თუ სტუმართმოყვარეობის ტრადიციები, ალბათ ამიტომაც გავუგეთ ერთმანეთს ქობულეთელებმა და გურჯაანელებმაც და შევქმენით დამეგობრების პრეცენდენტი, გვინდა დავიჯეროთ, რომ მემორანდუმით დაწყებული ურთიერთობების შედეგი სულ მალე მაგალითად იქცევა სრულიად საქართველოსათვის.
P.S. წერილს ისე ვერ დავასრულებ, გულთბილი მოკითხვა რომ არ შევუთვალო ჩემს გურჯაანელ ძმებს კაჭრეთსა თუ ჩალაუბანში, ასევე კახეთის კიდევ ერთი მშვენების – ყვარლის მუნიციპალიტეტის გამგებელ ილია მზექალაშვილს, სხვებს და სხვებს, რომლებთანაც ჩემი ცხოვრების ყველაზე ბედნიერი ხანა – სტუდენტობა გამიტარებია…
ჯემალ მეგრელიძე
სპეციალურად გაზეთებისათვის:
„ჩემი ქობულეთი“ და „კახეთის ხმა“