შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით აჭარის ჯანმრთელობია და სოციალური დაცვის მინისტრმა ზაალ მიქელაძემ, განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა ინგა შამილიშვილმა, ბათუმის მერის მოადგილემ ლელა სურმანიძემ, ქალაქ ბათუმის N13 საჯარო სკოლაში აუტისტური სპექტრის მქონე მოსწავლეები მოინახულეს და ტკბილეულით გაუმასპინძლდნენ. 2016-17 სასწავლო წლიდან ბათუმის N13 საჯარო სკოლაში შეიქმნა სპეციალური ჯგუფი, რომელიც დაკომპლექტდა 10 აუტისტური სპექტრის მქონე მოსწავლით. სკოლაში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მოსწავლეთათვის შექმნილია მათზე მორგებული, სასწავლო პროცესისათვის სათანადო პირობები და გარემო. სასწავლო პროგრამა განათლების ეროვნულ სასწავლო გეგმას ეფუძნება და ორიენტირებულია აუტისტური სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვების შესაძლებლობებსა და საჭიროებებზე. წელს, აჭარის მთავრობის დაფინანსებით, აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ „სკოლების მშენებლობა რეაბილიტაციის“ პროგრამის ფარგლებში ქ. ბათუმის #13 საჯარო სკოლაში განახორციელა აუტისტური სპექტრის ჯგუფის მოსწავლეებისათვის დამატებითი სპეციალური სივრცეებისა და სველი წერტილების მოწყობა. ასევე, განხორციელდება პროგრამის ფარგლებში სკოლის ტერიტორიის კეთილმოწყობა, რისთვისაც აჭარის ბიუჯეტიდან გამოყოფილი იქნა 112 000 ლარი.