აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი რამაზ ბოლქვაძე აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრ ინგა შამილიშვილთან ერთად სპორტის სხვადასხვა სექციის ხელმძღვანელებს შეხვდა. საჯარო შეხვედრაზე რამაზ ბოლქვაძემ სპორტის სფეროში მოღვაწეებს ლეონიძის ქუჩაზე დაგეგმილი სპორტული კომპლექსის მშენებლობის პროექტის ესკიზები გააცნო. რამდენიმე საათიანი შეხვედრა მინისტრებთან კითხვა -პასუხის რეჟიმში წარიმართა. ფედერაციების ხელმძღვანელები თავიანთი მიმართულებით პროექტის დეტალებით დაინტერესდნენ და წინადადებები გამოთქვეს, რომელიც სპორტული კომპლექსის პროექტის საბოლოო ვერსიაში აისახება. პირველადი პროექტის საბოლოო ვერსიაზე ერთობლივი გადაწყვეტილება უახლოეს დღეებში დაგეგმილ საჯარო შეხვედრებისას გახდება ცნობილი.შეხვედრას ბათუმის სასპორტო სკოლის დირექტორი ირმა ნიჟარაძე და აჭარის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტის ხელმძღვანელი ლაშა ჩავლეშვილი ესწრებოდნენ.
აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ სასპორტო სკოლის უკან არსებული ორი სპორტული ცენტრის ტერიტორიის პრივატიზება განახორციელა, რომელშიც შპს „ორბი ჯგუფი“ 200 მლნ ლარზე მეტის ინვესტირებას გეგმავს. სანაცვლოდ სამინისტრო ლეონიძის ქუჩაზე ახალი თანამედროვე სტანდარტების სპორტული კომპლექსის მშენებლობას იწყებს. პროექტის ესკიზის სპორტის წარმომადგენლებთან განხილვის და საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, პროექტის შეძენისთვის და მშენებლობისთვის საჭირო ტენდერის პროცედურები დაიწყება.