მთავარი ვიდეორეპორტაჟი საზოგადოება მიწაზე საკუთრების რეგისტრაცია გამარტივდა

მიწაზე საკუთრების რეგისტრაცია გამარტივდა

288
0

  პირველი აგვისტოდან ძალაში მიწის რეგისტრაციის ახალი კანონი შევიდა, რეფორმა, რომლის ინიციატორი იუსტიციის სამინისტროა, უძრავი ქონების რეგისტრაციის პროცედურების გამარტივებასა და მესაკუთრის უფლებების დაცვაზეა ორიენტირებული

ინიციატივამ მოქალაქეების მაღალი ინტერესი გამოიწვია, რაც პირველი თვის შედეგებითაც დასტურდება:  პირველი  აგვისტოდან დღემდე საჯარო რეესტრში, მთელი ქვეყნის მასშტაბით, 45 575 განცხადება შევიდა. აქედან 12 164 შემთხვევაში საჯარო რეესტრმა თავად მოიძია საჭირო საბუთები და ყოველგვარი ბარიერის გარეშე მოქალაქეს მიწა წარმატებით დაურეგისტრირა. 25 743 შემთხვევაში საჯარო რეესტრმა მოქალაქის ნაცვლად თავად დაიწყო სხვადასხვა უწყებაში შესაბამისი საბუთების მოძიება და ამ განცხადებათა დიდი ოდენობა ასევე წარმატებით დასრულდება, 4 648 განცხადება კი შესწავლის პროცესშია.

მინდა, ამ უპრეცედენტო და მოქალაქეზე ორიენტირებული რეფორმის წარმატებისათვის  კვირაში 7-დღიანი და თავდადებული მუშაობისათვის განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო საჯარო რეესტრის თითოეულ რეგისტრატორს, კადასტრისა თუ ახალი ტექნოლოგიების თითოეულ სპეციალისტს, იურისტს, არქივის, არქივირების და სკანერზე მომუშავე თანამშრომელს. როდესაც ჩვენ ამ რეფორმის კანონპროექტს ვწერდით, ვიცოდით, რომ მისი პრაქტიკაში განხორციელება დიდი გამოწვევა იქნებოდა საჯარო რეესტრისათვის. მიხარია, რომ დღეს თამამად შემიძლია, მადლობა ვუთხრა საჯარო რეესტრის თანამშრომლებს მოქალაქის ინტერესში წარმატებული მუშაობისათვის. ეს რეფორმა მთლიანად ცვლის საჯარო რეესტრს და მას მოქალაქის მეგობრად აქცევს, − განაცხადა იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა პროექტის ერთთვიანი შედეგების შეჯამებისას.

რეფორმის დაწყების მიზეზი მიწის რეგისტრაციის კუთხით არსებული პრობლემები გახდა.  პირველი აგვისტოს მონაცემებით, ქვეყანაში არსებული მიწის ნაკვეთების მხოლოდ 25% იყო  რეგისტრირებული.

რეფორმას დადებითად აფასებს ექსპერტი დავით თამარაშვილი: ,,მიწის პატარა ფართობების მესაკუთრეებს  კარგი შესაძლებლობა აქვთ, ისარგებლონ ამ პროგრამით და საკუთრების რეგისტრაციის პროცესი დააჩქარონ. მიმაჩნია, რომ ეს პროცესი ცალსახად ხელს შეუწყობს ქვეყანაში მიწის ბაზრის განვითარებას, რაც აგროსექტორის განვითარების ერთერთი წინაპირობაა. იმედი მაქვს, ეს პროცესი მოიცავს ქართულ მიწებს მთელი ქვეყნის, მათ შორის აფხაზეთისა და სამაჩაბლოს ტერიტორიაზე. ამ ტერიტორიებიდან წამოსულ დევნილებს აქვთ მიწის ნაკვეთები და საკუთრების უფლება, რომელსაც  შესაბამისი რეჟიმით სახელმწიფო რეგისტრაცია სჭირდება, რაც ქართულ სახელმწიფოს ადრე თუ გვიან მისცემს იურიდიული ბრძოლის წინაპირობებს, რადგან რაც ფაქტობრივადაა დათმობილი, ის იურიდიულად არ უნდა იქნეს აღიარებული,– აცხადებს ის.

სიახლის შედეგად დოკუმენტებში არსებული უმნიშვნელო ხარვეზები( გვარის შეუსაბამობა, უზუსტობა ასოებში და ა.შ.), რის გამოც ზოგიერთი მოქალაქე მიწის რეგისტრაციას წლების განმავლობაში ვერ ახერხებდა, ხელისშემშლელი გარემოება  აღარ არის, რასაც ფერმერი თემურ მარგალიტაშვილი მნიშვნელოვნად მიიჩნევს.  ,,აქამდე ქაოტურად ხდებოდა მიწის რეგისტრაცია, ძალიან დიდი დრო მიჰქონდა ერთი დოკუმენტის მოწესრიგებას. მაგალითად, წინაპრების დანატოვარი მიწები დღეს ძალიან ბევრს ისევ არ აქვს დარეგისტრირებული. კარგი შანსია ჩვენთვის. ვაპირებგამოვიყენო და ყველა დოკუმენტი წესრიგში მოვიყვანო,–ამბობს მარგალიტაშვილი.

საჯარო რეესტრი რეგისტრაციისთვის საჭირო დოკუმენტებს სხვადასხვა უწყებიდან მოქალაქეების ნაცვლად თავად იძიებს. ამასთან, სახელმწიფო მესაკუთრეებს დავების მოგვარებაშიც ეხმარება. რეფორმის ფარგლებში მოქმედებს სანოტარო მედიაცია, რომელიც მოქალაქეებს წარმოქმნილი დავების მარტივად, სასამართლოს გარეშე მოგვარებას სთავაზობს.

ასევე, რეფორმის ფარგლებში მოქმედებს ფაქტების კონსტატაციაც: იმ შემთხვევაში, როდესაც საკუთრების უფლების დამდგენი დოკუმენტით მიწის ნაკვეთის მდებარეობა, საზღვრები და ა.შ. არ დგინდება ან სადავო სიტუაცია ჩნდება, საჯარო რეესტრი ფაქტების დასაზუსტებლად აღსრულების ეროვნულ ბიუროს თავად მიმართავს და პროცესში ამ უწყების წარმომადგენელს რთავს.

  პროექტის ფარგლებში უფასოდ ისარგებლებთ შემდეგი მომსახურებებით:

დოკუმენტაციის მოძიება და სისტემატიზაცია; ნოტარიუსის მიერ გარიგებაზე მხარეთა ხელმოწერის დამოწმება; მედიაცია, მათ შორის, სანოტარო მედიაცია; მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარება; ფაქტების კონსტატაცია; მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების პირველადი რეგისტრაცია; საკადასტრო აზომვითი ნახაზის გარეშე რეგისტრირებული მიწის ნაკვეთების დაზუსტება (რაც გულისხმობს ელექტრონული ნახაზის გარეშე არსებული მონაცემების დაზუსტების მიზნით ცვლილების რეგისტრაციას უფასოდ). საკუთრების უფლების დადგენის პროცესში ჩართულია მუნიციპალიტეტი როგორც ადგილზე არსებული ინფორმაციის ყველაზე ეფექტური წყარო.

მიწის ნაკვეთის რეგისტრაციისთვის მოქალაქეებს შეუძლიათ, მიმართონ იუსტიციის სახლებს, საჯარო რეესტრის ტერიტორიულ სამსახურებსა და საზოგადოებრივ ცენტრებს. დამატებითი ინფორმაციის მიღება შესაძლებელია ცხელ ხაზზე: 2 405 405 ან ელექტრონული ფოსტით: info@napr.gov.ge.