ერთი წელი გავიდა იმ ვნებათაღელვიდან, რაც მელიტონ კუხიანიძის სახელობის აჭარის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლში სუფევდა… ქუჩაში პროტესტის ნიშნად გამოსული ანსამბლის წევრები იმის მაგივრად, რომ პროფესიული საქმიანობისთვის მიეხედათ, მთავრობის სახლის წინ გაშლილ კარავში ათენ-აღამებდნენ… დრო ალბათ ყველაფერს გადააფასებს, ამ ხელოვნურად შექმნილი პრობლემების „ავტორთა“ ცოდვა-მადლიც გაირკვევა, თუმცა, ვნებათაღელვა კარგახანია ჩაცხრა და ანსამბლის მაშინდელი მთავარი ქორეოგრაფი თემურ ქორიძე, რომლის გამოც ლამის მთელი ანსამბლი ერთ მუშტად შეიკრა და ქუჩაში გამოვიდა, დღეს, ანსამბლის დირექტორის მოადგილეა და საკუთარ საქმეს წარმატებით ასრულებს.
ვინ არის თემურ ქორიძე, საიდან მოვიდა და როგორ მოახერხა, რომ სულ მოკლე პერიოდში მისთვის ლამის მთელმა ანსამბლმა „თავი გაწირა“ (აქ სამართლიანობისთვის უნდა ითქვას, რომ შექმნის დღიდან ანსამბლის არა ერთი ხელმძღვანელისთვის გამოუცხადებიათ პროტესტი, ხოლო გაშვებული ხელმძღვანელის დაბრუნების მოთხოვნით ამხელა ვნებათაღელვა ანსამბლის ისტორიას ნამდვილად არ ახსოვს), რა გზა განვლო მან აჭარის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლის დირექტორის მოადგილეობამდე და რა გეგმები აქვს სამოამავლოდ? აი, ის ძირითადი კითხვები, რომლებზე პასუხების გაცემასაც წინამდებარე პუბლიკაციაში შევეცდებით.
აჭარის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლში მისვლის პირველივე დღიდან ანსამბლის წევრებმა შეიყვარეს, დააფასეს და ბოლომდე უერთგულეს. მათი თქმით, თემურმა თვალი აუხილა თითოეულ მოცეკვავეს და საკუთარი თავის ფასი შეაცნობინა. მიუხედავად ამისა, ძალიან დიდი ძალისხმევის მიუხედავად, დიდი ხნის მანძილზე მთავრობა მკაცრ უარს უცხადებდა ანსამბლში დაბრუნებაზე.
ანსამბლის ერთ-ერთი წევრი სოფო ოღრაპაშვილი ამბობს, რომ თემური თავისი საქმის პროფესიონალია, იცის ადამიანს როგორ და რა მხრივ მიუდგეს. ღვთისნიერი ადამიანია, რომელიც აფასებს მოცეკვავის მონდომებასა და ნიჭს.
ის დაიბადა 1964 წლის 27 ნოემბერს ბათუმში, ოჯახი შვიდი წევრისგან შედგებოდა. VIII კლასამდე ბათუმის #2 საჯარო სკოლაში სწავლობდა. საკმაოდ ცელქი მოსწავლე იყო. მასწავლებლები ამბობდნენ, ჭკუა ფეხებში აქვსო. შემდეგ ქუთაისის სიმღერისა და ცეკვის ანსამბლში მიიწვიეს წამყვან სოლისტად. მისცეს ბინა და დაუნიშნეს ხელფასი, სადაც ჯარში წასვლამდე იმუშავა. ჯარში კი ამიერკავკასიის სიმღერისა და ცეკვის სამხედრო ანსამბლში მოღვაწეობდა.
1992 წელს ამერიკაში გაემგზავრა. 2 წლის შემდეგ ნიუ-იორკის ცეკვის ანსამბლის მთავარი სოლისტი გახდა, სადაც მონაწილეობა მიიღო გოეთეს ცხოვრებაზე დადგმულ სპეკტაკლში, ასრულებდა გოეთეს როლს. სპეკტაკლთან დაკავშირებით გადაიღეს პრომო ვიდეო, რომლის მეშვეობითაც პოპულარობა ძალიან დიდი პოპულარობა მოიპოვა.
1995 წელს სანფრანცისკოში კალიფორნიელი ბალერინა გაიცნო, რომელიც შემდეგ ცოლად მოიყვანა და მისი თქმით, კალიფორნიას მაგარი გოგო `აახია~. თხუთმეტწლიანი ლოდინის შემდეგ ესპანეთში გოგონა შეეძინათ, რომელსაც ქართული სახელი – ნანა დაარქვეს. კალიფორნიელი ცოლის თხოვნით საქართველოზე შეყვარებული თემური სამშობლოს დაუბრუნდა. მიუხედავად უზრუნველი ცხოვრებისა და უცხოეთში წარმატებული მოღვაწეობისა, მიწის ყივილმა თავისი წვლილი შეიტანა პატრიოტი ქორეოგრაფის ცხოვრებაში. საქართველოში დაბრუნებისთანავე ჯვარი მამა დავითის ეკლესიაში დაიწერეს. სამშობლოში დაბრუნების შემდეგ, 2 წელი ისვენებდა პროფესიულ საქმიანობაში.
მიუხედავად იმისა, რომ გარკვეული პერიოდი სოფელში ცხოვრობდა, ფიზიკურად არასდროს უმუშავია, თუმცა მამის გარდაცვალების შემდეგ იქაურობა გაამრავალფეროვნა, ხეები დარგო და ამით მამისთვის მიცემული პირობა შეასრულა.
თემურის მეგობარი მამუკა ფუტკარაძე გვიამბობს: – მე და თემური სამხატვრო ანსამბლში რამდენიმე წლის განმავლობაში ერთად ვმოღვაწეობდით. ის საოცარი ნიჭით დაჯილდოებული ადამიანია, ამასთანავე შრომისმოყვარე და პუნქტუალური. რეპეტიციების შემდეგ რჩებოდა და საკუთარ თავთან მუშაობდა. მუდამ მხარში ედგა მეგობრებს. ვთვლი, რომ მასში ეს ყველაზე დასაფასებელია. აღსანიშნავია ისიც, რომ ამ ანსამბლში მხოლოდ ნაცნობობით ხვდებოდნენ, თემურმა კი ეს საკუთარი ნიჭითა და შესაძლებლობებით მოახერხა.
ზაზა გრიგოლია – საქართველოს პედაგოგთა ასოციაცია `ერთსულოვნების~ პრეზიდენტი: – თემური ბავშვობიდან კომუნიკაბელური და შრომისმოყვარე ადამიანია. გასული წლის მარტში სულხან ოქროპირიძის ხელშეწყობით თემურმა საქველმოქმედო კონცერტი ჩაატარა უსახლკარო ბავშვების დასახმარებლად. ამ კონცერტმა უკეთ წარმოაჩინა თავისი პროფესიონალიზმი. ნებისმიერ დროს მზად იყო მეგობრის დასახმარებლად. მის პროფესიას რაც შეეხება ის მართლაც „მსოფლიო ქორეოგრაფია“.
ამბობს, რომ ღირებული არაფერი გაუკეთებია, თუმცა ის ხომ ცხადია, რომ ის 10 წლის განმავლობაში, თითქმის ყოველ დღე, 6 ათას უცხოელ მაყურებელს აცნობდა საქართველოს კულტურას და ამით პოპულარიზაციას უწევდა ქართულ ცეკვას.
თემურ ქორიძის საყვარელი მწერალია – სტენდალი, უსმენს ნებისმიერი ჟანრის მუსიკას, პოეტებისგან ხშირად ტიციან ტაბიძის კრებულებს აკითხავს ხოლმე, ძალიან უყვარს აჭარული აჩმა და დღესასწაულთაგან აღდგომა… შეიძლება ითქვას, რომ ის ნამდვილად უდიდესი მუხტის მატარებელია, რომელსაც დიდი დამსახურება აქვს სამშობლოს წინაშე. ის მართლაც’მსოფლიო ქორეოგრაფია…
ვულოცავთ ბატონ თემურს მოახლოებულ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს და ოჯახთან ერთად დიდხანს სიცოცხლესა და კვლავაც წარმატებულ, ნაყოფიერ მოღვაწეობას ვუსურვებთ.
ნატა ბასილაძე, სალომე ქოქოლაძე