მთავარი ვიდეორეპორტაჟი საზოგადოება ნატო-ს სამხედრო გემები ბათუმის პორტში

ნატო-ს სამხედრო გემები ბათუმის პორტში

248
0

დღეს ბათუმში, საპორტო ვიზიტით საქართველოში მყოფი, ნატო-ს მუდმივმოქმედი მეორე ნაღმსაწინააღმდეგო შენაერთის საფლაგმანო ხომალდი „REGELE FERDINAND” და ნატო-ს საზღვაო შენაერთის თურქეთის დროშის ქვეშ მცურავი ხომალდი შემოვიდა. დახვედრის ოფიციალურ ცერემონიაში აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე, ქალაქ ბათუმის მერი გიორგი ერმაკოვი, სანაპირო დაცვის დეპარტამენტის დირექტორი – თემურ კვანტალიანი, ბულგარეთის რესპუბლიკის ელჩი საქართველოში – დესისლავა ივანოვა და სანაპირო დაცვის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

დახვედრის ცერემონიის ფარგლებში შესრულდა ნატოს და საქართველოს რესპუბლიკის ჰიმნები, ასევე, წარმოდგენილი იყო ქართული ფოლკლორის ნიმუშები.

ნატო-ს მუდმივმოქმედი მეორე ნაღმსაწინააღმდეგო შენაერთის (SNMCMG2) საქართველოს უკვე მესამედ სტუმრობს. ისინი ბათუმის ნავსადგურში 6 ნოემბრამდე დარჩებიან და ქართული მხარის მიერ ორგანიზებულ სხვადასხვა ერთობლივ სწავლებასა და საჩვენებელ წვრთნებში მიიღებენ მონაწილეობას.

ვიზიტი ნატო-საქართველოს წარმატებული თანამშრომლობის ნათელი დადასტურებაა და მიზნად ისახავს საქართველოს, ალიანსის და პარტნიორი ქვეყნების საზღვაო ძალების ურთიერთმოქმედებისა და ურთიერთთავსებადობის ამაღლებას.

ნატო-ს მუდმივმოქმედი მეორე ნაღმსაწინააღმდეგო შენაერთი (SNMCMG2) ხმელთაშუა ზღვის აკვატორიაში ოპერაცია „ზღვის მცველის“ მხარდაჭერას ახორციელებს და ხელს უწყობს ზღვაზე საერთაშორისო მიმოსვლის უსაფრთხოებას. ის, ასევე, წარმოადგენს ნატო-ს სწრაფი რეაგირების (NRF) საზღვაო კომპონენტს.

შინაგან საქმეთა სამინისტრო ოპერაციაში „აქტიური ძალისხმევა“ ტაქტიკური მემორანდუმის საფუძველზე მონაწილეობს. 2014 წლიდან კი ნატო-ს საზღვაო ძალების სარდლობაში, მეკავშირე ოფიცრის სახით, მივლენილია შსს-ს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის წარმომადგენელი, რომელიც აღნიშნული ოპერაციის წარმატებით განხორციელებას უწყობს ხელს.