საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიით გასულ ფარულ ჩანაწერთან დაკავშირებით მედიაჯგუფი „აჭარა P.S.“-ის დირექტორი ჯემალ მეგრელიძე კომენტარს აკეთებს და მოქალაქე ნინო ინაიშვილს ბრალდებულის ახლობლებთან პირად მიმოწერას უსაჯაროებს, სადაც აშკარად ჩანს, რომ მან პირველივე წუთებიდანვე იცოდა ვინ იყო ტელევიზიის მანქანის ე.წ. გამტაცებელი, თუმცა ჩვენების მიცემის დროს მეგობრის ქმრის დანაშაული დაფარა, მოგვიანებით გაკეთებული არაფრისმთქმელი ფარული ჩანაწერით კი ზეწოლაზე ალაპარაკდა…
-„პირველ რიგში განსჯისათვის მსურს ვიკითხო: ან მე, ან პაატა შავაძე და მითუმეტეს პოლიციის უფროსი ვგავართ იმ ჭკუათმყოფელებს, პოლიციის კიბეებზე, შემსვლელ-გამომსვლელის თვალწინ, სახალხოდ და საჯაროდ ნინო ინაიშვილისთვის ზეწოლა განგვეხორციელებინა? ან რაში სჭირდებოდა ფარული ჩაწერა, ეთქვა და მე თვითონ ჩავუწერდი ყველაფერს ან ნებისმიერ დროს სიტყვა – სიტყვით გავუმეორებდი, რადგან არც ერთ ჩვენგანს იქ მასთან უკანონო არაფერი გვითქვამს…“ – აცხადებს ჯემალ მეგრელიძე და განმარტავს:
– „მე იქ არ მივსულვარ როგორც ჟურნალისტი, მივედი, როგორც ბრალდებულის ახლობელი ადვოკატთან ერთად პოლიციის უფროსთან, რომელიც არასდროს ნანახიც კი არ მყოლია და მივედი მხოლოდ და მხოლოდ იმის სათქმელად, რომ ბრალდებული არ მიმალულა, უბრალოდ იყო უზომოდ მთვრალი და მის პოლიციაში მიყვანას იმ წუთისათვის აზრი არ ჰქონდა, თანაც საჭიროებდა სამედიცინო დახმარებას, რომ მოტეხილი ჰქონდა ხელი. მევე ავიღე პასუხისმგებლობა, რომ პირველივე მოთხოვნისთანავე ჩაბარდებოდა პოლიციას. იქ ნინო ინაიშვილისთვის არავის დაუძახია, ის თვითონ მოვიდა და თავხედურად შემოიჭრა ჩვენს საუბარში. საზოგადოებამ რომ სიმართლე იცოდეს, ვასაჯაროებ იმ სმს შეტყობინებებს ჩემს ახლობლებთან, რომელიც შემთხვევის პირველივე წუთებიდანვე იგზავნებოდა ნინო ინაიშვილის ტელეფონიდან, სწორედ ამ სმს შეტყობინებებიდან გამომდინარე აეგო ჩვენი საუბარიც, რასაც სხვათა შორის, ნინო ინაიშვილი არსად არ ახსენებს. დაკვირვებული მკითხველი ფარული ჩანაწერიდან და შემდეგ ამ სმს-ებიდან გამომდინარე, უმალვე მიხვდება ნინო ინაიშვილის განზრახვას: მან თავდაპირველად მეგობრის ქმრის დანაშაული დაფარა? ფარული ჩანაწერით კი ზეწოლაზე ალაპარაკდა… ანუ ეს არის თვითდამკვიდრების მცდელობა ტყუილებით“…
აი, რამდენიმე სმს-იც: 14:17 – „ნინო დეიდა (წერს ბრალდებულის სიდედრს ფაქტიდან რამდენიმე წუთში) ამათმა იციან თქვენი სიძე რომ არის… დამალეთ სადმე“, „ვინმე იურისტი ნახეე გეხვეწებიიი… ვერ ვრეკავ მე ვინმესთან“, 14:15 – „სალომე (წერს ბრალდებულის მეუღლეს) პოლიცია მახვევია გარს… ორი წუთი მადროვე და სადმე გავიდეთ“, „არ გამოაჩინო შენი ქმარიიი“
-„აი, ამ შინაარსის სმს-ების შემდეგ შეიძლება რაიმე სახის ზეწოლაზე საუბარი? მგონი ამით ყველაფერი ნათქვამია და ჩვენ აუცილებლად დავაყენებთ ნინო ინაიშვილის, როგორც მოქალაქის და არა ჟურნალისტის პასუხისმგებლობის საკითხს, რომელმაც თავისი იაფფასიანი პოპულისტური საქციელით შეცდომაში შეიყვანა ჯერ ისეთი უწყება, როგორიც საზოგადოებრივი მაუწყებელი და მისი ხელმძღვანელობაა და შემდეგ საზოგადოება, ააგორა ე.წ. სკანდალი და შეძრა ქვეყანა. მე მინდა ვუთხრა მას, ესარშემდგარი „სკანდალი“ მისი აღმასვლის საფუძველი ვერ გახდება, მას სასამართლოში შევხვდებით და ბევრ მისთვის არასასიამოვნო კითხვაზე მოუწევს პასუხი. რაც შეეხება ჟურნალისტებზე ზეწოლას და სიტყვის თავისუფლების დაცვას, ჩვენ, როგორც პირველ დამოუკიდებელ გაზეთს აჭარაში, ნამდვილად ვერავინ გვასწავლის და ამას ჩვენი 20-წლიანი ისტორიაც მოწმობს, მაგრამ ჟურნალისტიკასაც აქვს ეთიკა და ვინც ამ დაწერილ თუ დაუწერელ კანონებს გადააბიჯებს, მისი ქომაგი ვერასდროს ვიქნებით“- აცხადებს ჯემალ მეგრელიძე.