არასამთავრობო ორგანიზაცია „კორუფციასთან ბრძოლის საინფორმაციო ცენტრის“ თავმჯდომარე მერაბ ღოღობერიძე ამ რამდენიმე დღის წინ აჭარის ტელევიზიის ეთერში გასულ ფარულ ჩანაწერს და ამ ჩანაწერის შემდეგ „აჭარა P.S.“-ის მიერ გამოქეყნებულ დოკუმენტებს ეხმაურება და აღნიშნავს, რომ ფარული ჩანაწერის ავტორმა საზოგადოებას მომხდართან დაკავშირებით განმარტება უნდა გაუკეთოს:
– „ეჭვქვეშ არ ვაყენებ „აჭარა P.S.“-ის მიერ გამოქეყნებულ მასალებს, მაგრამ უპირველესად მაინც გამოძიებამ უნდა დადოს აღნიშნულთან დაკავშირებით შესაბამისი დასკვნა. ფაქტის შეფასება ჯერ ჯერობით გამიჭირდება, რადგან რაც ვნახე და წავიკითხე, ეს თუ ასეა, ნამდვილად თვითონ ნინო ინაიშვილმა უნდა გააკეთოს განმარტება. რაც შეეხება ჩემს მიერ გაკეთებულ განცხადებას ფარული ჩანაწერის მონაწილე ადვოკატისთვის უფლებამოსილების შეჩერების შესახებ, ნინო ინაიშვილის სმს შეტყობინებების გამოქვეყნების შემდეგ სულ სხვა კუთხით ვუყურებ საკითხს. ბატონი პაატა შავაძე მართლაც ერთ ერთი გამორჩეული ადვოკატია, მაგრამ იმ ჩანაწერის დეტალები საზოგადოებამ სულ სხვაგვარად შეაფასა – ზოგმა სამართლიანად და ზოგმა არასამართლიანად. რა თქმა უნდა პოლიციის უფროსთან საუბარი ასეთ საკითხებზე პრაკტიკაში შესაძლებელია, მაგრამ პირდაპირი მნიშვნელობით დაზარალებულთან არ შეიძლება, თუმცა ისიც ფაქტია, რომ ვერც პოლიციის უფროსი და ვერც ჩანაწერის მონაწილე პირები ვერ გადაწყვეტდნენ საბოლოო ჯამში საკითხს რომელიმე მხარის სასარგებლოდ პროკურატურის საბოლოო დასკვნამდე. ვთვლი, რომ ნებისმიერ ადვოკატს აქვს უფლება ამტკიცოს თავისი კლიენტის უდანაშაულობა, ჩანაწერში სულ სხვანაირად ჩანდა, მაგრამ რაც ნინო ინაიშვილის სმს-ებს გავეცანი, რა თქმა უნდა, სულ სხვა შთაბეჭდილება შემექმნა“ – აცხადებს მერაბ ღოღობერიძე.