მთავარი სტატიები „ოცნების ქალაქის“ რეალობა…

„ოცნების ქალაქის“ რეალობა…

318
0

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე ყოფილი 25-ე და 53-ე ბატალიონების ადგილას 1400 კომლიანი ქალაქის ტიპის დასახლება დაახლოებით ხუთი ათასი მოქალაქით, 2012 წლის ოქტომბრის არჩევნების შემდეგ ერთ ღამეში გაჩნდა… ეს ის პერიოდია, როცა ქვეყნის მართვის სადავეები „ნაციონალებისგან“ ოცნების ხელისუფლებამ გადაიბარა და სახელდახელოდ წამომართულ ქოხ-მახების ქალაქსაც „ოცნების ქალაქი“ უწოდეს… მას შემდეგ თითქმის ოთხი წელი გავიდა, აქაური მოსახლეობის მიერ იძულებით ჩადენილი უკანონობის გამოსწორებას კი პირი არ უჩანს… ხელისუფლების მიდგომა „ოღონდ ნუ იქნება ბუნტი“, როგორც ჩანს, საკმარისი აღარაა და გაუსაძლის პირობებში მცხოვრები უკანონოდ ჩასახლებულები (რომელთაც პრობლემათა კასკადი ახვევიათ თავს), როგორც ამ ქვეყნის მოქალაქეები, ხელმძღვანელობისგან ქმედითი ნაბიჯების გადადგმას ამ ხნის მანძილზე ამაოდ მოითხოვენ… გაუსაძლისი ცხოვრების პირობები კი „ოცნების ქალაქში“ უკვე აღარც მოლოდინის იმედით და აღარც „გმირული მოთმინებით“ აიტანება, ვერც სიტყვებით გადმოსცემ ყოველივეს: არა გზა, დატბორილი ტერიტორია, არა წყალი და არა შუქი და ხალხი მაინც ცხოვრობს, თუმცა ამას ცხოვრებაზე მეტად არსებობა ჰქვია და ისიც ელემენტარული საარსებო პირობების გარეშე…
მაია ბოლქვაძე – აქ უკვე სამ წელზე მეტია ცხოვრობს, ჰყავს ცერებრალური დამბლით დაავადებული ბავშვი, რომელსაც ექიმებმა ოთხივე კიდურის ტეტრაპარეზი დაუდგინეს. იმისათვის, რომ ბავშვი დაუბრუნდეს ჩვეულ ცხოვრებას, სჭირდება მკურნალობა. დედას კი მკურნალობის კი არა, ექიმთან მისასვლელი და კონსულტაციის თანხაც კი არ გააჩნია. ქალბატონი მაია სახელმწიფოსგან ითხოვს დახმარებას, რაც უნდა საკვირველი იყოს, მას ყოვლად გაურკვეველი მიზეზებით მოუხსნეს სოციალური დახმარება და როგორც თვითონ აცხადებს, ყურადღებას არავინ აქცევს.
წალკიდან ჩამოსახლებული ინგა შავაძე ერთი წელია, რაც „ოცნების ქალაქის“ ბინადარია, იმის მოლოდინით რომ ხელისუფლება დაეხმარება ფართით, ის ამ გაუსაძლის პირობებს თავის მცირეწლოვან შვილებთან ერთად გმირული მოთმინებით უმკლავდება, წვიმის დროს ქოხიდან გარეთ ვერ გადიან, ავდარში ბავშვებს ბაღშიც ვერ ატარებს.
ხულოს რაიონის სოფელ ფაჩქიდან ჩამოსახლებული ნინო ზანდარაძე აქ სამი წლის წინ მეუღლის მძიმე ავადმყოფობის გამო ჩამოსახლდა. თირკმლის უკმარისობით დაავადებულ ახალგაზრდა კაცს კვირაში სამჯერ დიალიზზე (ხელოვნური თირკმელი) უხდება საავადმყოფოში მისვლა. მართალია, სახელმწიფოსგან დიალიზის უფასო პროგრამით სარგებლობს, მაგრამ ბათუმთან სიშორის გამო იძულებულია ამ პირობებში იცხოვროს. ოჯახის ყველა წევრი უმუშევარია და ავადმყოფი მეუღლის პენსიის გარდა, არავითარი შემოსავალი არ გააჩნიათ.
თითქმის 4 წელია, რაც აქ ცხოვრობს ხულოს რაიონიდან ჩამოსახლებული ზვიად ბოლქვაძის ოჯახიც, როგორც ზვიადმა გვითხრა, სოფელში ცხოვრება შეუძლებელია, ოჯახში ოთხი ძმაა, მათ შორის სამი დაოჯახებული. არ გააჩნიათ არავითარი შემოსავალი და აქ ცოლ-შვილის შენახვის მიზნით გადმოვიდა. ზვიადიც ხელისუფლებისგან ითხოვს დახმარებას.
„ოცნების ქალაქის“ მოსახლეობას თავისი წინამძღოლი ჰყავს, ყველა საქმე, ყველა პრობლემის გადაწყვეტა აქ ჩასახლებულებმა თავიანთ სრულუფლებიან წარმომადგენელს, 25-ე ბატალიონის ტერიტორიაზე მცხოვრებ ნუგზარ ფუტკარაძეს მიანდეს…
ნუგზარ ფუტკარაძე: – აქ ჩასახლებული საზოგადოების ოცნებაა ჰქონდეთ საკუთარი ჭერი. ამაში დიდი როლი უნდა ითამაშოს თითოეულმა ჩვენგანმა, ასევე ჟურნალისტებმა და რა თქმა უნდა, მთავრობამ. ნუ ჰგონია ნურავის, რომ აქ მცხოვრები ადამიანები კანონს არ ემორჩილებიან. კი ბატონო, ჩვენ უკანონოდ დავსახლდით აქ 2012 წლიდან, მაგრამ იმიტომ დავიკავეთ ეს ტერიტორია, რომ ის გამოუყენებელი და გამოუსედეგარი იყო, ამისთვის მაშინდელ ხელისუფლებასაც უარი არ უთქვამს, უბრალოდ პასუხი იყო ერთი – ოღონდაც უკანონოს ნურაფერს გააკეთებთ და იცხოვრეთო, ამიტომ გახდა ეს ადგილი პატარა სოფელი, აქ არიან 5 კატეგორიის მცხოვრებლები: ეკომიგრანტები, დიალიზის საჭიროების მქონენი, შეზღუდული შესაძლებლობის მქონენი, უასახლკარონი და ა.შ. როგორც იცით, სახლების ნახევარი არის წყალში მოქცეული, შესვლაც შეუძლებელია. აღნიშნული ტერიტორია ძალიან მოუწესრიგებელია. კანალიზაცია არ არსებობს, ასევე პრობლემაა ელექტროენერგიის მიწოდების მხრივ, მიუხედავად იმისა, რომ მოსახლეობა სოციალურად დაუცველია, ისინი შუქში 22 თეთრს იხდიან. ასევე არ გვაქვს ელემენტარული ცხოვრებისეული პირობები. თუ ყურადღებას არ მივაქცევთ ამ ხალხს, წინ გველოდება სოციალური აფეთქება. აქ ჩამოსახლებულთა უმრავლესობა მრავალშვილიანი ოჯახებია, რომლებიც ამ პატარა ქოხებში ცხოვრობენ. არც ერთ მათგანს არ გააჩნია საცხოვრებელი სახლი. გაგვიმართავს არა ერთი აქცია, მიგვიმართავს მთავრობისათვის, ორი წლის წინ შეიქმნა კომისია ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე რამაზ ჯინჭარაძის ხელმძღვანელობით, რომელმაც შეისწავლა ამ ხალხის მდგომარეობა. პირადად მეც გამაჩნია გარკვეული პრობლემა, მაგრამ პირველ რიგში ვსაუბრობ ჩემი მეზობლების სახელით. მთავრობას მივმართავ, რაც შეიძლება მალე მიიღოს გადაწყვეტილებები, რათა დავეხმაროთ მოსახლეობას და ვინც დასაყმაყოფილებელია – დავაკმაყოფილოთ. სახელმწიფო მოხელეებიდან ერთი და ორი კაცი ვერ გადაწყვეტს აქაურ პრობლემებს. აქ მთლიანი გუნდი უნდა მუშაობდეს. ასე ევროპაში ნამდვილად ვერ შევალთ.
არ დავმალავ და იმასაც გეტყვით, რომ ჩვენს ირგვლივ არის მოსახლეობის მცირედი ნაწილი, რომლებმაც უბრალოდ ააშენეს ქოხები და აქ არ ცხოვრობენ. არც არიან იმდენად გაჭირვებულები, თუ რამე გამოუვათ და მიიღებენ ფართს ხომ კარგი, თუ არა და, არც არაფერი. ისინიც ჩვენი მეზობლები არიან და ჩვენ ვერ ვეტყვით, რომ არ ააშენონ, არ გვაქვს მაგის უფლება. ეს მთავრობამ უნდა განსაჯოს, მაგრამ იმ მოსახლეობას, რომელიც 4 წელია ცუდ პირობებში ცხოვრობს, ბავშვებს სკოლაში ვერ გზავნის, ხომ შეიძლება რაღაცით მაინც დავეხმაროთ? მთავრობას ნუ ჰგონია, რომ ეს საკითხი მოგვარებადი არ არის. ნურავინ ფიქრობს, რომ ამ ხალხს სასახლეები სჭირდება, არა, ელემენტალურ ხელშეწყობას ვითხოვთ, დაგვიკანონონ ტერიტორიები და ისევ ჩვენი შრომით შევქმნით ყველაფერს. თვალები რომ გაეხილათ, უკვე ყველაფერი გადაწყვეტილი იქნებოდა…
როგორც აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე რამაზ ჯინჭარაძე აცხადებს, შენდება საცხოვრებელი ფართები და ყველა, ვინც პირველ და მეორე კატეგორიაში შედის, აუცილებლად დაკმაყოფილდება. შექმნილია კომისია, რომელსაც აღწერილი ჰყავს თითოეული ოჯახი, ასევე შექმნილია ოჯახების სიაც. 1397 ოჯახიდან 31 ოჯახი ეკომიგრანტია, სოციალურად დაუცველია 404 ოჯახი. 805 ოჯახი არც ერთ კატეგორიას არ განეკუთვნება.
ხულოში შენდება სამი კორპუსი, ქედაში აშენდა საცხოვრებელი სახლი, რომელიც გადაეცა სოფელ ჯალაბაშვილებში მცხოვრებ ოჯახებს, აქედან, ერთმა უარი განაცხადა იქ შესვლაზე და ახლა 53-ე ბატალიონის ტერიტორიაზე ცხოვრობს. ქობულეთისა და ხელვაჩაურის ეკომიგრანტებისთვის აშენებულია კორპუსები ნავთობქარხნის დასახლებაში, სადაც მიმდინარეობს შესახლებები. ამასთანავე თამარის დასახლებაში დაიწყო კიდევ ერთი სოციალური სახლის მშენებლობა, რომელიც განკუთვნილი იქნება ეკომიგრანტებისთვის.
ამასთანავე შექმნილია სტიქიით დაზარალებულ ოჯახთა შემსწავლელი კომისია, რომელმაც შეისწავლა ოჯახების მდგომარეობა და შესაბამისად ეხმარებიან. იმ ოჯახებს, რომლებიც იძულებით გადაადგილებულებად ითვლებიან, სახელმწიფო ბინის შესყიდვისას 25 ათასი ლარით დაეხმარება.