დღეს „პატრიოტთა ალიანსის“ ბათუმის ორგანიზაციის ოთხი აქტივისტი – ბათუმის საკრებულოს წევრი ფრიდონ ბრეგვაძე, სოფ. სხალთას მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ანზორ მახარაძე, პარტიის წევრები ირაკლი კონცელიძე და ილია ვარშანიძე, თბილისში, „საქართელოს პატრიოტთა ალიანსის“ მიერ ორგანიზებულ შიმშილობის აქციას ბათუმიდან შეუერთდა. მათი განცხადებით, მოთხოვნები იგივეა: გადადგნენ საქართველოს თავდაცვის და გარემოს დაცვის მინისტრები, როგორც საგარეჯოსა და მარტვილში ჩატარებული არჩევნების გაყალბების ორგანიზატორები; აღიძრას სისხლის სამართლის საქმე არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებით და დაისაჯონ გაყალბებაში მონაწილე პირები (გამგებლები, საჯარო მოხელეები და ა.შ.); დაუყოვნებლივ გატარდეს საარჩევნო რეფორმა 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებისათვის: ა) გაუქმდეს არჩევნების მაჟორიტარული სისტემა. ბ) საჯარო მოხელეებს და მათთან გათანაბრებულ პირებს აეკრძალოთ საარჩევნო კამპანიაში ჩართვა რომელიმე პარტიის სასარგებლოდ. გ) არჩევნების დღეს ხმის მიცემა სავალდებულო გახდეს ამომრჩევლისათვის. დ) ყველა დონის საარჩევნო ადმინისტრაცია დაკომპლექტდეს პარიტეტული პტინციპით, ისე, რომ პროფესიული ნიშნით არჩეულ წევრებს ერთად თითოეულ საარჩევნო სუბიექტს ჰყავდეს თანაბარი რაოდენობის წევრები საარჩევნო ადმინისტრაციაში. ე) კვალიფიციურ სუბიექტებს ჰქონდეთ თანაბარი დაფინანსება, თანაბარი საეთერო დრო და სურვილისამებრ შეუნარჩუნდეთ საარჩევნო ნომერი, რომლითაც მონაწილეობდნენ ბოლო საერთო არჩევნებში. ვ) გაუქმდეს სპეციალური უბნების შექმნის პრაქტიკა. ბათუმელ მოშიმშილეთა განცხადებები ნახეთ წინამდებარე ვიდეოში.
https://youtu.be/oG5kpyfVkwg