მთავარი ვიდეორეპორტაჟი საზოგადოება პირველი ივლისიდან აკუსტიკურ ხმაურზე მონიტორინგს მერია განახორციელებს

პირველი ივლისიდან აკუსტიკურ ხმაურზე მონიტორინგს მერია განახორციელებს

177
0

მიმდინარე წლის პირველი ივლისიდან აკუსტიკურ ხმაურზე მონიტორინგს მერია განახორციელებს. საკითხთან დაკავშირებით საინფორმაციო შეხვედრა დღეს ბათუმის მერმა ლაშა კომახიძემ ბათუმში მოქმედი კაფე-რესტორნებისა და სასტუმროების მენეჯერებთან გამართა. შეხვედრას აჭარის მთავრობის, უმაღლესი საბჭოს, ტურიზმის დეპარტამენტის, გარემოს დაცვის ინსპექციისა და სხვა უწყებების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ხმაურის მონიტორინგი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შესული ცვლილებების საფუძველზე განხორციელდება, რის მიხედვითაც თვითმმართველობის ორგანოებს ენიჭებათ ულებამოსილება, ადგილზე შეადგინონ საჯარიმო ქვითარი შემდეგი დარღვევების შემთხვევაში: • მუხლი 771 – დღის, ან ღამის საათებში საცხოვრებელ სახლში, კერძო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების, ან საზოგადოებრივი/საჯარო დაწესებულების შენობაში აკუსტიკური ხმაურის დასაშვები ნორმების გადამეტება; • მუხლი 772 – ღამის საათებში პიროტექნიკური ნაკეთობის გამოყენება. შესაბამისად, პირველი ივლისიდან შინაგან საქმეთა სამინისტრო არსებულ ბაზებსა და აღჭურვილობას მუნიციპალიტეტის უფლებამოსილ ორგანოებს გადასცემს. თავის მხრივ, მუნიციპალიტეტის ორგანოებმა პირველ ივლისამდე უნდა უზრუნველყონ 771 და 772 მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ოქმების შედგენისა და განხილვის უფლებამოსილების მქონე შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის განსაზღვრა, ორგანიზაციული, საკადრო და სხვა შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება, აგრეთვე: • ნორმატიული აქტის გამოცემა, რომლითაც განისაზღვრება 771 და 772 მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზე რეაგირების პროცედურული წესები, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ ოქმის ფორმა და აღნიშნული ოქმის შედგენის უფლებამოსილების მქონე პირები; • 771 და 772 მუხლებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევების შესახებ ოქმების შედგენის უფლებამოსილების მქონე პირების მიერ აღნიშნულ სამართალდარღვევებზე რეაგირების სასწავლო კურსის გავლა. ამასთანავე, ადგილობრივი მუნიციპალიტეტები უფლებამოსილნი არიან, განსაზღვრონ სპეციალური ზონები (მაგ.: ტურისტულად აქტიური ზონები და გასართობი ზონები, სადაც განთავსებულია რესტორნები, კაფეები, ბარები, ღამის კლუბები და ა.შ.), რომელთა მიმართ შეუძლიათ დააწესონ ამ ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნებისაგან განსხვავებული რეჟიმი. წინამდებარე ტექნიკური რეგლამენტი არ ვრცელდება: • დასაქმებულთა მიმართ სამუშაო ადგილებზე და სამუშაო გარემოში წარმოქმნილ ხმაურზე; • საავიაციო, სარკინიგზო, საზღვაო და საავტომობილო ინფრასტრუქტურაზე; • საქართველოს კონსტიტუციის 25-ე მუხლით გარანტირებული ადამიანის უფლების განხორციელებასთან დაკავშირებულ ღონისძიებებზე; • დღის საათებში მიმდინარე სამშენებლო და სარემონტო სამუშაოებზე; • ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოსთან შეთანხმებულ დასვენების, კულტურისა და სპორტის საჯარო ღონისძიებებზე; • საღმრთო მსახურების ჩატარებაზე, სხვადასხვა რელიგიური წეს-ჩვეულებებისა და ცერემონიების დროს განხორციელებულ აქტივობებზე.