საქართველოს მწერალთა კავშირის პრეზიდიუმის და პრემიების მიმნიჭებელი კომისიის 2015 წლის 1 მარტის გაფართოებული სხდომის გადაწყვეტილებით საქართველოს სახელმწიფო პრემიის, აბუსერისძე ტბელის, აკაკი წერეთლის ლიტერატურული პრემიების და მემედ აბაშიძის სახელმწიფო პრემიის ლაურეატს, ღირსების ორდენის კავალერს, პოეტ ემენ დავითაძეს 2014 წელს გამომცემლობა „აჭარის“ მიერ გამოცემული ეპიკური პოემების კრებულისათვის – „პოემები“ – მიენიჭა გენიოსი ქართველი პოეტის, ვაჟა-ფშაველას პრემია. პოეტს ეს ჯილდო 2015 წლის 9 მარტს საქართველოს მწერალთა კავშირში საზეიმოდ გადაეცა.
ვულოცავთ ჩვენს სახელოვან პოეტს ამ დიდ წარმატებას და ქვემოთ ვაქვეყნებთ საქართველოს მწერალთა კავშირის თავმჯდომარის, რუსთაველის პრემიის ლაურეატის, მწერალ რევაზ მიშველაძის სიტყვას, წარმოთქმულს დაჯილდოების ცერემონიალზე და პოეტის სამადლობელო სიტყვას.
ბატონებო!
მაქვს პატივი შევასრულო საქართველოს მწერალთა კავშირის პრეზიდიუმის საპატიო დავალება და გაგაცნოთ მისი გადაწყვეტილება, მიღებული 2015 წლის 1 მარტს; მივმართო ბატონ ემენ დავითაძეს, ჩვენს სახელოვან პოეტს, თავისი შემოქმედებით, თავისი საზოგადო მოღვაწეობით ფრიად გამორჩეულ კაცს ქართულ მწერლობაში, რომელმაც ძალიან ბევრი იღვაწა ათეული წლების განმავლობაში იმისათვის, რომ ქართულ მწერლობას, ქართულ ლიტერატურას დაებრუნებინა ის თავისი ღირსეული ეროვნული სახელი, რომელსაც იგი ატარებდა, შეიძლება პირდაპირ ითქვას, ასეული წლების განმავლობაში. ჩვენ გავეცანით გულდასმით ვაჟა-ფშაველას პრემიის მოსაპოვებლად წარდგენილ აი, ამ წიგნს, რომელსაც ჰქვია „პოემები“. ეს არის ემენ დავითაძის ეპიკური პოემების კრებული, მასში შესულია სხვადასხვა დროსა და ვითარებაში დაწერილი პოემები და უნდა გითხრათ, რომ აგრძელებს ჩვენი სახელოვანი პოეტი, ბატონი ემენი, ეპიკური პოემის უძველეს ტრადიციებს ქართულ ლიტერატურაში და, აქვე თამამად შეიძლება ითქვას და მთელი პასუხისმგებლობით ვამბობ, ეს პოემებიც ჟანრულ ნათესაობაშია, ჟანრულ თემატურ, თუ გნებავთ იდეურ-ეროვნულ ნათესაობაშია სწორედ იმ გენიოსი პოეტის შემოქმედებასთან, ვისი სახელიც ვაჟა-ფშაველა გახლავთ და ვისი პრემიის მოსაპოვებლადაც იყო წამოყენებული აი, ეს მშვენიერი კრებული. პრეზიდიუმმა და პრემიების მიმნიჭებელმა კომისიამ თავის გაფართოებულ სხდომაზე იმსჯელეს და ფარული კენჭისყრით გადაწყდა: ბატონ ემენ დავითაძეს ეპიკური პოემებისათვის, რომელიც გამოიცა აჭარაში,- გამომცემლობა „აჭარამ“ გამოსცა 2014 წელს, მიენიჭოს ვაჟა-ფშაველას სახელობის პრემია. მე, თქვენის ნებართვით, შევასრულებ ჩემთვის, როგორც მწერალთა კავშირის თავმჯდომარისთვის საპატიო მოვალეობას და გადავცემ ბატონ ემენს აი, ამ პრემიას.
ბატონო ემენ, დარწმუნებული ვარ, რომ ამიერიდან თქვენ ღირსეულად ატარებთ ამ დიდი პოეტის სახელობის პრემიის ლაურეატის სახელს.
გილოცავთ!
ემენ დავითაძე: – მინდა ძალიან დიდი მადლობა გადავიხადო და გულითადი მადლობა მოგახსენოთ ასე დიდი დაფასებისთვის ჩემი იმ მცირე, უჩინო ღვაწლისა, რაც მთელი ცხოვრება მიკეთებია და ვცდილობდი, რომ ის გზა არ დამეკარგა, რა გზითაც ჩვენი დიდი წინაპრები დადიოდნენ. ეს მე მიკარნახა ჩვენი კუთხის, – აჭარის თავისებურმა ცხოვრებამ, ჩვენი ქვეყნის – საქართველოს თავისებურმა ისტორიამ. თუ ეს ჯამში ხელმეორედ მოსაძებნი გახდა და ხელმეორედ წინა პლანზე წამოსაწევი, ეს მე ისევ იმ კუთხის გამორჩეულად მძიმე, მაგრამ დიდმა ისტორიამ მიკარნახა, რომელსაც ჩემი დედა-კუთხე ჰქვია და აქედან არის გამომდინარე. რა თქმა უნდა, სახელი, რომელიც და ეს პრემია, რომელიც იმ სახელის არის, ვისაც და რასაც ვაჟა ჰქვია, – ეს არის ჩემთვის საოცრად სხვა რამ და, ნეტაი ერთი სიცოცხლე კიდევ მომეცემოდეს, რომ მართლა გავამართლო ის, რა ჯილდოც მე მომენიჭა.
აი, ეს არის ჩემი ძალიან მოკრძალებული სიტყვა. უღრმესი მადლობა, განა მარტო იმისთვის, რაც ახლა ხდება და ეს ჩემი ცხოვრებისათვის სრულიად გამორჩეულია, ალბათ მწვერვალიცაა, – განაღა და მეტი რაღა უნდა შეძლოს ამ ასაკში მიმდგარმა კაცმა და რაღა უნდა გააკეთოს, მაგრამ ვიღვაწებ, კვლავაც ვაჟას და ჩვენი საფიცარი სამშობლოსათვის.
გმადლობთ.