მთავარი ინტერვიუ პროგრამა, რომელიც 34 ათასამდე ადამიანს შვებით ამოასუნთქებს

პროგრამა, რომელიც 34 ათასამდე ადამიანს შვებით ამოასუნთქებს

784
0

ლია შაქარიშვილი - adjaraps  საყოველთაო დაზღვევა, დაფინანსებული სასიცოცხლო მნიშვნელობის ოპერაციები, ჯანმრთელობის დაცვის პროგრამები და სხვა მრავალი სიკეთე მოსახლეობისთვის ჩვენს ქვეყანაში უკვე დიდი ხანია ხელმისაწვდომია, თუმცა არსებობს დაავადებები, რომელთა მკურნალობა სახელმწიფოს მიერ ჯერ კიდევ თანადაფინანსების საფუძველზე ხდება. ზოგჯერ მკურნალობისა თუ სხვადასხვა მანიპულაციის ხარჯი იმდენად კოლოსალურია, სოციალურად დაუცველ მოსახლეობას თანადაფინანსებისთვის განკუთვნილი მინიმალური პროცენტის გადახდაც არ ძალუძს.
ამ კატეგორიის ადამიანების სოციალურ დაცვაზე ქობულეთის საკრებულოს წევრმა ლია შაქარიშვილმა იფიქრა და ფრაქცია „ქართული ოცნების“ სახელით, შეჭირვებული მოსახლეობის ინტერესებზე მორგებული პროექტი დასამტკიცებლად მუნიციპალიტეტის საკრებულოს წარუდგინა. პროექტის მიხედვით, ამიერიდან 70 001-დან 200 ათასამდე სარეიტინგო ქულების მქონე პაციენტებს გეგმიური კორონაროგრაფიული კვლევის, სხივური თუ ქიმიოთერაპიის ხარჯები საჭიროების შემთხვევაში, 100 პროცენტით დაუფინანსდებათ. პროგრამის დეტალებზე გაზეთის დღევანდელ ნომერში თავად იდეის ავტორი გვესაუბრება.

– ქალბატონო ლია, რატომ გადაწყვიტეთ ამ პროგრამაზე მუშაობა?
– ასეთი პროგრამები არსებობს და წარმატებით მუშაობს ბევრ მუნიციპალიტეტში. ჩვენთან მისი განხორციელების სურვილი დიდი ხანია მქონდა. თუმცა, რაც საკრებულოს წევრი გავხდი, მისი აუცილებლობა კიდევ უფრო მეტად დავინახე, რადგან მეც და საკრებულოს სხვა წევრებსაც ხშირად მოგვმართავენ მოქალაქეები თანადაფინანსების თხოვნით. მოქმედი ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამა არ ითვალისწინებს ბენეფიციარის მიერ გადასახდელი წილის დაფარვას, ამიტომ ამ პროექტის მომზადება და დამტკიცება დიდი შვება იქნება განსაკუთრებული საჭიროების მქონე ადამიანებისთვის.
– აგვიხსენით კონკრეტულად რას გულისხმობს თქვენს მიერ შემუშავებული პროგრამა?
– პროგრამის მიზანია სოციალურად დაუცველი მოსახლეობის სამედიცინო მომსახურეობასთან დაკავშირებული იმ ფინანსური რისკებისგან დაცვა, რომელიც სრულად ვერ იფარება მოქმედი სახელმწიფო პროგრამებით. მარტივად რომ ვთქვათ, თუკი ამ კატეგორიას მიკუთვნებულ მოქალაქეს დაჭირდება გეგმიური ოპერაციული მკურნალობა, მუნიციპალური პროგრამა მას შეუვსებს დარჩენილ პროცენტულ წილს. პროგრამის მეორე კომპონენტი კორონაროგრაფიული კვლევის დაფინანსებას გულისხმობს. ეს კვლევა ადგენს გულის დაავადების ხარისხს და აუცილებელი წინაპირობაა სტენტირების, შუნტირებისა და სხვა სახის კარდიოქირურგიული ოპერაციების საჭიროების განსაზღვრისთვის. მესამე კომპონენტი ასევე ძალიან სენსიტიურია. პროგრამით მოსარგებლეებს 100 პროცენტამდე შეევსებათ სხივური და ქიმიოთერაპიის კურსის დარჩენილი 10 და 20 პროცენტი ანუ ყველა ამ სერვისში მუნიციპალური პროგრამის საშუალებით გადასახდელი აღარაფერი ექნებათ, რა თქმა უნდა, ჯანდაცვის პროგრამით დამტკიცებული ტარიფის ფარგლებში.
– მოსახლეობის რა ნაწილზე გავრცელდება პროგრამა?
– ამჟამინდელი სტატისტიკით ქობულეთის მოსახლეობა 91 ათას 218 ადამიანს შეადგენს. აქედან 19 ათას 903 მოქალაქეს მინიჭებული აქვს სარეიტინგო ქულა 0-დან 70 ათასის ჩათვლით, რაც ნიშნავს, რომ ისინი ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამის მიერ შეთავაზებული სერვისების 100-პროცენტიანი დაფინანსებით სარგებლობენ. ბენეფიციარებს, რომელთაც მინიჭებული აქვთ 70 ათას 001-დან 200 ათასამდე სარეიტინგო ქულა (მათი რიცხვი ქობულეთის მუნიციპალიტეტში 33 ათას 749 ადამიანია), საყოველთაო ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამით შეთავაზებული სამედიცინო მომსახურების ზოგიერთ სახეში დასაფარი აქვთ 10, 20 ან 30 პროცენტი, რომლის გადახდაც მათთვის მძიმე ტვირთი ან სულაც შეუძლებელია.
– რა ბედი ელის იმ დარჩენილ ნაწილს, რომელიც არ ეკუთვნის სოციალურად დაუცველთა კატეგორიას, მაგრამ ბევრი მათგანიც გადახდისუუნაროა?
– ასეთი მუნიციპალიტეტში 37 ათას 566 ადამიანია. რა თქმა უნდა მათზეც ნაფიქრი მაქვს, თუმცა ამ მომენტისთვის ვერ შევძელით მათი ინტერესების გათვალისწინება რამდენიმე გარემოების გამო. მოგეხსენებათ ქვეყნის პარლამენტი მუშაობს ახალ რეგულაციებზე, რომლებითაც დადგინდება სარეიტინგო ქულის მინიჭების ახალი კრიტერიუმები. ვნახოთ, რა ნორმები გვექნება განახლებული კრიტერიუმებით მოსახლეობის შეფასებისას. ასევე უნდა დადგინდეს კერძო სადაზღვევო პაკეტით მოსარგებლეთა ოდენობა. პროგრამის ამოქმედების შემდეგაც საკრებულოს შეუძლია ცვლილებები შეიტანოს მასში და მე ვიქნები ინიციატორი, რომ მოსარგებლეთა კატეგორია გაცდეს სოციალურად დაუცველთა წრეს, რადგან რეალურად, როგორც თქვენ ამბობთ, მიუხედავად იმისა, რომ ბევრი სტატისტიკით არ ეკუთვნის ამ კატეგორიას, მაინც გადახდისუუნაროა. საჭირო იქნება პროგრამის ბიუჯეტის გაზრდა და საკრებულოს წევრთა მხარდაჭერა. დარწმუნებული ვარ, ასეთ კეთილშობილურ საქმეს მოწინააღმდეგე არ ეყოლება.
– საკრებულომ მოიწონა თქვენს მიერ შეთავაზებული პროგრამა. როდის ამოქმედდება ის?
– პროგრამისადმი საკრებულოს წევრთა ერთიანი მხარდაჭერა გამგეობას ავალდებულებს პირველი შესაძლებლობისთანავე დააფინანსოს ის. ვფიქრობ, პირველი კვარტალის შემდეგ, როცა ბიუჯეტში გაჩნდება საკმარისი ეკონომიები, პროგრამაც ამოქმედდება. მიუხედავად იმისა, რომ ეს არ იყო ჩემი ვალდებულება, შევთავაზე ფინანსური უზრუნველყოფის რამდენიმე გზაც. როგორც იცით, ნებისმიერი პროექტი ხორციელდება ტენდერის გზით. ტენდერებიდან, როგორც წესი, რჩება ეკონომიები. ჩვენ, როგორც თვითმმართველი ორგანო, უფლებამოსილი ვართ მიზნობრივი ტრანსფერის გამომყოფ ორგანოსთან მივაღწიოთ თანხმობას, რომ ნარჩენი თანხები ხელახლა მომართოს ახალი ტრანსფერის სახით, რომელიც ეკონომიების ხარჯზე დარჩა. ჩემი მოსაზრება გავაცანი ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორს ბატონ ვლადიმერ ღლონტს და ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის ტრენერს პროგრამულ ბიუჯეტში ბატონ ბიძინა ძოძუაშვილს. ისინი თვლიან, რომ ეს აბსოლუტურად სწორი და ოპტიმალური მიდგომაა. რამდენიმე კოლეგისგან მოვისმინე საწინააღმდეგო, თუმცა დაუსაბუთებელი აზრიც, რომ ეს აქამდე არ გაკეთებულა და ამიტომაც შეუძლებელია. არა და, თვითმმართველობის არსი სწორედ იმაშია, რომ ინოვაციურად ვიაზროვნოთ და ეფექტურად გამოვიყენოთ კანონით მონიჭებული უფლებები.

ჯემალ მეგრელიძე