ამ რამდენიმე დღის წინ ბათუმში, სახალხო დამცველის რეგიონული დეპარტამენტის უფროსმა თეიმურაზ ქორიძემ, რეგიონული მედიის წარმომადგენლებს, სახალხო დამცველის აპარატის რეგიონული დეპარტამენტის აჭარის სამმართველოს უფროსი ციალა ქათამიძე წარუდგინა და ომბუდსმენის აპარატში განხორციელებულ ცვლილებებზე ისაუბრა.
სახალხო დამცველის რეგიონული დეპარტამენტის უფროსის განმარტებით, სამმართველოს შექმნა რეგიონალური ოფისების გაძლიერებას ისახავს მიზნად. კერძოდ, ცვლილების შედეგად, სახალხო დამცველის რეგიონული წარმომადგენლობები ადგილზე განიხილავენ შემოსულ ინდივიდუალურ განცხადებებს. აჭარის ოფისთან ერთად, ცვლილებები განხორციელდა იმერეთის, რაჭა ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის და სამეგრელო – ზემო სვანეთის სამმართველოებში.
წარდგინებაზე აჭარის რეგიონის სამმართველოს უფროსმა ოფისის სამომავლო საქმიანობაზე გაამახვილა ყურადღება და სამოქმედო გეგმის პრიორიტეტებსაც გაუსვა ხაზი. იმავე საღამოს ციალა ქათამიძემ ტელეკომპანია „ტვ12“-ის პირდაპირ ეთერში კვირის ანალიტიკურ პროგრამა „მედიატორის“ შეკითხვებს უპასუხა:
– მინდა სულით და გულით მოგილოცოთ ეს წარმატება და დიდი იმედი მაქვს, რომ თქვენ, როგორც არასამთავრობო სექტორში გამობრძმედილი ადამიანი, წარმატებით მოახერხებთ მოვაალეობის შესრულებას. ასევე ძალიან დიდი იმედი მაქვს იმისა, რომ აუცილებლად ვითანამშრომლებთ ისე, როგორც ადრე. ახალი სამმართველო შეიქმნა, მოდით, ძალიან მოკლედ ვისაუბროთ ამ სამმართველოს შექმნის მიზნებზე…
– სახალხო დამცველის აპარატში შეიქმნა ცალკე რეგიონალური დეპარტამენტი, რომელშიც გაერთიანდა სამმართველოები. ერთ-ერთი არის აჭარის სამმართველო. ზოგადად, ამ ცვლილებისას სახალხო დამცველის პოზიცია იყო ის, რომ სამართველო უფრო ეფექტური და ადგილზე შედეგებზე ორიენტირებული გამხდარიყო. ფაქტობრივად წლების განმავლობაში სახალხო დამცველის წარმომადგენლობის ოფისი აქტიურად მუშაობდა სხვადასხვა თემაზე, მათ შორის თქვენთანაც აქტიურად თანამშრომლობდა, ჩვენც ასევე აქტიურად გავაგრძელებთ ამ მიმართულებით სამიანობას და ამავდროულად შევეცდებით, რომ უფრო ფართო მასშტაბზეც გავიდეთ, უფრო ბევრი საკითხი მოვიცვათ და შევეცადოთ ამ საკითხების გადაჭრას.
– როცა ახალი კადრი ინიშნება და როცა სიახლეა, პირველ რიგში ჟურნალისტები ვინტერესდებით ხოლმე რა ბედი ელის იქ დასაქმებულ ადამიანებს, თანამშრომლებს, ხომ არ აპირებთ საკადრო ცვლილებას ან რაიმე ცვლილებებს საერთოდ?
– სახალხო დამცველის აპარატში ყველა თანამშრომელი კონკურსის საფუძველზე არის აყვანილი და შესაბამისად ჩემს კომპეტენციაში არ შედის მათი განთავისუფლება ან თანამდებობაზე დანიშვნა, ასეც რომ იყოს, ვფიქრობ ძალიან კარგი გუნდი მუშაობდა ბათუმის სამართველოში და იმედი მაქვს, რომ მომავალშიც ასევე წარმატებული საქმიანობა გვექნება.
– სანამ სამმართველო ჩამოყალიბდებოდა, იყო სახალხო დამცველის წარმომადგენელი აჭარაში – გიორგი ჩარკვიანი, გიორგი სად წავიდა? გაუშვეს თუ რჩება აპარატში?
– გიორგი რჩება აპარატში და ერთობლივად გავაგრძელებთ სამმართველოს ფარგლებში საქმიანობას.
– წარდგინებაზე თქვენ ისაუბრეთ ახალი გამოწვევების შესახებ და თქვით, რომ სახალხო დამცველის საქმიანობასა და მიმდინარე პროექტებში ახალგაზრდების, ჟურნალისტებისა და სამოქალაქო სექტორის აქტიურ ჩართულობას თვლით ახალ გამოწვევად…
– ზოგადად ძალიან ბევრ საკითხთან ერთად სახალხო დამცველის ერთ-ერთი ფუნქცია საგანმანათლებლო საქმიანობაცაა, განსაკუთრებით ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში, ჩვენ ვაპირებთ უმაღლეს და პროფესიულ სასწავლებლებთან თანამშრომლობას, ახალგაზრდობის ჩართვას დისკუსიებში, სამეცნიერო-საგანმანათლებლო კონფერენციებში, ვგეგმავთ შეხვედრებს, ასევე სტაჟირებასა და სხვა პროგრამებს. რაც შეეხება სამოქალაქო სექტორს, ვფიქრობ, სახალხო დამცველის აპარატის და სამოქალაქო სექტორის საქმიანობის მიზანი ფაქტობრივად იდენტურია, ეს გახლავთ ადამიანის უფლებათა დაცვა და ამ უფლებებთან მიმართებაში ძალიან ბევრი სხვადასხვა აქტივობის განხორციელება. ამიტომ ჩვენ მაქსიმალურად მჭიდრო თნამშრომლობა გვექნება ყველა რეგიონში და არა მხოლოდ რეგიონში მოქმდ არასამთავრობო ორგანიზაციებთან. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ჟურნალისტების როლი ამ სფეროში, რადგან ყველა ის საკითხი, რომელიც თქვენი ინტერესის საგანი ხდება შესაძლებელია გახდეს ჩვენი ინტერესის საგანიც და პირიქით.
– თქვენ სამმართველოში რამდენიმე დღის წინ მიხვედით, რა პრობლემები დაგხვდათ და რით აპირებთ დაწყებას?
– გამომდინარე იქედან, რომ მე არასამთავრობო ორგანიზაციაში ვმუშაობდი წლების განმავლობაში, სახალხო დამცველის აპარატთან სისტემატური შეხება მქონდა და ეს სფერო ჩემთვის უცხო არ არის, აქ საკეთებელი მუდმივადაა, სიახლეც ძალიან ბევრია, ასე რომ, ვერ ვიტყვი რაიმე პრობლემები დამხვდა მეთქი. მესამე სექტორის წყალობით მაქვს ძალიან დიდი გამოცდილება ადამიანის უფლებების დაცვის სფეროში, თუმცა არ მაქვს საჯარო სამსახურში მუშაობის გამოცდილება და ჩემთვის ეს არის ერთგვარი გამოწვევა. ვსწავლობ სხვადასხვა ტიპის საქმიანობას სახალხო დამცველის აპარატში, როგორც მოქალაქე და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენელი, ვეცნობი აჭარაში არსებულ პრობლემატიკას, მაქსიმალურად შევეცდები, ეს პრობლემები მოვაქციო იმ რეგლამენტში, რომელიც აქვს ჩვენს სამსახურს, რაღაც პერიოდის შემდეგ უფრო დეტალურად შემეძლება სხვადასხვა ტიპის პრობლემატიკაზე, რეგიონში მიმდინარე საკითხებთან მიმართებაში კომენტარის გაკეთება. პირველი გამოწვევა რაც დამხვდა, ლოგიკურია, რომ ვსწავლობ რა ტიპის საქმინობას ვახორციელებთ, რა არის ჩვენი მთავარი დანიშნულება და შემდგომ უკვე დეტალურად მოგახსენებთ სამოქმედო გეგმას.
– მინდოდა მეკითხა რამდენად დაგეხმარებათ მეთქი არასამთავრობო სექტორის გამოცდილება დღევანდელ საქმიანობაში, თუმცა თქვენ ნაწილობრივ ამ კითხვას უკვე უპასუხეთ.
– ჩემთვის, ამ შემთხვევაში უკვე როგორც სამმართველოს უფროსისათვის, ძალზედ მნიშვნელოვანია ის მდიდარი გამოცდილება, რაც არასამთავრობო ორგანიზაცია „ბორჯღალში“ დავაგროვე, იმიტომ, რომ ჩვენ ვმუშაობდით ძალიან ბევრ ისეთ საკითხზე, რომელიც ამ ეტაპზე უკვე არის სახალხო დამცველის ყურადღების ქვეშ და მოხვედრილია სახალხო დამცველის ანგარიშებში. ეს იყო სოციალურად დაუცველების საკითხი, ეკომიგრანტებთან არსებული პრობლემები და ეკომიგრაციის სფეროში არსებული საკითხები, თვითნებური შესახლებები, ეს პრობლემები ძირითადად აჭარის რეგიონშია…
– პენიტენციალურ სისტემებთან დაკავშირებით რას აპირებთ? ჩვენ ძალიან ბევრი წერილი მოგვდის უშუალოდ პატიმრებისგან ძალიან დიდი საყვადურებით.
– ჩვენც. ხშირ შემთხვევაში წერილის მოსვლისთანავე ვხვდებით პატიმრებს, ხდება პენიტენციალური დაწესებულების მონიტორინგი და ვცდილობთ არსებული პრობლემების შესახებ მივმართოთ ყველა პასუხისმგებელ ორგანოს. ეს პროცესი დღესაც მიმდინარეობს, ნებისმიერი საჩივარი, რომელიც შემოდის, ხდება უსწრაფესი რეაგირების საგანი, ჩვენი წარმომადგენლები დაუყოვნებლივ ახდენენ წინასწარი დაკავების საკანში მყოფ ადამიანებთან შეხვედრას და დეტალური ინფორმაციის მიღებას ამა თუ იმ პრობლემასთან დაკავშირებით. პროცედურულად ვცდილობთ გავიგოთ პენიტენციალური დაწესებულების და სასჯელაღსრულების დეპარტამენტის პოზიცია ამ საკითხებთან მიმართებაში, რა რეაგირება მოჰყვა ამ საჩივრებს და ა.შ.
– კითხვა ძალიან ბევრია, მაგრამ რადგან ახალი კადრი ხარ, მეტად აღარ „დაგტანჯავთ“, აჭარაში იციან ხოლმე თქმა „ჯერ სკამი გაათბოს და მერე ვნახოთო“, გაათბეთ სკამი და მერე ვნახავთ თქვენს საქმიანობას…
– ვცდილობ, ჩემი პასუხები იყოს კომპეტენტური. ამ შემთხვევაში შემიძლია გაგცეთ მხოლოდ ზოგადი პასუხები, რადგან რაღაც პერიოდი დამჭირდება, რომ დეტალურად შევისწავლო ყველა პრობლემა, რათა ჩემი პასუხი იყოს კომპეტენტური.
– რას ეტყვით ჩვენს საზოგადოებას უკვე ამ სამმართველოს ხელმძღვანელის რანგში?
– აქტიურად ვაპირებთ გასვლებს მუნიციპალიტეტებში, რადგან ადგილებზე მოხდეს იდენტიფიცირება არსებული პრობლემებისა და თუ თქვენ თვლით, რომ დაირღვა თქვენი უფლებები, შეგიძლიათ მოგვმართოთ. ჩვენ შევეცდებით ყველა ტიპის რეაგირება მოვახდინოთ თქვენი უფლებების დარღვევის საკითხებზე.
– დიდი მადლობა.
თამაზ ქობულაძე, სალომე კახაძე