ამ რამდენიმე წლის წინ, ოზურგეთისკენ მიმავალ გზაზე, სოფელ გვარას გადასახვევთან სასათბურე მეურნეობის ფართობები გადაიჭიმა. ის იყო ნაყოფი სიმწიფეში შედიოდა, რომ დიდთოვლობის გამო სათბური მთლიანად ჩაინგრა… განადგურდა ტონობით ნაყოფი, ხელახლა გახდა გასაკეთებელი სათბური. სოლიდური თანხა იზარალა ფირმამ…
სტიქიამ დაწყებულ საქმეზე ხელი ვერ ჩააქნევინა ინვესტორს, პირიქით, საქმის ბოლომდე მიყვანის სურვილი გაორმაგდა და აი, ამავე ადგილას კვლავ აღსდგა მყარი მეტალის კონსტრუქციები და ისევ სათბურები წამოიმართა…
სად იგზავნება პროდუქტი, ვის გამოჰყავს, ვინ უვლის ამ ზამთარში კიტრსა და პომიდორს? ამ კითხვებით ვესტუმრეთ სათბურის ხელმძღვანელობას.
– სასათბურე მეურნეობის მესაკუთრე უკრაინელი ინვესტორია. სათბური მთლიანად 1 ჰექტარზეა გაშენებული. ამჟამად მოგვყავს მხოლოდ პომიდორი. ეს არის ვარდისფერი, საუკეთესო ჯიშის ბოსტნეული. ადრე დარგული გვქონდა ჰოლანდიური ჰიბრიდული ჯიშის პომიდორი, მაგრამ არ გაამართლა და ვარდისფერი პომიდორის მოყვანა ვარჩიეთ – გვესაუბრება სასათბურე მეურნეობის აგრონომი ავთანდილ ხაჯიშვილი.
– ბატონო ავთო, მარტო პომიდორი მოგყავთ?
– რაც განახლდა სათბური, მხოლოდ პომიდორია დარგული. ახლა გვინდა ავითვისოთ ახალი ფართობი და კიტრიც მოვიყვანოთ. ამჟამად მეურნეობაში 22 ადამიანია დასაქმებული. პომიდორი კვირაში 2 ტონამდე იკრიფება.
– რეალიზაცია სად ხდება, ქობულეთში მოყვანილი პომიდორი აქაურ ხალხს სანატრელი აქვთ.
– მოყვანილ პროდუქციას ჩვენ მხოლოდ ბითუმად ვყიდით. ჩვენი ძირითადი მომხმარებელია თბილისში ჰიპერმარკეტი ,,კარფური~ და ბათუმში ,,ვილმარტის~ ქსელი. დანარჩენი მიაქვთ კერძო მეწარმეებს…
– რით ათბობთ ამ სივრცეს?
– გაზით ვათბობდით, მაგრამ ძვირი დაგვიჯდა და გადავედით ქვანახშირზე, რომელსაც ტყიბულიდან ვღებულობთ.
– კლიენტი ბევრი გეყოლებათ…
– კი, ბევრია, შეიმთვალება თუ არა ნაყოფი, მის ბოლომდე დამწიფებას არც კი ელოდებიან, ისე მიაქვთ.
– სათბურში მოყვანილ ბოსტნეულზე ათასი ხმაა გავრცელებული, შხამ-ქიმიკატებითაა გაჯრებულიო…
– სანამ აქ დავიწყებდი მუშაობას, მეც ასეთი წარმოდგენა მქონდა, მაგრამ ახლა თვითონ ვარ ამ პროცესის მონაწილე და დარწმუნებით შემიძლია გითხრათ, რომ ეს ასე არ არის. სათბურში მცენარე ღებულობს იმდენ სასუქს, რაც ღია ცის ქვეშ შეგვაქვს ჩვეულებრივად ბოსტნეულისათვის. თანაც სასუქები უცხოეთიდან შემოდის და იმდენად ძვირია, ნორმაზე მეტს არავინ გაიმეტებს.
სასიამოვნო სითბოა სათბურში. გახასხასებული პომიდვრები დახუნძლულან საღი ნაყოფით. მთელ ტერიტორიაზე დაგებულია სპეციალური ხალიჩა, ისე რომ, ნერგს შეხება არ აქვს ნიადაგთან. მცენარე ჩარგულია სპეციალურ პარკებში მოთავსებულ ნიადაგში, რომელიც შეზავებულია ქოქოსის ნარჩენებთან და ისიც უცხოეთიდანაა შემოტანილი, სწორედ აქედან იღებს ნერგი ყოველგვარ საკვებს. სათბურში შევესწარით ორ ქალბატონს გუგული ჯაყელს-ტაკიძეს და ნონა შაინიძეს, რომლებიც სათბურის დაარსების დღიდან მუშაობენ. სათუთად უვლიან ნერგებს, თავს დასტრიალებენ, რომ საღი, საუკეთესო ნაყოფი მივიდეს მომხმარებლამდე.
ლია გრძელიძე, ლევან თურმანიძის ფოტო