ახალსოფლის გზაზე, სოფელ გვარასთან მისვლამდე, აგროსერვისცენტრის სათბურებია განლაგებული – აქ მარწყვია გაშენებული. კონსულტანტ ემზარ ჯაფარიძის თანხლებით შევდივართ სათბურში. აქაურობას მხოლოდ სამოთხეს თუ შეადარებ, მწვანედ ბიბინებს ექვს სტელაჟზე საუცხოოდ მოვლილი მარწყვი, სითბოა, 8 გრადუსი. ზოგი ჰყვავის, ზოგი მწვანედ დახუნძლულა და ეს ესაა შევარდისფერდება, ბევრგან უკვე მწიფე ნაყოფი მაცდურად იმზირება. საამო სურნელს აფრქვევს საღი, ნამყენი ნაყოფი. მარწყვიც, როგორც პამიდორი, კოლოფებში მოთავსებულ სპეციალურ ნიადაგშია ჩარგული.
– 500 კვადრატული მეტრი ფართობი უჭირავს მარწყვს, დარგულია 10,000 ძირი, უნდა მივიღოთ 10 ტონა ნაყოფი. ათ დღეში სიწითლეები წავა და დღეში 30-40 კილოგრამს მოვკრეფთ -გვესაუბრება მასპინძელი. ერთმა ძირმა 1 კილოგრამი უნდა მოგცეს წელიწადში. რომ დამწიფდება, გამოცხადდება ტენდერი და გამარჯვებული ფირმა გაიტანს გასაყიდად…
– ბატონო ემზარ, აქა-იქ სტელაჟის ქვემოთ სალათის ძირებია შემორჩენილი…
– დიახ, სალათი გვქონდა დარგული ქვემოთ. ის უკვე ავიღეთ, ახლა მხოლოდ მარწყვს მივხედავთ…
– რამდენი ადამიანი ემსახურება ამ ფართობს?
– დილიდან 12 საათამდე ორი ქალბატონი – ციური ზოიძე და ციური ქათამაძე ემსახურება. ნერგებს სუფთა, ორგანული საკვები ეძლევა, აი, ამ მილებით წვეთოვანი გზით შედის ძირებთან…
– დამტვერვა როგორ ხდება ამ ჩაკეტილ სივრცეში?
– ფუტკრით ხდება დამტვერვა. ახლა 2-3 დღეში ჩამოიყვანენ ფუტკარს ბუნებრივი დამტვერვისთვის…
– მერე ფუტკარი სად მიგყავთ?
– არსად, იღუპება. ეს სპეციალურად დამტვერვისთვის გამოყვანილი ჯიშია.
– რამდენ ძირად შეიძლება გამრავლდეს ერთი ნერგი?
– ერთმა ძირმა მარწყვმა შეიძლება გაძლოს 3 წელიწადს და დაახლოებით 3-4 ძირით გამრავლდეს. ამჯერად პოლონეთიდან შემოგვაქვს ეს ნერგები, მერე ჩვენით ჩავანაცვლებთ და ადგილობრივი გვექნება. ესაა საცდელი ნაკვეთი. დარგვიდან 45 დღეში იძლევა ნაყოფს… როცა ნერგების გამოყვანას დავიწყებთ, გავყიდით კიდეც.
– რით ათბობთ ამ სივრცეს?
– არაფრით, მზის სხივებით თბება. მარწყვს დიდი სითბო არ სჭირდება, თანაც 8 გრადუსამდე ყინვასაც უძლებს. აქვე, ახლოს გვაქვს პამიდვრის სათბური, რომელიც 5000 კვ.მეტრზეა გაშენებული და დარგული გვაქვს 1064 ძირი. ტონა და 500 კილოგრამი უკვე გავყიდეთ. კიდევ ველით 3-4 ტონას. ერთი ძირი იზრდება 12 მეტრამდე და 8-10 კილოგრამ ნაყოფს იკრეფს. მოგვყავს აგრეთვე მოცვი, ჟოლო (მალინა)…
ეზოში, ღია ცის ქვეშ რამდენიმე მწკრივად გაშლილა ვენახის რიგები, სულ 24 ჯიშია, ყველა რიგს წარწერა აქვს რომელი ქვეყნის არის. ,,პორტუგალია~, ,,საფრანგეთი~, ,,იტალია~, ,,აშშ~, ,,ესპანეთი~ და ა.შ. ესაა, როგორც სუფრის, ასევე ღვინის ყურძენი. საუცხოო ღვინო გამოდის, სუფრის ყურძენი ხომ არაჩვეულებრივია, თითო მტევანი, მგონი კილოგრამია, მარცვლები ქლიავის ხელაა, არც გეგონება ყურძენი. აქვთ ხილის ფართობიც…
– ბატონო ემზარ თუ შეიძლება ამ ყურძნის ჯიშის შეძენა, ან ხილის ნერგის?
– შეიძლება, ოღონდ ამჯერად მხოლოდ ცოლიკაურის ლერწამი გვაქვს გასაყიდი. გავყიდით ხილის ნერგებსაც.
სულ მალე ჩვენი სოფლების მცხოვრებთა ფართობებსაც დაამშვენებს სხვადასხვა ქვეყნის ხილის, ყურძნის ნარგავები.
ლია გრძელიძე, ლევან თურმანიძის ფოტო