საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ დირექტორის მოადგილე გიორგი ფარეშიშვილი ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის იმ სტუდენტებს შეხვდა, რომლებიც მოხალისის სტატუსით აქტიურად თანამშრომლობენ საინფორმაციო ცენტრის აჭარის ბიუროსთან. სტუდენტებთან შეხვედრისას გიორგი ფარეშიშვილმა ყურადღება გაამახვილა ახალგაზრდების ინფორმირებულობის ხარისხზე, სწორი მოქალაქეობრივი პოზიციის და შეხედულებების ფორმირების მნიშვნელობაზე, აგრეთვე მიმოიხილა საქართველოს საგარეო კურსის ძირითადი მიმართუულებები და ევროინტეგრაციის პროცესში არსებული გამოწვევები. საუბარი შეეხო ოკუპირებული ტერიტორიების საკითხსაც, ახალგაზრდებმა იმსჯელეს პრობლემის მოგვარების შესაძლო ვარიანტებზე. დისკუსიის მსვლელობისას, საინფორმაციო ცენტრის დირექტორის მოადგილემ სტუდენტებს სოხუმში ჩაწერილი ვიდეო-მიმართვაც აჩვენა, რომელიც მისი აფხაზეთში ყოფნისას სახელდახელოდ მომზადდა. მოხალისეებმა მათთვის საინტერესო სხვა კითხვებზეც ამომწურავი პასუხები მიიღეს და სამომავლოდ, ევროინტეგრაციის კუთხით დაგეგმილ მნიშვნელოვან აქტივობებში მონაწილეობის მიზნით საინფორმაციო ცენტრთან კიდევ უფრო მჭიდრო თანამშრომლობის სურვილი გამოთქვეს.