მთავარი ვიდეორეპორტაჟი განათლება, მეცნიერება, კულტურა, სპორტი რა მიზეზით გადაიდო სასწავლო წლის დაწყება ქობულეთის ბაღებში?!.

რა მიზეზით გადაიდო სასწავლო წლის დაწყება ქობულეთის ბაღებში?!.

851
0

ზუსტად ორი კვირით იგვიანებს სასწავლო-სააღმზრდელო პროცესის დაწყება ქობულეთის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში, რასაც საბავშვო ბაღების გაერთიანების დირექტორი ია ხალვაში მიმდინარე რემონტებით ხსნის.
როგორც ია ხალვაშმა „ჩემი ქობულეთის“ ჟურნალისტთან საუბარში განაცხადა, 1 ოქტომბერს აღსაზრდელებს მიიღებს რაიონის 20 სკოლამდელი აღზრდის დაწესებულება, აქედან 17 დღემდე არსებული საბავშვო ბაღია, ხოლო დანარჩენ 3 ბაღში – მუხაესტატეში, ბობოყვათსა და კვირიკეში ლენტი წელს პირველად გაიჭრება.
საბავშვო ბაღების გაერთიანების დირექტორის ინფორმაციითვე, შარშან მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღებმა სკოლისაკენ 580 აღსაზრდელს დაულოცეს გზა, ხოლო წელს უკვე ახალი ობიექტების ჩათვლით, 860 პატარას გაუღეს ბაღის კარი.
– „მართალია სააღმზრდელო პროცესის დაწყება ორი კვირით დაიგვიანებს და იგი 14 სექტემბრის ნაცვლად 1 ოქტომბერს აღდგება, მაგრამ ეს ყველაფერი გამოწვეულია 14 საბავშვო ბაღში ერთდროულად მიმდინარე კაპიტალური რემონტებით, რაც კეთდება, მართლა ძალიან კარგად კეთდება და ჩვენს პატარებს განახლებულ ოთახებთან ერთად, შეცვლილი გარემო, ხარისხიანი სწავლა-აღზრდისათვის აუცილებელი ყველა პირობა დახვდებათ. გვაქვს სასიამოვნო სიახლეც, წელს რაიონის საბავშვო ბაღების რიცხვს კიდევ სამი სკოლამდელი აღზრდის დაწესებულება შეემატა, 2016 წლის იანვარში გავხსნით კიდევ 2 ბაღს ხუცუბანსა და სოფელ ქობულეთში, შეძენილი გვაქვს კიდევ რამდენიმე ახალი საბავშვო ბაღის პროექტი, მოკლედ, მომავალი წლის ბოლოსთვის ქობულეთს სულ 26 სკოლამდელი აღზრდის დაწესებულება ექნება, მათ შორის გელაურის დასახლებაში, ჩაქვში, ზენითსა და ფიჭვნარში“ – აცხადებს ია ხალვაში.
გაერთიანების დირექტორი ირწმუნება, რომ ამ დღეებში დადებითად გადაწყდება პირველი და მეორე ცვლების პედაგოგთა შრომის ანაზღაურების გათანაბრების საკითხი, რაც ია ხალვაშს თავის დროზე დაშვებულ შეცდომად მიაჩნია და მიმართა კიდეც მუნიციპალიტეტს შესაბამისი მოთხოვნით.
– „წერილით მივმართეთ მუნიციპალიტეტის გამგეობას და ჩემი ინფორმაციით, საკითხი გადაწყვეტის პროცესშია, დარწმუნებული ვარ, ყველაფერი ჩვენი პედაგოგების სასარგებლოდ გადაწყდება“ – აცხადებს ხალვაში და კიდევ ერთ სასიამოვნო სიახლეზე საუბრობს: – „ასევე გათანაბრდება დამატებითი საგნების პედაგოგთა ხელფასებიც, რომლებიც დღემდე ერთნაირი სამუშაოს შესრულების მიუხედავად, განსხვავებულ ანაზღაურებას ღებულობდნენ, ესეც იურიდიული თვალსაზრისით დარღვევა იყო და წელს ამ კუთხითაც აღდგება სამართლიანობა~. ამასთან, ია ხალვაშის თქმით, არის კიდევ ერთი ძალიან კარგი სიახლე, რომელიც განსაკუთრებით აღმზრდელ-მასწავლებლებს გაახარებს, ახალი 2016 წლიდან მოსალოდნელია ბაღის თანამშრომელთა შრომის ანაზღაურების გაზრდა.“
ია ხალვაში ახალი სასწავლო წლისთვის გაერთიანებაში საკადრო ცვლილებებს არ გეგმავს: – „ყველაფერი ძველებურად დარჩება, რადგან ამ ეტაპზე რაიმე ცვლილებების აუცილებლობას ვერ ვხედავ“ – აცხადებს იგი და ახალი სასწავლო წლის დაწყებას ულოცავს ყველა პედაგოგს, რიგით თანამშრომელს, მშობლებსა და აღსაზრდელებს. უსურვებს მათ წარმატებულ წელიწადს და ნაყოფიერ საქმიანობას.

ლია გრძელიძე