შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა, მოადგილესთან გიორგი ბუთხუზთან, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარესთან – თორნიკე რიჟვაძესთან და სამინისტროს სხვა ხელმძღვანელ პირებთან ერთად, აჭარაში, ქალაქ ბათუმში, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ერთიანი მომსახურების ცენტრი გახსნა.
შინაგან საქმეთა მინისტრი სერვისცენტრის თანამშრომლებს გაესაუბრა და მათ საქმიანობაში წარმატება უსურვა. ვახტანგ გომელაურმა საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოს ახლადგარემონტებული შენობაც დაათვალიერა, რომელიც საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისადაა მოწყობილი.
ბათუმში, ერთიანი მომსახურების ცენტის გახსნა სამინისტროს სტრუქტურული ერთეულების გაძლიერებასა და საპოლიციო სერვისებზე მოქალაქეთა ხელმისაწვდომობის გაზრდას ისახავს მიზნად.
დღეიდან მოქალაქეები 50-მდე საპოლიციო მომსახურებას, ერთ სივრცეში მიიღებენ. მათ შორის: ავტოსატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების შეჩერების შესახებ დადგენილების გაუქმებას ან ჯარიმით შეცვლას, ნაპოვნი სანომრე ნიშნის მიღებას, სპეციალურ სადგომზე გადაყვანილი სატრანსპორტო საშუალების გაყვანაზე თანხმობას და სხვა.
საპატრულო პოლიციის თანამედროვე საპოლიციო სერვისცენტრი აღჭურვილია ვიზიტორთა რიგის მართვის, ელექტრონული ხელმოწერისა და ინფორმაციული ტექნოლოგიების სისტემებით, ასევე, დანერგილია განაცხადების ელექტრონული ფორმით მიღების სისტემა.
შენობა ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის.
საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ერთიანი მომსახურების ცენტრი თბილისში, რუსთავში, მცხეთაში, გორსა და ბათუმში უკვე ფუნქციონირებს და სამომავლოდ საქართველოს სხვა ქალაქებშიც გაიხსნება.