მთავარი ვიდეორეპორტაჟი განათლება, მეცნიერება, კულტურა, სპორტი რა სიახლეებით ხვდება ახალ სასწავლო წელს საზოგადოებრივი კოლეჯი „ახალი ტალღა“

რა სიახლეებით ხვდება ახალ სასწავლო წელს საზოგადოებრივი კოლეჯი „ახალი ტალღა“

762
0

საზოგადოებრივი კოლეჯი „ახალი ტალღა“ ახალი თაობის მოლოდინშია, უკვე ერთი კვირაა, რაც აქ ახალი პროფესიების შესწავლის მსურველთა რეგისტრაცია მიმდინარეობს, იქედან გამომდინარე, რომ კოლეჯი კვლავაც მოთხოვნად და თანამედროვე ცხოვრებისთვის აუცილებელ პროფესიათა სპექტრს სთავაზობს ახალგაზრდებს, მისაღებ კომისიაში ჩვეული ხალხმრავლობაა, როგორც კოლეჯის დირექტორი დავით მჭედლიშვილი გვიხსნის, განაცხადებების მიღება აქ კიდევ ერთი კვირის განმავლობაში გაგრძელდება, ამიტომ კოლეჯში მოხვედრის მსურველებმა დროულად უნდა შეიტანონ განაცხადები სასურველ პროფესიაზე. წელს უამრავი სასიამოვნო სიახლეც აქვთ „ახალ ტალღელებს“, რასაც ბატონი დავითი დიდი სიხარულითა და სიამაყით გვიზიარებს…

– ბოლო წლების განმავლობაში ვმუშაობთ ევროპული, უშუალოდ კი გერმანული ხარისხის მართვის სტანდარტზე და 10 დღის წინ, საქართველოში პროფესიული განათლების სტანდარტებში პირველებმა მივიღეთ ეს სტანდარტი (IFQM), რაც მაქსიმალურად დაეხმარება ჩვენს კოლეჯს, პედაგოგებსა და ადმინისტრაციას განსაკუთრებით მაღალი შედეგების მიღწევაში. ეს სტანდარტი ევროპაში, განსაკუთრებით კი გერმანიაში 15 წელზე მეტია, რაც დაინერგა და წარმატებით მუშაობს. ვფიქრობ, ეს ერთ ერთი წინგადადგმული ნაბიჯი იქნება ჩვენთვის ხარისხის გაუმჯობესების თვალსაზრისით, რადგან წლევანდელი წელი გვინდა მაქსიმალურად იყოს მიახლოებული ბიზნესის მოთხოვნებთან. მიმაჩნია, რომ პროფესიონალი კადრის გაზრდა ჩვენი უპირველესი ამოცანაა, რათა კოლეჯის კურსდამთავრებული პირდაპირ, ყოველგვარი დაბრკოლების გარეშე დასაქმდეს.

– კიდევ რა სიახლე გაქვთ ბატონო დავით, ვიცით, რომ თქვენ შარშან მთელი წლის განმავლობაში გადიოდით მოდულარული პროგრამების პილოტირების პროცესს, რას ნიშნავს ეს და რას მოუტანს ეს პროგრამები კოლეჯს, სტუდენტ-ახალგაზრდობას?

– მოდულარული პროგრამები გახლავთ ევროპული პროგრამები, რომელშიც ზუსტად არის გაწერილი სტუდენტის და საერთოდ ბიზნესმოთხოვნები, იგი ზუსტადაა ჩაშლილი თემატიკის მიხედვით და მოდულებშია განსაზღვრული და აბსოლუტურად მორგებულია სტუდენტზე. პილოტირების შემდეგ, წელს უკვე ცხრა პროგრამა ხორციელდება ჩვენს კოლეჯში. სიახლეს ზოგჯერ წინააღმდეგობებიც ახლავს, თუმცა კოლეჯი ძალიან კარგად მოემზადა იმისათვის, რათა წელს ეს პროგრამები დაგვეწყო. მოდულარული პროგრამები ითხოვს მატერიალურ-ტექნიკური ბაზის, ადამიანური და ფინანსური რესურსით სრულყოფას, სხვაგვარად ეს პროგრამები ვერ განხორციელდებოდა, ამიტომ გათანამედროვდა და სრულყოფილი გახდა ჩვენი ლაბორატორიები, თბილისის განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში გადამზადდნენ პედაგოგები და შეიქმნა კარგი ბაზა, ადაპტირებული გარემო ბიზნესთან თანამშრომლობით. გაფართოვდა ჩვენს პარტნიორებთან მემორანდუმების ქსელი, ძალიან კმაყოფილები ვართ, რომ დღეს ქობულეთის კოლეჯში არის შესაძლებლობა იმისა, რომ ეს პროგრამები სწორედ ამ პირობებით განხორციელდეს. ვფიქრობ, ოქტომბრის ბოლოს ჩვენ უკვე დავიწყებთ ახლებური მიდგომით სწავლებას და სამომავლოდ ძალიან კარგ შედეგსაც მივიღებთ.

– თქვენს კოლეჯს სტუდენტთა გაცვლისა და ქვეყნის გარეთ მოქმედ კოლეჯებთან საქმიანი ურთიერთობების დიდი ტრადიცია გააჩნია, ამ კუთხით რა ხდება დღეს?

– ეს ქსელი კიდევ უფრო გაფართოვდა, თქვენ იცით, რომ საკმაოდ კარგი ურთიერთობები გვქონდა ესტონეთთან, ეს პრაქტიკა დავიწყეთ მოკლევადიანი კურსებით, წელს კი უკვე შეგვიძლია განვახორციელოთ სერიოზული სტაჟირებები და სწავლის გაგრძელება ესტონეთში, ეს გახლავთ ასოცირების ხელშეკრულებიდან გამომდინარე, ორწლიანი თანამედროვე პროგრამა, რომელიც ჩვენ ერთობლივად შევიმუშავეთ და ეხება საერთაშორისო გადაზიდვებისა და ლოჯისტიკის პროფესიას. ეს თავად ესტონელებისთვისაც ახალი პროგრამაა და იგი ინგლისურ ენაზე, მხოლოდ ჩვენს პარტნიორ კოლეჯში ხორციელდება.  იქ სწავლება და ცხოვრება ჩვენი სტუდენტებისათვის უფასოა, იღებენ სტიპენდიას და სხვა ძალიან ბევრ შეღავათს. ამჟამად ესტონეთში ხუთი სტუდენტი გვყავს გაგზავნილი. დარწმუნებული ვარ, ლოჯისტიკა ჩვენი რეგიონის სპეციფიკიდან გამომდინარე ძალიან მოთხოვნადი და საჭირო პროფესიაა, შემდგომი მიმართულება კი იქნება ტურიზმი, ასევე, ვინაიდან ესტონეთს აიტი ტექნოლოგიებში დიდი წარმატებები აქვს ეს პროფესიაც გვსურს მოვაქციოთ ერთობლივი პროგრამის ფარგლებში. გარდა ამისა, ანალოგიურ გაცვლით პროგრამებზე ვმუშაობთ გერმანიასთან და პოლონეთთან, დარწმუნებული ვარ გერმანიასა და პოლონეთში გავლილი სტაჟირება და მიღებული გამოცდილება ნამდვილად წაადგებათ ქართველ სტუდენტებს. ასევე ჩართულები ვართ ბევრ საერთაშორისო პროგრამაში, ამ წუთასაც ჩვენს კოლეჯში მიმდინარეობს „ერასმუს +“-ის პროგრამის პროექტი, რომლის ფარგლებშიც ესტონელი, ლატვიელი და უკრაინელი სტუდენტები და პედაგოგები ჩვენს კოლეჯში სტუმრად იმყოფებიან. პროგრამის ფარგლებში მიმდინარეობს ერთობლივი მუშაობა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე სტუდენტებთან, რაც მათ ადაპტირებას უწყობს ხელს.

– შეზღუდული შესაძლებლობის მქონე სტუდენტები ახსენეთ ბატონო დავით და აქვე გკითხავთ, გაქვთ თუ არა ამ კატეგორიის სტუდენტებთან მუშაობის პრაქტიკა და რა კეთდება მათი პროფესიული ორიენტაციისთვის?

– როცა შენობაში შემობრძანდით, ალბათ შენიშნეთ რამდენიმე ახალი პანდუსი, ამჟამად სამი ლიფტი მონტაჟდება სასწავლებლის კორპუსებში, ფაქტობრივად კოლეჯში არ დარჩება წერტილი, ლაბორატორია, სადაც შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირს არ შეეძლება მისვლა და გადაადგილება. ეს მართლა გამარჯვებაა, რადგანაც ეს ადამიანები ელოდებიან ამ ყველაფერს, რომ მოვიდნენ და შესაბამისი პროფესია შეისწავლონ.

– თუ მკვიდრდება დღემდე არსებულის გარდა სხვა რაიმე ახალი პროფესიების სწავლების პრაქტიკა და რა ნაბიჯები გადაიდგა ამ კუთხით?

– რა თქმა უნდა, ამ მხრივაც გვაქვს სიახლეები, წელს, მრავალწლიანი ანალიზის შემდეგ დავიმატეთ ახალი პროგრამები, განსაკუთრებით კი აღვნიშნავ ფერმერის პროგრამას, რომელიც გაეროს განვითარების ფონდთან ერთად დამუშავდა. რადგან წინა წლებში განათლების კუთხით ნაკლები ყურადღება ექცეოდა სოფლის მეურნეობას, გვსურს ეს დეფიციტი რაც შეიძლება მალე შევავსოთ. პროგრამაში ცალკ-ცალკე მოდულებადაა ჩაშლილი მეცხოველეობა, ვეტერინარია, მემცენარეობა, მებოსტნეობა, მეთევზეობა, მეფუტკრეობა და ა.შ. გვაქვს შესაბამისი სამთავრობო სტრუქტურების მხარდაჭერა, რათა შევქმნათ შესაბამისი თანამედროვე ბაზა ამ პროფესიების სწავლებისათვის. ვფიქრობ, ეს წელი ჩვენს კოლეჯში იქნება წარმატებული წელი სოფლის მეურნეობის განათლების კუთხით. გარდა ამისა, მინდა გამოვყო მშენებლობის პროგრამაში „კნაუფის“ რესურსცენტრის აქტიური ჩართულობა, მათთან ერთად დამუშავდა ახალი პროგრამა მებათქაშის პროფესიის შესასწავლად, რომელიც აბსოლუტურად გერმანულ სტანდარტზე იქნება მორგებული და შევასწავლით ბათქაშის კეთებას არა ხელით, არამედ უკვე ავტომატიზაციის გამოყენებით. ამ ბაზას თვითონ გერმანული კომპანია გვპირდება და კოლეჯს საჩუქრად გადმოეცემა ყველა ის მოწყობილობა, რომლითაც უნდა ისწავლონ ჩვენმა სტუდენტებმა. ვმუშაობთ კიდევ ერთ ძალიან მნიშვნელოვან საქმეზე, გვსურს, ჩვენი კოლეჯის ბაზაზე საფუძველი ჩავუყაროთ უცხო ენების ცენტრს, რადგან სწავლების ის დონე, რაც ამჟამად არსებობს, უკვე არასაკმარისია, არადა, დასაქმებისთვის უცხო ენის ცოდნა უმთავრესი პირობაა. ინგლისურისა და რუსულის გარდა, პროგრამაში ჩავრთეთ გერმანული ენაც, რადგან სტაჟირებებს ვგეგმავთ გერმანიაში და ენის ცოდნა აუცილებლად გამოადგებათ ჩვენს ახალგაზრდებს.

–  ამ წუთისათვის რამდენი პროგრამა მუშაობს ანუ როგორია პროფესიათა არჩევანი?

– სამოცამდე პროგრამა გვაქვს ავტორიზებული, აქედან ვაცხადებთ 48 პროგრამას, აქედან ყველაზე მეტი მოთხოვნა ისევ ტურიზმზე, აიტი ტექნოლოგიებსა და მშენებლობის მიმართულებებზეა. თუმცა, არანაკლები მოთხოვნილებაა სამედიცინო მიმართულებით, ექთანი, ფარმაცევტის თანაშემწე და ა.შ. 14 სექტემბერს დაიწყო განაცხადების მიღება და მესამე დღისთვის იმდენი განცხადება შემოვიდა ავტოდიაგნოსტიკის სპეციალობაზე, რომ კონკურსია.

– ეს პროგრამები ფასიანია თუ უფასო?

– აბსოლუტურად ყველა პროგრამა უფასოა და ფინანსდება სახწლმწიფოს მიერ. სწორედ ეს არის დღეს ყველაზე დიდი საქმე, რომ სახელმწიფო აძლევს ყველა ადამიანს შანსს, ისწავლოს პროფესია და დასაქმდეს.

– ამ დროისათვის რამდენი სტუდენტი გყავთ?

– ავტორიზირება გვაქვს 900 სტუდენტზე და ყველა ადგილი ივსება, თუმცა ეს კვოტა არასაკმარისია, რადგან სწავლის გაცილებით მეტი მსურველი მოდის და ჩვენ მათ მიღებას ვეღარ ვახერხებთ. საშემოდგომოდ ჩვენი პირველი ამოცანა იქნება მოთხოვნა კვოტის გაზრდასთან დაკავშირებით 1200-მდე მაინც.

– რა დროს სჭირდება ამა თუ იმ პროფესიის ათვისებას?

– არის საგნობრივი პროგრამები, რომლებსაც გააჩნია 6-დან 8 თვემდე ხანგრძლივობა, თუმცა მოდულარული პროგრამები, რომლებზეც ზემოთ გესაუბრეთ, გაცილებით ხანგრძლივ პერიოდს მოიცავს – დაახლოებით ორიდან ორწლინახევრამდე. ეს ყველაფერი პირდაპირ პროპორციულად მიმართულია ხარისხისაკენ, რადგან პროფესიულ დაოსტატებას სჭირდება ხანგრძლივი წვრთნა.

– არსებობს თუ არა რაიმე სტატისტიკა თქვენი კურსდამთავრებულების დასაქმების შესახებ თუ როგორც ხშირ შემთხვევაში ხდება უმაღლესის დიპლომივით კარადის თავზე უწევთ თქვენი დიპლომის შენახვაც?

– ჩვენ აკადემიური განათლებისგან სწორედ ამით განვსხვავდებით. ჩვენი პროგრამები არის პრაქტიკული და როცა ადამიანს აინტერესებს რაღაც პროფესია, მას შეუძლია მოკლე ვადაში ახალ პროფესიას დაეუფლოს და გამოიყენოს პრაქტიკულ ცხოვრებაში, ამიტომ აღარ უწევს მას დიპლომის კარადის თავზე შემოდება. ყოველი პროგრამის განხორციელებისათვის თავდაპირველად ძალიან დიდი ანალიზის გაკეთება გვიხდება, რათა დავადგინოთ თვითონ ბიზნესისგან გამომდინარე, რა პროფესიებია საჭირო და ამის შემდეგ ვაცხადებთ მიღებას, ამასთან ყველა კურსდამთავრებულს ძალიან დიდი შანსი აქვს, თავადვე განავითაროს საკუთარი ბიზნესი.

– ძირითადად სადაური კონტინგენტი გაკითხავთ, ეს არის მხოლოდ ქობულეთი თუ სხვა რეგიონებიდანაც მოდიან ახალგაზრდები?

– ძირითადად, რა თქმა უნდა, ჩვენი სტუდენტების უმრავლესობა ქობულეთელებია, არიან აჭარის სხვა რაიონებიდანაც, თუმცა გვყავს სტუდენტები გურიიდან, სამეგრელოდან, იმერეთიდან, ქართლიდან და თბილისიდანაც კი. მათ განკარგულებაშია ჩვენი საერთო საცხოვრებელი და ყველა ის პირობა, რაც ხარისხიან პროფესიულ განათლებას სჭირდება.

– თქვენს სამუშაო ოთახში უამრავ დიპლომს, სიგელსა თუ სერტიფიკატს ვხედავ…

– ჩვენ ყველა დარგისთვის ვეძიებთ განვითარების გზებს, ვმონაწილეობთ ჩემპიონატებში, კონკურსებში, ახლახან ჩვენი სტუდენტები დაბრუნდნენ ესტონეთიდან, სადაც საპრიზო ადგილები აიღეს იქაურ ჩემპიონატზე, ჩავატარეთ ქართული დღეები ესტონეთში და გავწიეთ ქართული სამზარეულოს პოპულარიზაცია, რვა დღის განმავლობაში ესტონეთის ორ ქალაქში უამრავმა ადამიანმა ნახა ეს ყველაფერი და ჩვენმა სტუდენტებმა თუ თავიანთმა ხელმძრვანელებმა დიდი მადლობები დაიმსახურეს. გვყავს ჩემპიონი, რომელიც წარმატებით გამოვიდა საფრანგეთში გამართულ ბარმენების ჩემპიონატზე. ოქტომბრისათვის ბუდაპეშტში ბარმენების კიდევ ერთი კონკურსი ტარდება, რომლის ჟიურის შემადგენლობაში ჩვენი პედაგოგია მიწვეული და ეს ჩვენთვის ძალიან საამაყო ფაქტია. ანალოგიური კონკურსები ჩატარდა პრაღაში, გერმანიაში, თურქეთში, სადაც ჩვენი სტუდენტები წარმატებით ასპარეზობდნენ.

– თქვენ ნაწილობრივ უკვე გვითხარით თქვენი სამომავლო გეგმების შესახებ, იმედია მიღწეულით არ დაკმაყოფილდებით და დრო და დრო ახალ ახალი წარმატებებით გაგვახარებთ…

– დიპლომი, რომელსაც გავატანთ ჩვენს კურსდასმთავრებულს, აუცილებლოდ უნდა იყოს მუშა დიპლომი, მოთხოვნადი და ხარისხის განმსაზღვრელი და არა, თქვენი თქმისა არ იყოს, კარადის თავზე შემოსადები. რა თქმა უნდა არ შევჩერდებით, IFQM-ის შემდეგ გვექნება ISO-ს სერტიფიცირება, მართალია IFQM ძალიან დიდი მასშტაბების სტანდარტია, მაგრამ ჩვენი სურვილია ერთიც და მეორეც იყოს ჩვენი ხარისხის განმსაზღვრელი. გვაქვს ძალიან მნიშვნელოვანი პროექტები ათასწლეულის გამოწვევის ფონდში, ჩვენს გვერდით დადგა ერთ ერთი ბრიტანული კოლეჯი, რომელიც მთელ მსოფლიოში ცნობილია თავისი სწავლების ხარისხით, მოგეხსენებათ პროფესიულ განათლებას დღეს სერიოზულად უდგას მხარში სახელმწიფო და ეს ფონდი, ამიტომ გვაქვს წარმატების იმედი.

– მეც სამომავლო წარმატებების სურვილით მინდა დაგემშვიდობოთ და მადლობა გადაგიხადოთ საინტერესო საუბრისათვის…

–  დიდი მადლობა თქვენც. მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მივესალმო თქვენი გაზეთის მკითხველს, ყველა იმ ადამიანსა და ახალგაზრდას, ვისთვისაც ჩვენ რაღაცის გაკეთება შეგვიძლია… მინდა გითხრათ, რომ ქობულეთში დღეს არის ერთი პატარა, ლამაზი ადგილი „ახალი ტალღის“ სახით და ყველას გეპატიჟებით. რეგისტრაცია 14 სექტემბერს დაიწყო და 27 სექტემბერს დასრულდება, ძალიან მოკლე დროა დარჩენილი, ამიტომ ყოველდღიურ რეჟიმში მუშაობს ჩვენი საინფორმაციო ცენტრი, საკადრო და მიმღები კომისია. რეგისტრაცია ხდება ელექტრონულად, პირადობის მოწმობით, ყველა მსურველს ვეხმარებით პროფორიენტაციაში და სამომავლოდ დიდ პერსპექტივებს ვთავაზობთ.

ჯემალ მეგრელიძე