მთავარი სტატიები როგორია წინასაარჩევნო მედიაგარემო აჭარაში

როგორია წინასაარჩევნო მედიაგარემო აჭარაში

370
0

რაც უფრო გვიახლოვდება ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები, მით უფრო აქტიურდება აჭარის რეგიონული მედია. ბათუმში ხუმრობენ კიდეც „უთო და მტვერსასრუტიც რომ ჩართო, არჩევნებზე ლაპარაკობსო“…

რამდენად თავისუფალი გარემოა შექმნილი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წინ, პოლიტიკური სუბიექტებისა და მერობის კანდიდატებისთვის აჭარის მედიასაშუალებებში? ამ კითხვაზე პასუხის მისაღებად რეგიონში მოქმედ ცენტრალური გამოცემების რეგიონული ბიუროების ჟურნალისტებსა და ადგილობრივი საინფორმაციო საშუალებების მედიამენეჯერებს მივმართეთ:

dav

ჯემალ მეგრელიძე, მედიაჯგუფი „აჭარა P.S.“-ის გენერალური დირექტორი და მთავარი რედაქტორი:

– ჩვენ რეგიონის საინფორმაციო ბაზარზე ოთხ საინფორმაციო საშუალებას ვფლობთ: გაზეთი „აჭარა P.S.“, გაზეთი „ჩემი ქობულეთი“, საინფორმაციო სააგენტო adjaraps.com და ტელეკომპანია TV12. ყველა მედიასაშუალება ცდილობს სათანადო ადგილი დაუთმოს არჩევნების თემას, თავად წინასაარჩევნო პროცესების გამჭვირვალობას, თემით დაინტერესებული არასამთავრობო ორგანიზაციების აზრს და თავად პოლიტიკურ სუბიექტებსა და რეგიონის ექვსივე მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატებს. რაც შეეხება ჩვენს სატელევიზიო არხს, პირდაპირ კანონი გვავალდებულებს გადავცეთ საზოგადოებრივ – პოლიტიკური თოქ-შოუები, თანაბარ პირობებში მივცეთ ყველა საარჩევნო სუბიექტს მაყურებელთან ღიად საუბრის საშუალება. კანონის სრული დაცვით, სპეციალურად შემუშავებული გრაფიკის მიხედვით, აჭარის ექვსივე მუნიციპალიტეტის ყველა მერობის კანდიდატს საშუალება აქვს მონაწილეობა მიიღოს საზოგადოებრივ – პოლიტიკურ თოქ-შოუში „მედიატორი“ და ოპტიმალურად გამოიყენოს მისთვის გამოყოფილი დრო 30 წუთი. გადაცემის რეტრანსლირება სატელევიზიო სივრცის პარალელურად მიმდინარეობს სოციალურ ქსელებშიც, სადაც მაყურებელს საშუალება აქვს პირდაპირ ეთერში ეკონტაქტოს კანდიდატს და მიიღოს პასუხები სასურველ კითხვებზე. აქვე გულისტკივილით მინდა აღვნიშნო, რომ ზოგიერთი პოლიტიკური ძალა გაურბის ასეთ ფორმატს და თავს არიდებს გადაცემაში მონაწილეობას, ჭირს ასევე კომუნიკაცია მათთან, თუმცა გადაცემაში მონაწილეობის მსურველიც ბევრია და ჩვენი ეთერი ღიაა მათთვის.

dav
dav

ამირან კიღურაძე, გაზეთების – „საქართველოს რესპუბლიკისა“ და „ქრონიკა +“-ის აჭარა-გურიის ბიუროს ხელმძღვანელი:

– ის, რასაც გეტყვით, არ მინდა ჩამეთვალოს რომელიმე პარტიის ანტირეკლამად ან მხარდაჭერად. თავი მომწონს, რომ ვარ თავისუფალი ჟურნალისტი და ის სარედაქციო კოლეგია, რომელსაც მე მასალებს ვაწვდი, სრულიად მზადაა ამა თუ იმ კანდიდატის გზავნილების მისატანად ამომრჩევლამდე, მაგრამ არის მეორე მხარე, რამდენად არიან მზად დღევანდელი დეპუტატობისა თუ მერობის კანდიდატები უპასუხონ იმ შეკიტხვებს, რაც ჩვენ, ჟურნალისტებს გვაქვს მათთან. მათ უმრავლესობას რატომღაც ეშინია, არადა, ჩვენ, ჟურნალისტები ხალხის წარმომადგენლები ვართ და საზოგადოება სწორედ ჩვენი საშუალებით უნდა იღებდეს ამომწურავ ინფორმაციას ამა თუ იმ პოლიტიკურ სუბიექტზე. ჩემთვის მიუღებელია ზოგიერთი ჟურნალისტიკის მკვლევარის, ლექტორ მასწავლებლისა თუ უშუალოდ ჟურნალისტის მოსაზრება, რომ ჟურნალისტს არ უნდა ჰქონდეს საკუთარი პოზიცია. თუ მე ამ პოზიციას არ გამოვხატავ ისე, რომ ერთი მხარე დავაზარალო და მეორე უპირატესად წარმოვაჩინო, ეს უკვე სულ სხვაა, ობიექტური უნდა იყოს ჟურნალისტი, მაგრამ უპოზიციო ჟურნალისტი ჩემთვის მიუღებელია. აჭარაში დღეს მედიაგარემო შესანიშნავია, არჩევნებამდე დიდი დრო აღარ რჩება, მე თვალ-ყურს ვადევნებ აჭარაში მოქმედ საინფორმაციო საშუალებებს და გეტყვით, რომ ვერც ერთ პოლიტიკურ სუბიექტს ვერ ექნება პრეტენზია იმისა, რომ მას არ მიეცა საეთერო დრო, ადგილი გაზეთის ფურცლებზე თუ ინტერნეტგამოცემებში. თუ ვერ ან არ მოდიან გადაცემებში, ეს უკვე მათი პრობლემაა და ამომრჩეველმა უნდა იფიქროს იმაზე, რომ ეკრანიდან მისი კანდიდატი ვერ ელაპარაკება.

nazi rexviashviliნაზი რეხვიაშვილი, ანალიტიკური სააგენტო „ფაქტ ჩეკის“ აჭარის ბიუროს ჟურნალისტი:

– ჩვენ განსახვევბული ფორმატით გვიწევს მუშაობა, ვინაიდან ანალიტიკოსები ვართ, ჩვენ ვაშუქებთ განცხადებებს, რომელიც უნდა გადავამაწომოთ და შევაფასოთ ანალიტიკოსებმა. მაგრამ სარჩევნო სუბიექტებზე გვაქვს თანაბარი მიდგომა, ვაშუქებთ მერობის კანდიდატებს  ოლქების მიხედვით. რა თქმა უნდა, მიდგომა გვაქვს თანაბარი, ეს იქნება კვალიფიციური თუ არაკვალიფიციური სუბიექტი. ჩვენ არჩევნების შემდეგ ვატარებთ მათი განცხადებების მონიტორინგს, მას შემდეგ რაც ისინი მოდიან ხელისუფლებაში, ვაკვირდებით როგორ ასრულებენ დაპირებებს და შემდეგ როდესაც იწურება მათი ხელისუფლებაში ყოფნის დრო, საზოგადოებას ვაცნობთ რომელი დაპირება შეასრულეს და რომელი არა. ჩვენ გავაკეთეთ ბათუმის ჯერ კიდევ მოქმედი მერის გიორგი ერმაკოვის დაპირებების შეფასება. ჩვენ ვაძლევთ საზოგადოებას იმის საშუალებას, რომ განსაზღვროს რომელ პარტიას უნდა ენდოს მეორეჯერ და რომელს არა. რაც შეეხება მედიაგარემოს, ნამდვილად მშვიდია, მაგრამ დემოკრატიულობის ხარისხი სიმშვიდით არ გაიზომება, საუბარია იმაზე თუ რამდენად სერიოზულად აღიქვამენ ის პოლიტიკური სუბიექტები მედიის როლს. მათი დამოკიდებულება ხშირ შემთხვევაში არის ინდიფერენტული. ისინი არასწორად უდგებიან იმ საკითხს, რომ სწორედ მედია არის ის რგოლი, რომელმაც მათი გზავნილები უნდა მიიტანოს საზოგადოებამდე. ვერც პრესსამსახურებს ვპოულობთ, (რამდენიმე სუბიექტს ის საერთოდ არ ჰყავს), ვისთანაც შეიძლება შეათანხმო შეხვედრა თუ ინტერვიუს ჩაწერის დრო და ადგილი.

sulxan mesxidzeსულხან მესხიძე, TV25-ის საინფორმაციო სამსახურის უფროსი:

– წინა საარჩევნო პერიოდი ძალიან მშვიდ გარემოში მიმდინარეობს, დაბალანსებულია ჩვენი ტელევიზია, ამაზე მეტყველებს საერთაშორისო კვლევებიც. ჩვენ ყველა პოლიტიკურ პარტიას ვუთმობთ საეთერო დროს, ამისთვის არის განკუთვნილი პოლიტიკური თოქ-შოუ, ასევე საინფორმაციო გამოშვებებში ვამზადებთ სიუჟეტებს სხვადასხვა პოლიტიკური პარტიისა და მათი კანდიდატების სამომავლო გეგმებზე. ყველანაირად ვცდილობთ ეს დრო გამოვიყენოთ და ყველა პოლიტიკური პარტია მაყურებელს გავაცნოთ სხვა კუთხით.

ჩვენი ყოველმხრივი მზადყოფნის მიუხედავად მივცეთ საეთერო დრო პოლიტიკურ სუბიექტებს, ნომერ პირველ პრობლემად რჩება კომუნიკაციის დეფიციტი, ოლქი ვერ გაგვძლევს ინფორმაციას, ზოგიერთ პარტიას არ გააჩნია პრესამსახური, მაგალითად „ქართული ოცნებიდან“ პრესსამსახური ჰყავს მხოლოდ ბათუმნის მერობის კანდიდატს. როცა ვრეკავთ ბათუმის მერობის კანდიდატის პრესსამსახურთან და ვთხოვთ სხვა მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატის მონაცემებს, მპასუხობენ, რომ ამ ინფორმაციის მოცემა არის მათი კეთილი ნება და არა ვალდებულება. ამის პრობლემა აქვს ჩვენს ტელევიზიას და ხშირად ჩვენი კონტაქტებით ძალიან დიდი ენერგია და ძალისხმევა გვჭირდება მათ მოსაძებნად. ვცდილობთ გავიგოთ სად და როდის აქვთ შეხვდერები. ხშირადაც იგნორირებას გვიკეთებენ მედიას და არ გვეძახიან მოსახლეობასთან შეხვედრებზე. ჩვენ მოსახლეობასთან შეხვედრებს ნიუსის სახით არ ვაშუქებთ, ვცდილობთ სიღრმისეულად გავიგოთ, როცა კანდიდატი ამბობს მე ამას გავაკეთებ, ყოველთვის ვუსვამთ კითხვას – რა პროგრამისა და რა რესურსის საფუძველზე, სავარაუდოდ ეს იწვევს იმას, რომ ჩვენ არ გვეძახიან წინა საარჩევნო შეხვედრებზე. ჩვენ მკაცრად ვაკონტროლებთ ეთერში გასულ წუთებს, ასევე სხვადასხვა პარტიისთვის გამოყოფილ დროს, რადგან ჩვენ გვაკვირდება ბევრი ორგანიზაცია და არჩევნების შემდეგ გვსურს რომ შეფასდეს ჩვენი ტელევიზია მაღალი ქულით.

tamila dolidzeთამილა დოლიძე, საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს ვებ გვერდისა და რადიომიმართულების საინფორმაციო სამსახურის უფროსი:

– მე დამისვეს ერთხელ კითხვა, მუშაობის რომელი პერიოდი გიყვარსო, რა თქმა უნდა ვუპასუხე – არჩევნების პერიოდი მეთქი. ამ დროს ყველაზე მეტად მობილიზებულები ვართ, იმიტომ, რომ უნდა მივიტანოთ კანდიდატების თითოეული სიტყვა საზოგადოებამდე, არ უნდა გამოგვრჩეს, არც არასამთავრობო სექტორი, არც მედიის წარმომადგენელები, ზოგადად ჩვენი საზოგადოებრივი მაუწყებელი არის გამჭირვალე და თავისუფალი, ჩვენ ვაკეთებთ ყველაფერს და ვაკეთებთ ყველასთვის, არ ვერიდებით, არც ერთ რეპორტაჟს, არც ერთ სიუჟეტს, იმიტომ, რომ ჩვენ ვმუშაობთ საზოგადოებისთვის. რაც შეეხება რადიოს, ტელევიზიას და ვებგვერდს, ჩვენთან სამივე პლატფორმა გაერთიანდა და ისინი, ვინც მუშაობენ ტელევიზიაში, ისევე მუშაობენ რადიოშიც და ვებზეც. ჩვენ სამივე პლატფორმას ერთი სამსახური ვქმნით, აქედან გამომდინარე, სამუშაოც გადახალისდა, ჟურნალისტებიც გაიზარდნენ რა თქმა უნდა. 28 წელია ვმუშაობ ტელევიზიასა და რადიოში. ჯერ გვერქვა აჭარის ტელე-რადიო კომიტეტი, შემდეგ დეპარტამენტი, ახლა გავხდით საზოგადოებრივი მაუწყებელი და მინდა ვთქვა, რომ როგორც დღესაა გამჭვირვალე და თავისუფალი ჩვენი ეთერი, ასე არასდროს ყოფილა. არვინ არ მირეკავს და არ მკარნახობს რაზე ვწერო, ვინ ჩავწერო, რა თემა დავწერო… ეს ძალიან ბევრს ნიშნავს ჟურნალისტისთვის. რაც შეეხება წინასაარჩევნო გარემოს, გადანაწილებულია ეთერი ტელევიზიაში, არის ყოველდღიური თოქ-შოუები, რაც პარალელურ რეჟიმში გადაიცემა აჭარის რადიოთი და ვებგვერდზე გადაიცემა ფეისბუქ „ლაივი“. ჩვენ ვაკეთებთ ყველაფერს რასაც გვთხოვს კანონმდებლობა. ყველა პარტიას, ეს იქნება კვალიფიციური თუ არაკვალიფიციური, თანაბრად აქვს გადანაწილებული საეთერო დრო, რათა მიეცეს ამომრჩეველთან კომუნიკაციის საშუალება, ასევე ეთმობათ დრო მერობის კანდიდატებსაც. მაგალითად აჭარის რადიომ დაიწყო გადაცემა “კომპეტენტური პასუხი”, მუხლობრივად გვაქვს გაწერილი რომელ დღეს ვინ რამდენი წუთით უნდა მოვიდეს. ასევეა რეკლამაც და საერთოდ, ყველა წუთი გათვლილია.

გულიკო კალანდაძე

Без названияსტატია ქვეყნდება პროექტის „გაცნობიერებული არჩევანი–დემოკრატიის ფუნდამეტი“ ფარგლებში.                               ვტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს ფონდ ”ღია საზოგადოება-საქართველოს” პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.