არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე პარტია „ლელოს“ ბათუმის ოფისს ვეწვიეთ… რა გეგმები და მოლიდინი აქვთ პარტიის აქტივისტებს? – ამ და სხვა მნიშვნელოვანი საკითხების შესახებ ,,ADJARAPS“ ბათუმის საკრებულოში “ლელოს” პარტიული სიის მეორე ნომერს ვაჟა დარჩიას, ესაუბრა:
- ბატონო ვაჟა, რა როლი აქვთ ახალგაზრდებს პოლიტიკაში?
- ახალგაზრდების ჩართულობა პოლიტიკაში ამ არჩევნებზე გამოჩნდა ყველაზე მეტად და ვხედავთ რომ სხვადასხვა წამყვან პოზიციაზე შეთანხმებულ კანდიდატებად მოგვევლინენ ახალგზარდები და ვგონებ ეს არის ერთგვარი გარდატეხის არჩევნები ამ პოლიტიკური ელიტისა, რადგან ახალგზარდებმა უნდა დავამტკიცოთ, რომ შეგვიძლია სწორი გზით ჩავანაცვლოთ ის პოლიტიკური ელიტა, რომელიც 30 წლის განმავლობაში ერთ წრეზე ტრილებს და რეალურად სახეები არ იცვლებიან, ამიტომ მგონია ამ ეტაპზე მთავარი დანიშნულება ახალგაზრდებისა არის ის, რომ ჩვენ, ჩვენს თავზე ავიღოთ ამ ლიდერობის ტვირთი და ახალგაზრდები გავხდეთ გადაწყვეტილების მიმღები პირები.
- რა შედეგებს ელოდებით 2 ოქტომბრის საღამოს, როგორი მოლოდინი გაქვთ?
- მთავარი მოლოდინი ჩვენი და მთლიანად ალბათ ოპოზიციური პარტიებისა არის ის, რომ ,,ქართულმა ოცნებამ” ვერ უნდა შეძლოს 43%-იანი ბარიერის გადალახვა, მითუმეტეს აჭარაში. იმ უპრეცენდენტო შეთანხმებამ ძალიან დიდი როლი ითამაშა მოსახლეობაში და შემიძლია თამამად იმის თქმა, რომ აჭარაში ბევრად უფრო ოპოზიციური განწყობებია, ვიდრე სხვა რეგიონებში, ამიტომ ვფიქრობ, რომ აჭარის ექვსივე მუნიციპალიტეტში ოპოზიციას აქვს რეალური შანსი იმისა, რომ კოალიციური მმართველობა 3 ოქტომბრიდანვე დაიწყოს.
- თუ ,,ქართულმა ოცნებამ“ ვერ გადალახა 43%-იანი ბარიერი იქნება ქვეყანაში ვადამდელი არჩევნები?
– შეთანხმებიდან გამოსვლისთანავე გაკეთებული ,,ქართული ოცნების“ განცხადებები ემსახურებოდა მხოლოდ იმას რომ, მათ მოახდინეს დაზღვევა იმისა, თუ ვერ აიღეს 43% /რაც შიდა კვლევითაც ნათელია/. ეს გახდა მიზეზი იმისა, რომ გამოცლოდნენ მიშელის დოკუმენტს, შესბამისად გამორიცხულია 43%-იანი ბარიერის ვერ გადალახვის შემთხვევაში არ დაინიშნოს ვადამდელი არჩევნები, იმიტომ რომ სტრუქტურულად ეს გახდება ძალიან მძიმე, წარმოიდგინეთ, ინსტიტუციურად ქვეყანაში ადგილობრივი თვითმმართველობა და მთავრობა იქნება სხვადასხვა, რაც სისტემურ კრიზისს წარმოშობს.
– ,,ქართული ოცნება“ ღიად ამბობს , პარტიამ 1%-იც რომ აიღოს, ქვეყანაში არ იქნება ვადამდელი არჩევნები…
– ეს არის განწყობის შექმნა, ,,ქართული ოცნება” ხელსაც აწერდა ამ დოკუმენტს, თქვეს, რომ ყველაფერს ვასრულებთო, თუმცა მერე გადათქვეს და ეს იყო იმის ბრალი, რომ რაღაცები აწონ-დაწონეს….
– ხელისუფლების მხრიდან დოკუმენტის ანულირებზე რას ფიქრობთ?
– დოკუმენტის ანულირება ვერ მოხდება ცალხმრივად, ეს არის საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ შედგენილი დოკუმენტი, რომელსაც თავდებში ედგა ამერიკის შეერთებული შტატები და პრეზიდენტი მიშელი, შესაბამისად ცალმხრივი ანულირება ამ დოკუმენტისა პოლიტიკურ მეცნიერებასა თუ დიპლომატიაში არ არსებობს. მოკლედ, ,,ქართულ ოცნებას” მოუწევს ყველფერზე წასვლა და გინდა არგინდა იქნება სავალდებულო ქვეყანაში ვადამდელი არჩევნების დანიშვნათუ რა თქმა უნდა, ვერ გადალახავენ 43%-იან ჩამკეტს.
– თუ მოხვდებით ბათუმის საკრებულოში განსაკუთრებით რა საკითხებზე გაამახვილებთ ყურადღებას?
-ბათუმის საკრებულოში მეც და ჩემი გუნდიც უნდა მოვხვდეთ პირველ რიგში იმ მიზეზის გამო, რომ ხალხთან საკრებულომ დაიწყოს კომუნიკაცია, ხალხთან კომუნიკაციაში იგულისხმება ის, რომ ჩვენ როცა მოსახლეობში დავდივართ და ადმიანებს ვხვდებით, არც ერთი უბნის წარმომადგენელმა არ იცის ვინ არის მისი უბნის მაჟორიტარი ან პროპორციული სიის წარმომადგენელი. მინდა, რომ ჩემი საკრებულოში მოხვედრა იყოს ამ ხალხისთვის განცდა იმისა, რომ მათ იცოდნენ ვინ არიან მისი წარმომადგენლები და ვის აბარია ქალაქი, ვაპირებ ყველა უბანში სიარულს, ყველა პრობლემასთან ახლოს მისვლას და ხალხთან დალაპრაკებას. მინდა, ეს ტრადიციად დამკვიდრდეს… ჩემი მთავარი დაპირება არის ის, რომ მე მუდმივ კომუნიკაციაში ვიქნები მათთან. ვეცდები ის პირველი საჭიროებები რაც ქალაქს გააჩნია, პრიორიტეტად ვაქციო, იგივე დაგეგმარების კუთხით, გენგეგმის არარსებობის პირობებში და ა.შ; უნდა დაინგრეს ის კორუფციული სქემები, რაც დღეს ბათუმში რეალურადაა ფესვგადგმული. როგორც მთავრობაში, ასევე თვითმმართველობის დონეზე ერთი კლანი ტრიალებს… უნდა გაფართოვდეს პროფესიონალთა წრე და არ უნდა ინიშნებოდნენ ადამიანები ნეპოტიზმის საფუძველზე.
– ჩვენ ვნახეთ წინა არჩევნზე ამომრჩველის ჩართულობა პანდემიის ფონზე, როგორ ფიქრობთ იქნება წელსაც აქტივობა?
– შარშანდელი აქტივობა ჩემთვის ცოტა მოულოდნელი იყო გამომდინარე იმ მწვავე პირველი ტალღიდან, დღეს უკვე შეიძლება ითქვას, რომ საზოგადოებამ ისწავლა კოვიდთან ერთად ცხოვრება და ის კონტექსტი, რაც ამ არჩევნებს დასდევს თან, რეფერენდუმს ვგულისხმობ გაზრდის ამომრჩეველთა ოდენობას.
– ბოლოს, მინდა გკითხოთ, რატომ უნდა მისცეს ხმა ამომრჩეველმა პარტია ,,ლელოს“?
– პირველ რიგში იმ გუნდის გამო, რომელიც ჩვენ წარვადგინეთ და ვხედავთ რომ ჩვენს გუნდში არიან ადამიანები ვინც ამ ქალაქისათვის ხელმძღვანელობაში იბრძოდა, ვთვლი, რომ სხვა პარტიებთან შედარებით ჩვენი გუნდი არის ბევრად უფრო პროფესიონალურად დაკომპლექტებული და ამ გუნდმა იცის რა არის ამ ქალაქის პრობლემა, იცის როგორ უნდა მოაგვაროს ეს პრობლემები, ჩვენ ამაზე უკვე წინა არჩევნებიდან მოყოლებული ვსაუბრობთ. მგონია, რომ ჩვენი გუნდი ბათუმში, გასაკუთრებით ახალგაზრდებზეა დამყარებული – ირაკლი კუპრაძე, მე ვაჟა დარჩია, ალექსანდრე ფიფია, ვართ მოწინავე პოზიციებზე და ეს არის რეალური შანსი იმისა, რომ პოლიტიკური ველი გაახალგაზრდავდეს.
ავტორი: ხვიჩა მამულაძე