მთავარი ვიდეორეპორტაჟი საზოგადოება როგორ იმკის დღევანდელი მუნიციპალიტეტი წინამორბედის ცოდვებს?!.

როგორ იმკის დღევანდელი მუნიციპალიტეტი წინამორბედის ცოდვებს?!.

356
0

ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის პირველმა მოადგილემ ირაკლი ცეცხლაძემ ბრიფინგი გამართა, რომელზეც ბუკნარის წყალსადენის რეაბილიტაციის საკითხზე განმარტება გააკეთა. ცეცხლაძის ინფორმაციით, მომავალ კვირას ქობულეთის მუნიციპალტეტის ბიუჯეტის კორექტირება, რაც ბუკნარის წყალსადენი სისტემის სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის თანხების გათვალისწინებას უკავშირდება, -„ჩვენ მოვიძიეთ ფინანსური რესურსი და ბიუჯეტის კორექტირების შემდეგ 490 ათასი ლარი გათვალისწინებული იქნება ამ პრობლემის მოსაგვარებლად. ინფრასტრუქტურული ღონისძიება, არსებული მილების მაღალი წნევისგამტარი მილებით შეცვლას ითვალისწინებს. ბიუჯეტის კორექტირების შემდეგ უახლოეს დღეებში გამოცხადდება გამარტივებულ ელ-ტენდერი და ვეცდებით ძალიან მალე მოვუგვაროთ ეს პრობლემა მოსახლეობას“ – განაცხადა ირაკლი ცეცხლაძემ. მისივე განმარტებით – „სოფელ ბუკნარში წყალსადენი სისტემის რეაბილიტაცია 2011 წელს განხორციელდა. პროექტის ფარგლებში მოეწყო წყალსადენი სისტემის ცენტრალური მაგისტრალი, რაც იმდროინდელ ადგილობრივ ხელისუფლებას თითქმის მილიონი ლარი დაუჯდა, თუმცა ამის მიუხედავად პრობლემა პრობლემად დარჩა“.
გამგებლის მოადგილე განმარტავს, რომ მოკვლევის თანახმად, თავის დროზე უხარისხოდ განხორციელებული სამუშაოების გარდა, რომელზეც ინსპექტირება არაკეთილსინდისიერად ხორციელდებოდა, შეცდომები იყო დაშვებული პროექტშიც და თავის დროზე არც ამის გამოსწორების მიზნით გაკეთებულა აქცენტები.
– „ჩვენ მოვიწვიეთ ექსპერტ-სპეციალისტები და მოვახდინეთ პრობლემის ძირეული შესწავლა, რომლის მიხედვითაც დადგინდა, რომ მილები, რომლითაც მოეწყო ცენტრალური მაგისტრალი ვერ უძლებდა წნევას და ხშირად ზიანდებოდა, ასევე იყო წყლის დებეტის ნაკლებობაც.
2014 წელს ბიუჯეტიდან გამოვყავით 45 ათასი ლარი და წყალსადენზე გავზარდეთ დებეტი. პრობლემის მოსაგვარებლად ასევე წყალსადენ სისტემაზე ჩავატარეთ წნევის დამგდები სამუშაოები, რამაც სამწუხაროდ შედეგი ვერ გამოიღო.
არასათანადო პროექტის განხორციელებისთვის, არაჯეროვნად შესრულებულ სამუშაოებზე სათანადო ღონისძიებების გატარებისგან თავშეკავებისთვის, ადგილობრივი ბიუჯეტიდან თანხის არამიზნობრივი ხარჯვისთვისა და ბუკნარის მოსახლეობის მოტყუებისთვის მთელი პასუხისმგებლობა მაშინდელ ადგილობრივ ხელისუფლებას ეკისრება“ – განაცხადა ირაკლი ცეცხლაძემ და აქვე მუნიციპალიტეტის პოზიციაც გააჟღერა: – „აღნიშნულ საკითხს ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობა უგულისყუროდ არ დატოვებს და აუცილებლად იქნება შესაბამისი კანონისმიერი ღონისძიებები გატარებული. ჩვენ ვგეგმავთ შემდგომი რეაგირების მიზნით მივმართოთ შესაბამის უწყებებს, გადავცეთ საქმის მასალები საექსპერტო დასკვნასთან ერთად შემდგომი მოკვლევისთვის“.