სახალხო დიპლომატია სხვა არაფერია, თუ არა რიგითი ადამიანების პირადი ურთიერთობები, რომელიც ხშირად ბევრი ისეთი საკითხის გადამწყვეტია, რაც სახელმწიფო ხელისუფლებების დონეზეც კი ჭირს… ჩვენს სტუმარს, რომელიც დღეს რუსეთის მოქალაქეა, მაგრამ ფესვები ბათუმში უძევს, ათას რამეს სწამებენ რუსეთ-საქართველოს გართულებული ურთიერთობების ფონზე, არადა, მან თავისი სამშობლოს ინტერესებისთვის რუსი პოლიტიკოსი სერგეი ზატულინი ლამის პირდაპირ ეთერში სცემა… ეს და კიდევ ბევრი სხვა ისტორია გახდა განსჯის საგანი ამირან კიღურაძის საავტორო გადაცემაში „ფინჯან ყავაზე“ პროფესორ ვლადიმერ ხომერიკთან და მის მეგობარ, ერთ რიგით ბათუმელთან – ნოდარ ცინცაძესთან ერთად.
– ბატონო ვლადიმერ, როგორ ბრძანდებით?
– გმადლობთ, მშვენივრად კი ვარ, მაგრამ ხანდახან გული მწყდება, როცა ვუყურებ იმ პროცესებს, რაც ვითარდება და ხდება რუსულ – ქართულ ურთიერთობებში, ვცდილობ ჩვენი ორი ერი იყოს ერთად, ერთმანეთს ეხმარებოდნენ… ჩვენ ხომ ერთი დიდი ისტორიული ნაწილი ვიცხოვრეთ ერთ სახელმწიფოში და ბევრი რამ კარგიც გავუკეთეთ ერთმანეთს, მინდა, რომ ისევ გავუგოთ ერთმანეთს, დღევანდელი პრობლემებიც გადავწყვიტოთ, რუსეთი და საქართველო უწინდულად მეგობრობდნენ, ჩვენი ქვეყანა იყოს მთლიანი და თავისუფალი.
– ბატონო ვლადიმერ, თქვენ პუტინის მეგობარი ბრძანდებით თუ ეს გავრცელებული ხმებია?
– მე რომ ვიყო პუტინის მეგობარი, უარსაც ვერ ვიტყოდი. პუტინის მეგობარი არ ვარ, მას ჰყავს მეგობრების ვიწრო წრე… მე ვარ რუსეთის მოქალაქე და პუტინს ვიცნობ, მისი ნდობით აღჭურვილი პირი ვიყავი და დღესაც შევდივარ საპრეზიდენტო კომისიაში, რომელიც ნაციონალურ მიგრაციულ და სხვა საკითხებზე მუშაობს.
– უფრო კონკრეტულად გვითხრათ იქნებ ამ კომისიის საქმიანობის შესახებ…
– ეს კომისია მუშაობს ნაციონალურ ურთიერთობებზე, მე კი კონგრესის თავმჯდომარე გახლავართ. ნაციონალური საზოგადოებრივი კონგრესი 100-ზე მეტ ეროვნებას აერთიანებს. კიდევ არსებობს რუსეთში მცხოვრებ ხალხთა ასამბლეა, რომელიც ჩემი ორგანიზებით შეიქმნა, იქაც პრეზიდენტი ვარ და ეს კომისია მუშაობს ნაციონალური ურთიერთობების გამყარებაზე რუსეთში. ალბათ იცით, რომ მიგრაციული პოლიტიკის მხრივ გარკვეული პრობლემები არსებობს, ვცდილობთ სხვადასხვა ერმა თავისი კულტურა შეინარჩუნოს, თავისი თავი დაიცვას და დაახლოებულნი იყვნენ ერთმანეთთან, კავშირები დაამყარონ სხვადასხვა ქვეყანასთან და ა.შ.
– თქვენ რამდენიმე აკადემიის აკადემიკოსი ბრძანდებით…
– კი. მე 1979 წელს წავედი საქართველოდან უზბეკეთში, მანამდე კი სპორტსმენი ვიყავი, აჭარაში ბევრი მოკრივე გამიზრდია, ჩემი მოწაფეები დღეს მუშაობენ მწვრთვნელებად, ავარჯიშებენ და ამზადებენ სპორტსმენებს. მე კი გადავედი მეცნიერებაში და უზბეკეთში ვხოვრობდი 15-16 წელი.
– უზბეკეთთან დაკავშირებით ცალკე მაქვს შეკითხვები…
– იქ გავხდი მე დოქტორი, მერე რუსეთში რომ გადავედი, ვიყავი ვიცე-პრეზიდენტი და მეცნიერთა მთავარი მდივანი რუსეთის საინჟინრო აკადემიაში, ჰუმანიტარული აკადემიაც იქვე შევქმენით. კავშირები რა თქმა უნდა ბევრ ქვეყანასთან გვქონდა, მათ შორის საქართველოსთან აქტიურად ვმუშაობდით, ძალიან ბევრი ქართველი მეცნიერი თანამშრომლობდა ჩვენთან და ასევე დიდი კავშირები გვქონდა, მოვამზადეთ ასპირანტები, დოქტორანტები…
– ბატონო ნოდარ, ბატონ ვლადიმერთან რამდენი ხანია მეგობრობთ და რას იტყვით მის შესახებ?
ნოდარ ცინცაძე: – ჩვენ სპორტმა, კერძოდ კრივმა დაგვაკავშირა, ბატონ ვლადიმერო სწორედ აქ გავიცანი და შენახვედრი ვართ არა ერთხელ. იქედან გამომდინარე, რომ ეს ადამიანი მოსკოვში მოღვაწეობს, ჩვენი განცდები თუ რა ბედი უნდა ეწიოს საქართველოს, ძალიან ახლოს დგას ერთმანეთთან, დაგვაახლოვა იმ პრინციპულობამ, რომ რუსულ-ქართულ ურთიერთობაში უნდა დაიწყოს მოლაპარაკება ყოველგვარი ულტიმატუმების და წინაპირობების გარეშე – სუფთა ფურცლიდან. როგორც პროფესორს და როგორც საზოგადო მოღვაწეს – ბატონ ვლადიმერს პრინციპულად ერთი მიმართულება გააჩნია, რომ ჩვენი ურთიერთობები უნდა დალაგდეს სახალხო დიპლომატიის გზით, საშუალო ფენას ურთიერთობების დალაგების საშუალება უნდა მიეცეს, ზაფხულის სეზონი გვეწყება, ჩამობრძანდნენ ეს ხალხი, გამოვნახოთ ერთმანეთთან საერთო ენა, აღვადგინოთ ძველი ურთიერთობები, დანარჩენი კი პოლიტიკოსებმა გააკეთონ, მოძებნონ გზა თუ როგორ უნდა დალაგდეს ურთიერთობა.
– ბატონო ნოდარ, რაც თქვენ ახლა ბრძანეთ, საქართველოს ყველა მოქალაქეს აწუხებს, ყველას გვინდა, რომ დალაგდეს ურთიერთობები, მაგრამ თქვენმა ნათქვამმა ერთი რამ გამახსენა და ამ კითხვით ბატონ ვლდიმერთან გადავალ, საქართველომ თავის დროზე რუსეთთან გააუქმა სავიზო რეჟიმი, ახლა რუსეთის მოქალაქეები საქართველოში დასასვენებლად თუ სხვა მიზნით ყოველგვარი დაბრკოლების გარეშე ჩამოდიან, რუსეთი არ აპირებს სავიზო რეჟიმის მოხსნას, რა დავარქვათ ამას? თქვენ რუსეთის ელიტასთან ძალიან დაახლოებული პირი ბრძანდებით და მაინტერესებს თუ საუბრობენ ამ საკითხთან დაკავშირებით, ბატონო ვლადიმერ?!
ვლადიმერ ხომერიკი: – მე ამ საკითხით დაკავებული ვარ დიდი ხანია და ვთვლი, დღემდე რუსეთმა ძლიან დიდი შეცდომები დაუშვა, რომ არ გააკეთა უვიზო რეჟიმი, რაც ჩვენს ხალხს უფრო დააკავშირებდა. მე ძალიან ხშირად ვსვამ საკითხს მინსკშიც და პრეზიდენტის ადმინისტრაციაშიც, რომ უნდა მოიხსნას ეს სავიზო რეჟიმი. ჩვენ ბევრი ვიმუშავეთ მარტო სავიზო რეჟიმზე კი არა, იმისთვისაც, რომ რუსული ბაზარი გაიხსნას საქართველოსთვის. ალბათ ძალიან ბევრმა იცის, როგორ დამყავდა ქართველი პოლიტიკოსები რუსეთის აღმასრულებელ თუ საკანონმდებლო ორგანოებში იმისთვის, რომ ეს გზა გაიხსნას, რომ ჩვენი საქონელი გავიდეს და ეკონომიური კავშირები დალაგდა კიდეც, ფრენები დაიწყო, ამაზეც ძალიან ბევრი ვიმუშავეთ. სავიზო რეჟიმი გვაწუხებს, მაგრამ რუსებსაც აქვთ თავიანთი მიზეზი, ამბობენ, რომ ჩვენ დიპლომატიური ურთიერთობები არ გადაგვიწყვეტია და თუ დიპლომატიური კავშირი არ იქნება, საელჩო არ იარსებებს, ვინ მიხედავს იმ ხალხსო… თორემ რუსეთი მზადაა სალაპარაკოდ, თუ საქართველო დათანხმდება დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენას, დალაგდება უვიზო რეჟიმის საკითხიც. მე მომხრე ვარ უვიზო რეჟიმის, რადგან ეს უფრო დააახლოვებს ხალხს, ბევრმა ახალგაზრდამ არც იცის რუსეთი იმ პოლიტიკის წყალობით, რომელიც მათ აზროვნებამდე მიაქვს იმ პროპაგანდას, რაც დღეს ხორციელდება, ეს კი დიდი უბედურებაა.
– როცა ჟურნალისტს თქვენნაირი რესპონდენტი ჰყავს, ის ცდილობს არც ერთ თემაზე კითხვა არ დაიტოვოს, მე ვიცი, როგორ გიჭირთ მოსკოვში ურთიერთობა ადამიანებთან, თქვენ თქვენსას ამტკიცებთ საქართველოს თაობაზე, ისინი კიდევ თავისას ამტკიცებენ… თქვენ ერთხელ ზატულინი კინაღამ გალახეთ პირდაპირ ეთერში, რა მოხდა მაშინ?
– არაფერი. ახლა უხერხულია მაგაზე საუბარი, ბოლოს და ბოლოს ინტელიგენტი კაცი ვარ… ისე, ზოგი მართლა გასალახია, ერთად ვიყავთ ერთ-ერთ გადაცემაში, რომელიც მაქსიმ სევჩენკოს მიჰყავდა, იქ ერთ მხარეს ისხდნენ ოსეთისა და აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების პრეზიდენტები, მე, როგორც საქართველოს წარმომადგენელი, ვიყავი მეორე მხარეს, ზატულინმა დაიწყო ცუდი საუბარი საქართველოზე და მე ვუთხარი, რომ გაჩუმებულიყო, თორემ ყველაფერს ვიტოდი და დავალაგებდი იქვე, ასე დავშორდით, მერე ისევ იყო შემთხვევა, როცა დუმის პრეზიდიუმის თავმჯდომარე იყო იქ და მითხრა: „ტი ნი პრავ“, მე კი ვუთხარი, მართალი არ ვარ კი არა, თავს მოგაჭრი მეთქი, იყო ასეთი შემთხვევებიც. ერთხელ ოსეთის ე.წ. მინისტრიც გავაბრაზე, ხალხი უნდა იყოს ობიექტური, უნდა იცოდნენ საქართველო და მისი ფასი…
– ბატონო ვლადიმერ, მახსოვს, რომ თქვენ იყავით ის კაცი, რომელიც საქართველოს ეხმარებოდით ყბადაღებული თავისუფალი ეკონომიკური ზონის შექმნაში, მაშინ იყო ორი მოსაზრება იმის შესახებ თუ სად უნდა ყოფილიყო ის – თბილისში, რუსთავში, ქუთაისსა თუ ბათუმში. მაშინ თქვენ თანამშრომლობდით ასლან აბაშიძესთან, მისგან შემოთავაზებაც კი გქონდათ ყოფილიყავით აჭარის მთავრობის თავმჯდომარე.
– აქ იყო კომისია, რომელმაც დაიწყო თეზ-ზე მუშაობა, მასში შედიოდნენ პროფესორი ასლან აბაშიძე, ზიად ბეჟანიძე და სხვები, მათ დაიწყეს კანონებზე მუშაობა და გაგრძელდა რაღაც საქმე, მე მაშინ ტაშკენტში ვმუშაობდი, მერის მოადგილე ვიყავი და მთხოვეს ბიჭებმა, რომ ჩამოვსულიყავი და დავხმარებოდი მაგ კანონის შექმნაში, მშვენიერი კანონი გამოგვივიდა, ჩავიტანეთ თბილისში, გავიტანეთ საბჭოზე და დავამტკიცეთ, რომ ეს კანონი იყო ძალიან საჭირო ჩვენი ქვეყნისთვის, მაგრამ მაშინ არ იყვნენ დალაგებულები, ორჯერ გადადეს და არ მიიღეს, მერე კი მიიღეს და ახლა მშვენივრად მუშაობენ. მაშინ რომ არ დაგვეგვიანებინა, დღეს ჩვენი ეკონომიკა უფრო განვითარებული იქნებოდა.
– ანუ ის კანონი, რომელიც ახლა მუშაობს, თქვენი შემოქმედებაა?
– კი. ჩემი და ჩემი მეგობრების ნამუშევარია. მე ეს ადრეც გამიკეთებია უზბეკეთისთვისაც, რუსეთისთვისაც… კიდევ ბევრს ვწერდი და ჩემი ნაშრომები იყო გამოცემული ამ მიმართულებაშიც. აჭარის მაშინდელ მეთაურს ასლან აბაშიძეს ძალიან ვაფასებდი და დღესაც ვაფასებ, არავისი არ მეშინია, იმიტომ, რომ ის არის მართალი კაცი, ძალიან ბევრი გააკეთა აჭარისთვის, შეინარჩუნა ის, რაც იყო. რაც შეეხება მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარის თანამდებობას, შემოთავაზება რა თქმა უნდა იყო, მაგრამ მაშინ სხვა საქმით ვიყავი დაკავებული და ვერ მივიღე ეს წინადადება, ასე დავრჩით მეგობრებად…
– მოსკოვში თუ შეხვედრიხართ მას, აჭარის რევოლუციის შემდეგ?
– სამწუხაროდ არა, ჩვენი გზები გაიყარა, ის თავის გზას გაუდგა, პოლიტიკაში აღარ ერევა, მას თავისი საქმე აქვს და არც ღირს ამ დიდ პოლიტიკაში ჩარევა, მგონი აჭარა უნდა იყოს იმ პერიოდის მადლობელი.
– თქვენ ყოფილი საბჭოთა კავშირის მასშტაბით უამრავ ცნობილ ადამიანთან გაქვთ ურთიერთობა, კავშირი და მეგობრობა, მეგობრობდით უზბეკეთის პრეზიდენტ ქარიმოვთანაც…
– ამას მეგობრობა არ ქვია, მე ვმუშაობდი მასთან ერთად. როცა უზბეკეთში ჩავედი, 28 წლის ვიყავი, დავიწყე სახელმწიფო პალატაში მუშაობა ეკონომიკის დარგში, ერთ შენობაში ვიყავით, ის იყო მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარე და მეც იმავე განყოფილების თანამშრომელი გახლდით, იქ გავიცნი, მერე მისი გზა სხვაგან გაგრძელდა, მე გავხდი პრორექტორი, ასევე ტაშკენტის საქალაქო საბჭოს აღმასკომის თავმჯდომარის მოადგილეც ვიყავი, მაშინ საქართველოს სათვისტომოც შევქმენი და პრეზიდენტების კლუბიც გავაკეთე, ყველგან ქართველები შემოვიკრიბე.
– თქვენ ძალიან კარგი ურთიერთობა გქონდათ ედუარდ შევარდნაძესთანაც, მახსოვს ის პერიოდი, როცა თქვენ უზბეკეთში საქართველოს ელჩად უნდა დანიშნულიყავით, თუმცა ეს დანიშნვა არ შედგა, რა მოხდა მაშინ?
– მართალი ბრძანდებით, იმ პერიოდში საქართველოს უჭირდა და მეც რა თქმა უნდა საქართველოს წინსვლაზე ვფიქრობდი, გახსოვთ რა მდგომარეობა იყო 90-იან წლებში, მინდოდა გახსნილიყო საელჩო, ურთიერთობა დამყარებულიყო და იმ მდიდარი ქვეყნიდან დავეხმარებოდით ჩემს სამშობლოს. იმ პერიოდში ხშირად ჩამოვდიოდი, ჩვენს პარლამენტარებთან, მინისტრებთან ხშირი ურთიერთობა მქონდა, ვმუშაობდით მაგ საკითხზე, ამიტომ გადავწყვიტე დამენებებინა თავი მერის მოადგილეობისთვის და ჩემი უნარითა თუ შესაძლებლობებით დავხმარებოდი ჩემს ქვეყანას. შემდეგ ისე მოხდა, რომ აღარ გამოვიდა ეს ამბავი. ეს უკვე შიდაპოლიტიკური საქმეა… მერე ჩამოვედი თბილისში, როგორც მეცნიერებათა აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი. კრწანისის რეზიდენციაში ბატონ ედუარდთან იყო შეხვედრა, მთხოვა დავრჩენილიყავი და გველაპარაკა, მაგრამ მე არ დავრჩი, ვუთხარი, რომ კარგად იყავით, აღარ ღირს წარსულზე საუბარი მეთქი.
ვიცი, რომ ბატონ ვლადიმერს არ სურს ისაუბროს ჩვენი უახლოესი ისტორიის ზოგიერთ მტკივნეულ თემაზე, მაგრამ ჩვენ უნდა გავაჟღეროთ, რომ ბატონი ვლადიმერის ინიციატივით უზბეკეთში მომზადა საქართველოსთან ეკონომიკური ურთიერთობის წინასწარგანზრახულობათა გეგმა, ეს იყო დიდი ეკონომიკური ურთიერთობის დოკუმენტი, რომელშიც გაწერილი გახლდათ მილიონობით დოლარის ურთიერთობა, ფაქტობრივად, უზბეკეთი ბატონი ვლადიმერის დამსახურებით ფულად კრედიტებსაც გვაძლევდა და სასაქონლოსაც, რაც საქართველოსთვის დიდი ამოსუნთქვის საშუალება იქნებოდა 90-ანი წლების გაჭირვებულ პერიოდში. მომზადდა ეს დოკუმენტი ხელმოსაწერად და მოხდა რა, უზბეკეთის ხელისუფლების მაღალი წრეებისათვის ცნობილი გახდა, რომ ვლადიმერ ხომერიკი არ ინიშნებოდა საქართველოს ელჩად უზბეკეთში… ეს უმნიშვნელოვანესი ეკონომიკური დოკუმენტი დარჩა ხელმოწერის გარეშე… ჩვენ ხშირად არ ვიცით, რა ხდება მაღალ ეშელონებში, არ ვიცით ესა თუ ის პროქტი რატომ ჩავარდა, რა ხდება და როგორ ხდება, მაგრამ ისტორია ყველაფერს ნათელს მოჰფენს…
– ბატონო ვლადიმერ, თქვენ ამ რამდენიმე ხნის წინ შეხვდით გორში არსებულ ქართულ-რუსული ურთიერთობის საზოგადოების წარმომადგენდლებს. რა ორგანიზაციაა ეს და რაზე ისაუბრეთ?
– დამპატიჟეს ჩვენმა მშვენიერმა ქართველებმა, რომლებმაც აქ გახსნეს ახალი საზოგადოებები ჯერ გორში, მერე სამცხე ჯავახეთში, როგორც ვიცი, სხვა რეგიონებშიც აპირებენ ასეთი ორგანიზაციების ჩამოყალიბებას. მათი მიზანია მეგობრობა და სამართლიანობა, რომელ საკითხებზეც დიდი ხანია ვმუშაობ. ვიყავი დაპატიჟებული კონფერენციაზე, რომელსაც დაახლოებით 500 კაცი ესწრებოდა. კონფერენციის მიზანი გახლდათ სახალხო დიპლომატიის ხაზით კავშირების აღდგენა და არა მხოლოდ რუსეთის მიმართულებით. საუბარი უნდა ყოფილიყო იმაზე თუ რა სჭირდება ამ ურთიერთობების აღდგენას და საერთოდ რა არის ქართულ პოლიტიკაში მთავარი, თუმცა გარკვეული ოპოზიციური ძალები შეეცადნენ ამ პროცესისათვის განსხვავებული შეფასებები მიეცათ, დაუმსახურებელი ბრალი დაგვდეს, დაწვეს პუტინის პორტრეტები და სხვა ათასი სისულელე ჩაიდინეს, რაც ნამდვილად არ არის ლამაზი და ეს ყველაფერი ისევ და ისევ საქართველოს ინტერესებს ეწინააღმდეგება.
– და მაინც, რა ეშველება რუსულ-ქართულ ურთიერთობას და დაახლოებით რა პერიოდში შეიძლება დაიწყოს ამ ურთიერთობის დარეგულირება? პირველ რიგში ვგულისხმობ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის საქართველოს იურისდიქციაში დაბრუნებას, სხვანაირად ვერ წარმომიდგენია ამ ურთიერთობის ნორმალიზაცია…
– ჩვენც ზუსტად მაგაზე ვფიქრობთ და ვმუშაობთ, ბევრმა ალბათ არც კი იცის, რამდენს ვაკეთებთ და რას ვაკეთებთ ამ საკითხებში. გვსურს პირიქით შევატრიალოთ რუსეთის მთავრობაც და ჩვენი მთავრობაც, რომ დაიწყონ მოლაპარაკებები. სანამ არ დასხდებიან და საუბარს არ დაიწყებენ, ეს პროცესები პირიქით გართულდება. ძალიან ბევრი დრო დავკარგეთ, თუმცა რუსეთი დღესაც ელოდება მოლაპარაკების დაწყებას. მივმართავ ჩვენს მთავრობას, მოლაპარაკების პროცესებისთვის თავის არიდება წამგებიანი პოზიციაა, თუ ვაჟკაცი ხარ, გაქვს სათქმელი და შეგიძლია დიპლომატიური საუბარი, უნდა ელაპარაკო მას, ვისთანაც გაქვს პრეტენზია. მითუმეტეს, ხალხს სურს დაიწყოს მოლაპარაკება და დალაგდეს საკითხები, რომლებიც ჩვენი ქვეყნის მთლიანობის საფუძველი გახდება.
ნოდარ ცინცაძე: – 2012 წელს, როცა ქართული საზოგადოება წინ აღუდგა სააკაშვილის პირსისხლიან რეჟიმს, საზოგადოების დაკვეთა იყო ორი რამ: – სამართლიანობის აღდგენა და რუსეთთან მოლაპარაკებების დაწყება. ოთხი პირველი პირი გამოიცვალა ამდენი წლის განმავლობაში, საზოგადოება კიდევ ელოდება, ჩვენ უნდა დავრწმუნდეთ, რომ მოლაპარაკების მაგიდასთან პირველი პირების დასხდომის შემთხვევაში შეუვალი იქნება რუსეთის მხარე, დამარწმუნეთ, რომ რუსეთთამ საერთო ენის გამონახვა შეუძლებელია. ჯერ მოლაპარაკება არ შემდგრა და ყოველ წუთში იმის ძახილი, რომ მოლაპარაკება არ გამოდის, მიზანმიმართულად მიდის იქეთკენ, რომ არსებობდეს უშაბათო კვირის პრინციპი.
– ბატონო ვლადიმერ, თქვენ თან მოიტანეთ წიგნი „ზოვ ალაზანი“ (ალაზნის ძახილი) ქართველი პოეტების შედევრები რუსული თარგმანით. რა არის ეს?
– მინდა ვაჩუქო თქვენს რედაქციას ეს უნიკალური წიგნი, მასში შეტანილია ყველა ჩვენი ქართველი პოეტისა და რუსი პოეტების ნაწარმოებები. აქ არის მშვენიერი ბიოგრაფიები, თარგმანები და ეს წიგნი არის იმის მოწმე, რომ რუსები და ქართველები მრავალი საუკუნე ერთად ვიყავით, ერთად ვშრომობდით და გვიყვარს ერთმანეთი, ამიტომაც გამოვეცი ეს წიგნი და ახლა ვმუშაობ მეორე წიგნზე, რომელიც იმავე ფორმატით გამოვა.