არა მგონია მომავალ „რჩეულ ქობულეთელებს“ შორის იმდენი ხმა მიიღოს ვინმემ, რამდენიც მამია ცივაძემ მიიღო. დიდი პატივისცემით მისცა ხმა მას ქობულეთის საზოგადოებამ. დღეს სწორედ ამ პიროვნებას წარმოგიდგენთ პატივცემულო მკითხველო… როდესაც მამია ცივაძის ბიოგრაფიას გავეცანი აღფრთოვანებული დავრჩი. იშვიათია ასეთი ჰარმონიულად შერწყმული ოჯახი, მეუღლეების ურთიერთპატივისცემა, შვილების ნაზი, სათუთი სიყვარული მშობლებისა და ერთმანეთისადმი… ნეტავ მრავლად იყვნენ ასეთი ოჯახები. ხუმრობა ხომ არაა ოთხი კარგად გაზრდილი, განათლებული პიროვნება მისცე ქვეყანას. ბატონი მამია ქობულეთში დაიბადა, პირველი საშუალო სკოლა დაამთავრა, შემდეგ თბილისის პოლიტექნიკურ ინსტიტუტის ბათუმის ფილიალში გააგრძელა სწავლა მექანიკა-მანქანადმშენებლობის ფაკულტეტზე და ინჟინრის დიპლომით დაუბრუნდა რაიონს.
სტუდენტობისას გაიცნო თავისი მომავალი მეუღლე მანანა ინაშარიძე, გოგონა ამავე ფაკულტეტზე სწავლობდა, ოღონდ ერთი კურსით უკან, ის ლამაზი, სიჭაბუკის წლების სუფთა გრძნობა ერთ წელიწადში ქორწინებით დააგვირგვინეს.
ამ სიყვარულით აღიზარდა ოჯახში ოთხი შვილი. უფროსებმა ნათიამ და ნანამ წარჩინებით დაამთავრეს ბათუმის შოთა რუსთაველის უნივერსიტეტი და გერმანიაში, მიუნჰენში გაემგზავრნენ სწავლის გასაგრძელებლად. ანამ წელს დაამთავრა ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის ბიზნესის ადმინისტრირება და ისიც ემზადება გერმანიაში სწავლის გასაგრძელებლად. ჯემალი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამშენებლო ფაკულტეტის პირველი კურსის სტუდენტია. თავად ქალბატონი მანანა ქალაქის #1 საჯარო სკოლის მასწავლებელი.
ბატონი მამია სტუდენტობიდან მუშაობდა (საღამოს განყოფილება დაამთავრა) ჯერ საკოლმეურნეობათშორისო სამშენებლო საბჭოში, ბათუმის თევზჭერის სამმართველოში, აჭარსოფლტექნიკის ბათუმის ასს-ში ინჟინერ ტექნოლოგად, ქობულეთის ჩაის კომბინატში დამფასოებელი საწარმოს უფროსად, ქობულეთის სოფლის მეურნეობის სამმართველოს ტექ-ზედამხედველობის ინსპექციის უფროსად, მეხუთე წელია მუშაობს ქობულეთის სატყეო ადმინისტრაციაში უფროსად. ეს ისეთი სამსახურებია ძნელია იმუშაო ისე, ჩრდილი არ გაჰყვეს შრომით ბიოგრაფიას. ამ ცხოვრებისეულ ბილიკს მართლაც ღირსეულად მიუყვება ბატონი მამია. ერთ პატარა შტრიხს გავუსვამ ხაზს, რაც მის შინაგან ბუნებას ამკობს და ამდიდრებს. როდესაც „რჩეული ქობულეთელისთვის“ გროვდებოდა ხმები, არც კი იცის ყოფილმა დირექტორმა ბატონმა ნოდარ კაიკაციშვილმა, რომ მამია მისთვის აგროვებდა კუპონებს და გზავნიდა რედაქციაში.
– ბატონო მამია, ნათქვამია მითხარი ვინ არის შენი მეგობარი და გეტყვი ვინხარ შენ…
– ჩვენ გვყავს ჩვენი პატარა სამეგობრო წრე, რომლებიც ბავშვობიდან მოვდივართ – ზაზა ბოლქვაძე, დავით წულუკიძე, ჩემი ძმა თენგიზი, თამაზ ცივაძე (სამწუხაროდ გარდაიცვალა). ორი კვირა ისე არ გაივლის არ შევიკრიბოთ, დღემდე ასე გრძელდება ხან ერთის ოჯახში ვართ, ხან მეორეს. (ბედნიერი კაცი ყოფილხართ, ზაზა ბოლქვაძე მეგობარიცაა და მეზობელიც. ლ.გ.).
,,კარიერში’’ ცხოვრობს ბატონი მამია ოჯახით, არაჩვეულებრივად მოვლილი სახლ-კარი, დეკორატიულად გაფორმებული დიდი ეზო-ბაღი, თავად ოჯახის უფროსის წყალობითაა ასე მოვლილი, სხლავს ნარგავებს, კრეჭს ბალახს, ალამაზებს გაზონებს…
– ქალბატონო მანანა (მეუღლე) მამიას ვიცნობთ, როგორც ძალიან თავაზიან, გაწონასწორებულ პიროვნებას, სახლში არაფერზე ბრაზობს?
– არაფარზე. ღმერთმა ნუ ქნას, რომ გაჯავრდეს… ერთხელ სამსახურის საქმეზე აუწია ხმას ტელეფონზე და უცებ ფანჯრები მოვხურე არავის გაეგონა. ამისი მიზეზი არასდროს ჰქონია ოჯახში.
ვისაც კი ერთხელ შეუღია ამ ოჯახის კარი სამუდამოდ მეგობრებად დარჩენილა.
მანანა: – სულ ვნატრობდი, რომ კარგი მეუღლე შემხვედროდა, და შემისრულდა კიდეც.
– ჰოდა, ასეთი ნანატრი მეუღლე გიძღვნით აღსანიშნავ დღეებზე საჩუქრებს?
– იცის მოლოცვა, მაგრამ ყველაზე მეტად სიურპრიზების გაკეთება უყვარს, სულ არ ველოდები ისე გამახარებს ხოლმე, ანდა იტყვის წავედით ექსკურსიაზე და მივდივართ ხან სად, ხან სად. მოვიარე საქართველოს ყველა კუთხე, ვიყავით საზღვარგარეთ.
– ბატონო მამია, რას ანიჭებთ უპირატესობას ტრადიციას თუ სიყვარულს? როგორ შეხვდით ქალიშვილი რომ უცხოელზე გათხოვდა?
– მიუხედავად იმისა, რომ ჩემი შვილები ქართული ტრადიციების მიმდევრები არიან სიყვარულმა თავისი გაიტანა. უფროსმა გოგონამ შექმნა ქართულ-იტალიური ოჯახი. სიძე ძალიან განათლებული, კარგი ახალგაზრდაა, უყვართ ერთმანეთი და არ შემიშლია ხელი. მთავარია ჩემი შვილი ბედნიერი იყოს.
მანანა: – თავიდან კი განვიცადეთ, მაგრამ კარგი ხალხია მოყვრები, კარგს ვინ არ შეეგუება, მამია 3-4 ჯერ იყო ჩასული. შვილებთან ერთად კი ახლახანს მოვიარეთ გერმანია, მოვინახულეთ შვილები, სიძე, ვიყავით ავსტრიაში, იტალიაში, გამოვიარეთ სალონიკში ახლობლებთან, მთელი ეს მოგზაურობა გოგონებმა დაგვიფინანსეს. შესანიშნავი სამსახურები აქვთ კარგი ანაზღაურებით. იმ მძიმე წლებშიც ისინი გვიწყობდნენ ხელს.
– ბატონო მამია როგორი გინდათ იყოს ქობულეთი?
– მინდა კიდევ უფრო ლამაზი იყოს მეტი პარკი და ხეივანი გაშენდეს, დაირგოს ბევრი პალმა, ფიჭვი, რაც მნიშვნელოვანია საკურორტო ქალაქისათვის.
ლია გრძელიძე.