ბათუმსა და აჭარის ხუთივე რაიონში ფაშიზმზე გამარჯვების 70-ე წლისთავი ფართომასშტაბიანი ღონისძიებებით აღინიშნა. ომის მონაწილეები და დაღუპულთა ოჯახის წევრები დღეს ბათუმში, გმირთა ხეივანში შეიკრიბნენ და გარდაცვლილთა ხსოვნას პატივი მიაგეს.
გამარჯვების დღე ვეტერანებს აჭარის მთავრობისა და უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეებმა, ბათუმის მერმა და ქალაქის საკრებულოს წევრებმა მიულოცეს.
მეორე მსოფლიო ომის მონაწილეებმა ბათუმის მერიისგან ერთჯერადი დახმარება – 300 ლარი, ხოლო ომში დაღუპულთა ოჯახის წევრებმა – 200 ლარი მიიღეს, საქართველოს მთავრობისგან მათ ასევე საჩუქრად 1000 ლარი და გამარჯვების 70 წლისთავის აღსანიშნავი მედლები გადაეცათ.
ბათუმის მერიამ ვეტერანებს ბანკეტიც გაუმართა, კინოთეატრ “აპოლოში” კი რეზო ჩხეიძის ფილმის “ჯარისკაცის მამის” ფერადი ვერსიის ჩვენება მოეწყო. ფილმის დაწყებამდე არჩილ ხაბაძემ, გიორგი ერმაკოვმა და ავთანდილ ბერიძემ ომის ვეტერანებს მედლები და პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის წერილი გადასცეს.