სსიპ „საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ“ რეგიონალურმა წარმომადგენელმა აჭარაში ირმა გაბინაშვილმა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის „დასავლური ინტეგრაციის პროცესის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა რეგიონებში“ ფარგლებში, სოფ. ქვედა კვირიკეს საჯარო სკოლაში ადგილობრივ მოსახლეობასთან და ახალგაზრდებთან საინფორმაციო შეხვედრა გამართა. შეხვედრას ესწრებოდნენ ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განათლების, მეცნიერების, კულტურის, სპორტისა და ტურიზმის საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ლია შაქარიშვილი, კვირიკეს თემის მაჟორიტარი დეპუტატი ქობულეთის საკრებულოში ავთანდილ ვერულიძე, ქობულეთის მერის წარმომადგენელი კვირიკეს ადმინისტრაციულ ერთეულში ედიტა გოგიტიძე და ქვ. კვირიკეს საჯარო სკოლის დირექტორი დოდო ხახუტაიშვილი. შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოსა და ევროკავშირს შორის არსებულ ურთიერთობებს და გამოწვევებს, მოქალაქეებმა მიიღეს ინფორმაცია საქართველოს ევროკავშირთან და ნატოსთან თანამშრომლობის შედეგად მიღებული სარგებელის, ახალი შესაძლებლობების და ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში გატარებული, მიმდინარე და დაგეგმილი რეფორმების შესახებ. მსმენელები დაინტერესდნენ, ევროკავშირის პროექტების განხორციელების ფარგლებში რა კონკრეტულ სარგებელს მიიღებს საქართველოს თითოეული მოქალაქე, მათ შორის, ახალგაზრდები და რამდენად ხელმისაწვდომია ინფორმაცია ამ პროგრამების შესახებ მოსახლეობისთვის. საუბარი შეეხო საზოგადოებაში მომძლავრებულ ანტიდასავლურ პროპაგანდას და მათგან მომდინარე საფრთხეებს. დაასახელდა ის მითები, რომლებიც აქტიურად ვრცელდება რეგიონებში და საზოგადოებაში გარკვეული სკეპტიციზმის დანერგვას ემსახურება. პედაგოგებმა და მოსწავლეებმა მიიღეს ინფორმაცია ანტიდასავლურ პროპაგანდაზე, ყალბი ინფორმაციების და მანიპულაციების გავრცელების გზებსა და საფრთხეებზე. შეხვედრის მონაწილეებმა ისაუბრეს აგრეთვე იმ სტერეოტიპებზე, რომლებიც საზოგადოებაში სხვადასხვა საინფორმაციო საშუალებებით, განსაკუთრებით კი- სოციალური ქსელებით ვრცელდება. შეხვედრაზე საუბარი შეეხო ევროკავშირთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის მნიშვნელობას და სიკეთეებს აგრეთვე ამ პროცესში გამოვლენილ უვიზო მიმოსვლის წესების დარღვევების გამოვლენასა და მათ პრევენციას. აჭარის ბიუროს წარმომადგენელმა აუდიტორიას საინფორმაციო სახის მასალები გადასცა და მათ შეკითხვებსაც უპასუხა. შეხვედრა “დასავლური ინტეგრაციის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა საქართველოს რეგიონებში“ პროექტის ფარგლებში გაიმართა. პროექტი საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტისა და საქართველოში აშშ-ს საელჩოს მხარდაჭერით იმართება და მისი მიზანია ქვეყნის ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესების შესახებ რეგიონებში ეფექტიანი კომუნიკაცია.
მთავარი ვიდეორეპორტაჟი საზოგადოება „საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ“ საინფორმაციო შეხვედრა