აგვისტოს ცხელი დღეები დასრულდა, თუმცა საკურორტო სეზონი ქობულეთში გრძელდება, ქუჩებში საცობები, ჭრელი ხალხი და გასაყიდად გამოტანილი პროდუქტი თუ ნიფხავ-პერანგი – კაფე-რესტორანების გამაყრუებელ მუსიკაში ისეა შეზავებული, თითქოს ეს ყველაფერი ყოველდღიური ცხოვრების ნორმად გვექცა…
დამსვენებლის სიმრავლის მიუხედავად ქობულეთელები შემოსავლებით მაინც უკმაყოფილონი არიან, რადგან სეზონმა მოლოდინი აშკარად ვერ გაამართლა და რუსი ტურისტების სიმცირის გამო (აბა სომხები და ქართველები გაცილებით ხელმოკლედ გამოიყურებიან) დაგეგმილი შემოსავლებიც არ ჩანს… მოკლედ, კაფე- ბარებისა თუ მაღაზიების მეპატრონეები სეზონს საყვედურობენ და ამბობენ, რომ სრული დატვირთვით ვერ მუშაობენ… სამაგიეროდ ამ არეულობასა და სიჭრელეში „კარგი მუშაობა“ მარტო დასუფთავების სამსახურს აქვს, რომელიც ქალაქიდან დაგროვებული ნაგავის გატანას ვერ უთავდება და ხშირად ქობულეთელების და არა მარტო მათი რისხვის საგანი ხდება.
სოციალურ ქსელებში, რედაქციის ცხელ ხაზზე, ალბათ მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობაშიც ამ სამსახურის მიმართ საყვედურები ძალიან ხშირად გაისმის და მოსახლეობა მომსახურების გაუმჯობესებას ითხოვს, მათი თქმით, ქალაქში ნაგვის გორებია და ეს რომ ასეა, ფოტოზეც ნათლად ჩანს.
სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ პრობლემის მიზეზები უშუალოდ დასუფთავების სამსახურის ხელმძღვანელ რაულ ჩელებაძესთან გაგვერკვია…
– 24 საათიან რეჟიმში ვმუშაობთ, დღის განმავლობაში რამდენჯერმე ხდება ქალაქიდან ნაგავის გატანა, ძველი თანამშრომლები ამბობენ, რომ ასეთი რამ არც ერთ სეზონზე არ ყოფილა, ყველანი მობილიზებულები ვართ, მაგრამ ჩვენი მწირი, მოძველებული ტექნიკა მეტის გაკეთების საშუალებას არ გვაძლევს, მანქანები ხშირად მწყობრიდან გამოდიან და ამით ძალიან გვეშლება ხელი. ამას ადგილობრივი სავაჭროების მესვეურთა უპასუხისმგებლობაც ემატება, არა ერთხელ ვთხოვეთ მათ (მათ შორის თქვენი გაზეთითაც), რომ ურნებში დაუკეცავ მუყაოს ყუთებს ნუ ჩაგვიყრით, რადგან ასეთი სახის ნარჩენებს დიდი ადგილი სჭირდება და შემდეგ მოსახლეობა იძულებულია ნარჩენები გადავსებულ ყუთებზე დაყაროს, რამდენჯერაც არ უნდა გაცალო ყუთი, რუსთაველის ქუჩაზე ყველგან თითქმის ერთნაირი მდგომარეობაა. ხშირად არის შემთხვევები, როცა ურნა ცარიელია, სახურავი დახურულია და ნაგავი ურნის ირგვლივაა დაყრილი… გარდა ამისა, დიდ პრობლემებს გვიქმნის სამშენებლო ნარჩენები, რომელსაც ხშირად მოსახლეობა ურნებში ყრის და ამ ნარჩენებს შემდეგ მწყობრიდან გამოყავს ავტომანქანების საწნეხი მექანიზმები, რომელთა შეკეთებას შემდეგ დიდი დრო და ძალისხმევა სჭირდება.
– ძალიან დიდი დრო და ენერგია წაიღო შტორმისა და უამინდობის შემდეგ ზღვისპირა პლაჟის დალაგებამ, საიდანაც მდინარეების მიერ მთიდან ჩამოტანილი და ზღვის მიერ გამორიყული საყოფაცხოვრებო ნარჩენების, ხის ტოტებისა და უზარმაზარი მორების გატანა მოგვიხდა.
– რამდენი თვითმცლელი ემსახურება ამ დროისთვის ქობულეთს?
– ამჟამად ქობულეთს 4 დიდი, 1 პატარა და 2 ღია თვითმცლელი მანქანა ემსახურება, მათ შორის აღმაშენებელის გამზირზე მუდმივ რეჟიმში 2 დიდ მანქნას ვამუშავებთ, 1 თვითმცლელი რუსთაველის ქუჩაზე მოძრაობს, 1 – თამარის სანაპიროზე, 1 – ჩაქვის მიმართულებით სოფლებს ემსახურება და დანარჩენი ტექნიკა ქალაქის სხვა ქუჩებზე გვაქვს გამწესებული. ძალიან მოკლე დროში ველოდებით ახალ ტექნიკას, რაც შეგვიმსუბუქებს მდგომარეობას და უკეთესი მომსახურების საშუალებას მოგვცემს. მოკლედ არ გეგონოთ, რომ გულზე ხელებდაკრეფილები ვართ და არ ვზრუნავთ ჩვენი ქალაქისთვის, პირიქით, პრაქტიკულად სახლშიც ვერ მივდივარ აუარება საქმის გამო…
ჯანო ქობულაძე