მთავარი ინტერვიუ სამი შვილიშვილის მოლოდინში შემოსული ხვავიანი გაზაფხული…

სამი შვილიშვილის მოლოდინში შემოსული ხვავიანი გაზაფხული…

526
0

ქობულეთის კულტურის ცენტრისა და გაზეთ „ჩემი ქობულეთის“ ერთობლივი პროექტის – „რჩეული ქობულეთელის“ საკონკურსო მარათონში, ხმების რეკორდული რაოდენობა დააგროვა ქობულეთის #6 საჯარო სკოლის ფიზკულტურის მასწავლებელმა თამაზ კორძაძემ. ეს იმას ნიშნავს, რომ მეზობლებმა, მეგობრებმა, კოლეგებმა პატივისცემითა და სიყვარულით მისცეს ხმა კეთილსინდისიერ, განათლებულ, მეგობრულ, თავის საქმეზე უზომოდ შეყვარებულ ადამიანს. ეს თვისებები, რაც ბატონ თამაზს ავტორიტეტსა და პოპულარობას სძენს, ოჯახიდან მოჰყვება. პედაგოგების ოჯახში აღზრდილი სხვაგვარად, როგორ იქნებოდა… ვანში დაამთავრა #1 საშუალო სკოლა და სწავლა განაგრძო თბილისის სახელმწიფო ფიზიკური აღზრდის ინსტიტუტში. ახალგაზრდამ 1972 წელს დაამთავრა სტუდენტობა და ქობულეთის #6 საშუალო სკოლაში დაიწყო მუშაობა. აქ ჰყავდა პედაგოგი მამიდა და ბიძა ბორის ოყროშიძე, რომელიც მეურნეობის დირექტორი იყო. ეიმედებოდა მათი ოჯახი და დიდი სიხარულით გამოსწია აქეთ, როცა ინსტიტუტიდან მოავლინეს ამ კოპწია, ლამაზ ქალაქში… მას შემდეგ ჩაელია ხელში მასწავლებელს 45 წელი. ვინ მოთვლის რამდენი თაობა აღზარდა ბატონმა თამაზმა, რამდენს გაატანა ადამიანური სითბო, ასწავლა სიყვარული, მეგობრობა, ერთმანეთის გატანა. ამ შეგონებებით, მეგობრული საუბრებით იწყებოდა მისი ყოველი გაკვეთილი, ეს კი თავისებურ, უხილავ სიმებს აბამდა მოზარდების გულში, რაც შემდგომ სიახლოვესა და მეგობრობაში გადაიზარდა. დღეს ყოფილი მოსწავლეები მისი ახლო მეგობრები არიან. აქ გაიცნო ახალგაზრდა მასწავლებელი მშვენიერი ირა კობახიძე და შეიქმნა პედაგოგების ოჯახი. ამ არაჩვეულებრივმა ქალბატონმაც ჩინებულად აღზრდილი ქალ-ვაჟი დაუტოვა მეუღლეს. რამდენიმე წლის წინ თამაზის ერთგული მეგობარი მშვენიერი ქალბატონი ზეციური საქართველოს მკვიდრი გახდა. დღეს ორივე შვილი დაოჯახებულია. ბატონი თამაზი ბაბუაა, ლამაზი მარი ჰყავს. სულ მალე სამი შვილიშვილი შეეძინება – ქალიშვილისგან ტყუპები, ვაჟისგან ერთი და საზღვარი არ აქვს მის სიხარულს…
თამაზ კორძაძე 1 - adjaraps– ბატონო თამაზ, განსხვავებაა თბილისის თუ სხვა დიდი ქალაქის საპატიო მოქალაქესა და „რჩეულ ქობულეთელს“ შორის?
– დიდი განსხვავებაა. დიდ ქალაქში იკარგები, ვის ახსოვხარ. აქ კი, ამ შენს მშობლიურ ქობულეთში ყოველდღე, ყოველ წუთს ხვდები ახლობლებს, ვისაც უყვარხარ, ვინც გაფასებს…
– რისთვის ცხოვრობს ადამიანი ამ ქვეყანაზე?
– იმისათვის, რომ „კვალი ნათელი“ დატოვოს, იყოს ავტორიტეტული, ადამიანური… ამაზე სასიხარულო რა უნდა იყოს, ავად ვიყავი ამ გაზაფხულზე, თბილისში, შვილთან ვიწექი, იცით, ყოფილი მოსწავლეები იყვნენ სანახავად…
– თქვენი ცხოვრების ყველაზე დასამახსოვრებელი დღე…
– პირველი შვილიშვილის დაბადება და პრეზიდენტის თასზე სკოლის გუნდის მონაწილეობა (2002 წელს)…
სწორედ თამაზი მასწავლებლის დამსახურებაა, რომ სკოლის გუნდი წარმატებით გამოდის მხიარულ სტარტებში. 2005 წელს რაიონულ ასპარეზობაზე მე-6 სკოლამ I ადგილი დაიკავა, იმავე წელს კი რესპუბლიკურ პირველობაზე „მხიარულ სტარტებში“ მე-3 ადგილი დაიკავეს, სკოლა ჩოგბურთის მაგიდით დაჯილდოვდა, თავად მასწავლებელი ფასიანი საჩუქრით (საუცხოო სპორტული ფორმით). 2007 წელს რაიონის პირველობაზე სკოლის ფეხბურთელ გოგონათა გუნდმა I ადგილი დაიკავა, და მონაწილეობა მიიღო რესპუბლიკურ პირველობაზე… გარდა ამისა მის აღზრდილებს არაერთხელ მიუღიათ მონაწილეობა საქართველოს პირველობაზე გამართულ შეჯიბრში (ველოსპორტში), მინდია კაკალაძეს და ნოდარ კაცაძეს, მინდია ველოსპორტში საქართველოს ნაკრების წევრია, ხოლო ბესიკ ცეცხლაძე რესპუბლიკური ტურნირის ჩემპიონია. ბატონი თამაზის პედაგოგიური საქმიანობა განზოგადოებილია და იგი დაჯილდოებულია ერთი თვის ხელფასით, მიღებული აქვს ლაურეატი მასწავლებლის წოდება, განათლების სამინისტროს საპატიო სიგელი ტურისტულ ლაშქრობაში აქტიური მონაწილეობისათვის. მთელი მისი პედაგოგიური მოღვაწეობის გვირგვინია საქართველოს სახალხო განათლების წარჩინებული მასწავლებლის წოდება და მედალიონი…
– ბატონო თამაზ, რა უნდა ინატროს ადამიანმა?
– შვილების, შვილიშვილების კარგად ყოფნა, ჯანმრთელობა, რომ მეტი ახალგაზრდა აღზარდოს, მეტი სპორტული დარბაზი, ობიექტი იყოს, საცურაო აუზი, ჩემი ხალხი ისევ ლაღი, წელგამართული იყოს…
– სკოლის შემდეგ რას საქმიანობთ?
– მეგობრებში, ახლობლებში ვტრიალებ, ერთად მოვაწყვეთ ეზოში სკვერი.
– რას აფასებთ ადამიანში?
– აღზრდას, რომ ტყუილი არასდროს თქვას. ხომ გაგიგიათ, ღმერთსაც მართალი კაცი უყვარს…
აქვე დავძენთ, რომ ,,რჩეული ქობულეთელი~ კოლეგებშიც რჩეულია. სწორედ ამ მეგობრული კოლექტივის დამსახურებაა, რომ ამდენი წელია მათ შორის იღვწის, სპორტულ სკოლებშიც იმუშავა ერთ ხანს, მაგრამ ისევ #6 სკოლამ გადმოსძლია, ვერ დათმო ამდენი ხნის კოლექტივი. დირექტორი, ქალბატონი ნატო შამილიშვილი კოლეგების სული და გულია, ყველანაირად ხელს უწყობს თითოეულ მასწავლებელს. ეს ახალგაზრდა ქალბატონი არა მარტო ხელმძღვანელი, უბრალოდ მეგობარი და ახლობელია…
– ბატონო თამაზ, რა აკლია ქობულეთს?
– ინფრასტრუქტურის გაახლება, მოუწყობელია ქალაქი. ასეთი ზღვა-ეკოლოგიურად სუფთა და კარგი პლაჟი არც ერთ სანაპიროს არ აქვს. ბათუმისათვის რომ იკლავენ ტურისტები, განა შეედრება მისი პლაჟი ქობულეთისას?
დადის ასეთი შესანიშნავი პიროვნება ქობულეთში. ეს გაზაფხული მისთვის ხვავრიელია. სამი შვილიშვილიც შეეძინება და ,,რჩეული ქობულეთელის~ ტიტულითაც შეამკობენ.

ლია გრძელიძე