მთავარი სხვადასხვა „სამყაროს ჰიმნის“ შემოქმედი სტუდია „ლურჯა ცხენები“ სამყაროს „იპყრობს“!..

„სამყაროს ჰიმნის“ შემოქმედი სტუდია „ლურჯა ცხენები“ სამყაროს „იპყრობს“!..

14
0

საბავშვო საესტრადო – თეატრალურ სტუდია „ლურჯა ცხენებს“ და მის ხელმძღვანელს, მრავალმხრივი ნიჭით დაჯილდოებულ კომპოზიტორს – ნანა ბალახაშვილს, არც ჩვენი მაყურებლის და საერთოდაც, ქართული აუდიტორიის წინაშე წარდგენა არ სჭირდებათ… ისინი საზოგადოებამ დიდი ხანია კარგად გაიცნო და შეიყვარა ისეთი შესანიშნავი სიმღერებით, როგორებიცაა „აი ია“, „დედა-შვილობის ზღაპარი“, „სამყაროს ჰიმნი“ და სხვა. „ლურჯა ცხენებს“ უკვე 30-წლიანი ისტორია აქვს და ამ ხნის განმავლობაში დამსახურებულად ინარჩუნებს საუკეთესო სტუდიის სტატუსს. მას არა ერთ ადგილობრივ თუ საერთაშორისო კონკურსზე მიუღია მაღალი შეფასება და შესაბამისად უმაღლესი საპრიზო ადგილები – ქართული საბავშვო – საესტრადო სიმღერების დახვეწილი შესრულების, საკუთარი ხელწერისა თუ პატარა შემსრულებლების გამორჩეული არტისტიზმისათვის… სტუდიის რეპერტუარში არსებული სიმღერების უმრავლესობის ავტორი ხომ თავად მისი ხელმძღვანელი ქალბატონი ნანა ბალახაშვილი გახლავთ, რაც ორმაგ დატვირთვას, ემოციასა და მშვენიერებას სძენს მათ შესრულებას…

ორმაგად გვახარებს ის ფაქტი, რომ სტუდია მიღწეულით არასდროს კმაყოფილდება და მისი ხელმძღვანელობა ყოველდღიურად ცდილობს განვითარებისა და შემდგომი წარმატებებისთვის ღირსული ნაბიჯები გადადგას, ახლახან, პირველად ქართული მუსიკის ისტორიაში, სტუდია ,,ლურჯა ცხენების“ წარმომადგენლობა, ქალბატონი ნანას ხელმძღვანელობით, ესპანეთის ქალაქ ბარსელონაშიც გაიხსნა, სადაც ქართველი ემიგრანტები ქართულ სიმღერებს სწავლობენ. ამ ეროვნული პროექტის საუკეთესო დაგვირგინება კი გახლავთ, ყოველწლიურად, ქართული სიმღერის დღეები ბარსელონაში…

ამჯერად ვოკალურ-თეატრალური სტუდია „ლურჯა ცხენები“ საინტერესო სიახლით აჭარაში, კერძოდ კი ბათუმშია! ტელეკომპანია TV12-აჭარას პარტიორობით სტუდია „ლურჯა ცხენები“ სატელევიზიო სკოლა-სტუდიის სტატუსით, მორიგ ფილიალს სწორედ აჭარის დედაქალაქში გახსნის! გვინდა დავაანონსოთ, რომ ზაფხულში /კერძოდ, ივლისში/ სტუდია „ლურჯა ცხენების“ შემოქმედებითი ჯგუფი მონაწილეობას მიიღებს TV12-აჭარას მიერ ქობულეთში დაგეგმილ ხელოვნების 21-ე საერთაშორისო ფესტივალ-კონკურსში „ნარინჯისფერი ქობულეთი“, რომლის პარალელურად ბათუში ყველა მსურველს მიეცემა საშუალება მოიყვანონ თავიანთი შვილები საცდელ გაკვეთილზე. დეტალური ინფორმაციისთვის დარეკეთ ნომერზე: 599 753 519 /სტუდიის დირექტორი თამარ მებუკე/.

„სამყაროს ჰიმნის“ შემოქმედი სტუდია „ლურჯა ცხენები“ სამყაროს „იპყრობს“!.. ალბათ დაგვეთანხმებით, რომ წლების განმავლობაში უამრავი მშობელი ელოდება „ლურჯა ცხენების“ ფილიალის გახსნას ბათუმში… ზურგის ქარს ვუსურვებთ ნამდვილ შემოქმედებას საზღვაო ქალაქში!..