ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები მნიშვნელოვანია თითოეული მოქალაქისათვის, ამიტომ საზოგადოების აქტიურობა აუცილებელია, ყველა უნდა მივიდეს არჩევნებზე და მოიხადოს თავისი მოქალაქეობრივი ვალი, თორემ მერე სინანული გვიანი იქნება – ასეთია აჭარის რეგიონში მოქმედი ექსპერტების აზრი, რომლებიც ჩვენთან საუბარში აჭარაში არსებულ წინასაარჩევნო გარემოს აფასებენ.
მალხაზ ჭკადუა, ა/ო „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ რეგიონული ოფისების მენეჯერი:
– ჩვენ ვაკვირდებით წინა საარჩევნო პერიოდს, არჩევნების დღეს საქართველოს მასშტაბით 250 დამკვირვებელი დააკვირდება 10 საარჩევნო ოლქს, მათ შორის აჭარაში.
საარჩევნო მისია შედგება ორასი სტატიკური დამკვირვებლისგან, რომლებიც შემთხვევითი შერჩევის პრინციპით შერჩეულ 200 საარჩევნო უბანზე განაწილდებიან. კენჭისყრის დღეს შეიქმნება 18 მობილური ჯგუფი, რომლებიც ქვეყნის მასშტაბით შესაძლო ყველა დარღვევაზე მოახდენენ რეაგირებას. ჩვენ ვაკვირდებით ასევე არჩევნების შემდგომ პერიოდსაც. ასევე საარჩევნო პერიოდში მონიტორინგს ვუწევთ როგორც ადგილობრივი, ისე ცენტრალური მედიის მუშაობასაც.
ძალზედ მნიშვნელოვანია წინასაარჩევნო პერიოდში არჩევნებში მონაწილე ყველა პოლიტიკურ ძალასა და მათ კანდიდატებს ჰქონდეთ თანაბარი გარემო წინასაარჩევნო კამპანიის საწარმოებლად, არ მოხდეს ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება, ასევე ძალიან მნიშვნელოვანია საარჩევნო ადმინისტრაციების დაკომპლექტების პროცესი.
გამოიკვეთა ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების რამდენიმე ფაქტი, რაზეც მოვახდინეთ მყისიერი რეაგირება, სამწუხაროდ ამ შესაძლებლობაზე არასდროს უარს არ ამბობს არც ერთი ხელისუფლება. რაც შეეხება მედიაგარემოს, ვფიქრობ, რომ წინა წლებთან მდგომარეობა მკვეთრად გაუმჯობესებულია.
ასლან ლორთქიფანიძე, პოლიტოლოგი:
– ბატონო ასლან, რამდენად მშვიდ და თავისუფალ გარემოში მიმდინარეობს წინა საარჩევნო სამზადისი და რამდენად დემოკრატიულად ხორციელლდება ყველა ის პროცესი, რაც არჩევნებს უძღვის წინ?
– თქვენთან ძალიან იოლია ამ თემაზე საუბარი იმიტომ, რომ თქვენ თვითმხილველი ხართ ბოლო 30 წლის მანძილზე ჩატრებული არჩევნებისა. მოკლედ გადავავლოთ თვალი ამ პერიოდს. კომუნისტების დროს, იცით, როგორი არჩევნები ტარდებოდა, ერთი პოლიტიკური პარტია იღებდა მონაწილეობას, შესაბამისად ერთპარტიული არჩევნები იმართებოდა. პირველი მრავალპარტიული არჩევნები ჩატარდა 1990 წლის 28 ოქტომბერს, საბჭოთა კავშირი ჯერ კიდევ არსებობდა, როგორც სახელმწოფო. სწორედ საბჭოთა კავშირმა მიიღო კანონი, რომელიც უშვებდა მრავალი პარტიის არსებობას და ამ პირობებში ჩატარდა პირველი დემოკრატიული არჩევნები საქარტველოში. ეს იყო დემოკრატიის დაბადება ქვეყანაში. კომუნისტებს ეგონათ, რომ ამ არჩევნებს მოიგებდნენ, თუმცა მოულოდნენლად ოპოზიციონურმა პოლიტიკურმა ძალამ გაიმარჯვა, მეორე ადგილზე გავიდა კომუნისტური პარტია. არავის დაყუნებია კითხვის ნიშნის ქვეშ ამ არჩევნების ლეგიტიმურობა ანუ არც ერთ პოლიტიურ პარტიას არ გაუპროტესტებია არჩევნების შედეგები, თუმცა რა თქმა უნდა იქნებოდა ხარვეზები, მაგრამ კარგი პრეცენდენტი შექმნა მრავალპარტიული არჩევნებისა. ასეთი რამ საქართველოში მოხდა მხოლოდ ორჯერ: პირველი – 1990 წლის 28 ოქტომბერს და მეორე 1992 წლის არჩევნების დროს. ამის შემდეგ სამხედრო გადატრიალება მოხდა ქვეყანაში, შეიაარღების გზით განხორციელდა ხელისუფლების ცვლილება და მოვიდა დროიბითი სამხედრო საბჭო. იყო სამართლებლივი კაზუსები და ლეგიტიმაციაც აკლდა ამ სამხედრო საბჭოს. 1995 წლის არჩევნებში სამმა პოლიტიკურმა პარტიამ გადალახა ბარიერი, თუმცა უკვე გაჩნდა კითხვის ნიშნები რამდენად სამართლიანად ჩატრდა ის და 1995 წლიდან იწყება არჩევნების გაყალბება. ხელისუფლება აქტიურად იყენებდა ადმინისტრაციულ რესურსს, ფინანსებს, თუმცა შევარნაძის დროს რამდნჯერმე წააგო მმართველმა გუნდა არჩევნები და საქართველოში გაჩნდა პრეცენდენტი, რომ შესაძლებელი იყო დემოკრატიული არჩევნების ჩატარება. შემდეგ ჩვენ გვახსოვს 2003 წლის საპარლამენტო არჩვენები, როდესაც არჩევნების ლიგიტიმაცია კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა მაშინდელმა ოპოზიციურმა პარტიამ `ნაციონალურმა მოძრაობამ~ რის საფუძველზეც დაიწყო მასობრივი საპროტესტო აქციები და ეს ყოველივე დამთავრდა `ვარდების რევოლუციით~. სწორედ აქედან იწყება ახალი ტექნოლოგიებით არჩევნების გაყალბება, უკვე მოდაში აღარ არის ბიულეტენების ჩაყრა, უფრო თანამედროვე მეთოდები შემოვიდა, ეს არის მარაოს მეთოდი, როდესაც შედის კაბინაში ამომრჩეველი, მას გამოაქვს თავისუფლი ბიულეტენი და გარეთ ხვდება ადამიანი, რომელიც ხაზავს სასურველ კანდიდატს და ატანს ახალ ამომრჩეველს. მახსოვს, როდესაც საჯარო სამსახურში ვმუშაობდი, ასეთი დავალება იყო – მინიმუმ 20 ხელწერა უნდა მიეტანა საჯარო მოხელეს და შეჯიბრი იყო ვინ 40-ს მიიტანდა და ვინ 60-ს პირადობის ნომრებით. ეს სიები უნდა მისულიყო მმართველ პარტიაში, მე პრინციპულად უარი ვთქვი ასეთ სიბინძურეში ჩართვაზე. სააკაშვილმაც კი აღიარა, რომ არ დაუთმობდა მეორე ტურს ლევან გაჩეჩილაძეს, ვინც მაშინ მეორე ადგილი აიღო და ამან წარმოშვა საზოგადეობაში დიდი აგრესია. არავინ ელოდა, არც მე ველოდი თუ არჩევნების გზით `ნაციონალური მოძრაობა~ წააგებდა, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოავნი იყო ჩვენი დასავლელი პარტნიორების მხარდაჭერა, როდესაც სააკაშვილმა ღამით, არჩევნების დასრულების შემდეგ განაცხადა, რომ წააგო არჩევნები, მაგრამ დარჩა მის გუნდთან და იმ ღამესვე დაიწყო ხაშურში, ქედაში სპეცრაზმის შეყვანა, დაიწყო ცალკეული საარჩევნო უბნების მასობრივი დარბევა და ამ დროს აშშ-ს ელჩმა ფაქტობრივად შეაჩერა სააკაშვილის მოქმედება. `ნაციონალური მოძრაობა~ ახლა რომ იბრალებს, რომ ოპოზიციურ მხარეს უმტკივნეულოდ გადააბარა ხელისუფლება, მთლად ასეც არ არის, რომ არა ამერიკის ელჩის პირდაპირი ჩართულობა, არავინ იცის, რა მოხდებოდა მაშინ ქვეყანაში. და აი, ასე მოვედით `ოცნებამდე~… განვიხილე ახლანდელი საარჩევნო პროცესები და იქ წერია, რომ შედარებით მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს წინასაარჩევნო პროცესი, არ აქვს ძალადობას ადგილი, 2012 წლამდელი ვითარებისგან განსხვავებით მედიასაშუალებები მისაწვდომია ყველა პოლიტიკური პარტიისათვის, თუმცა არის ერთი ძალიან დიდი პრობლემა, რომელიც საარჩევნო პროცესს ხელს უშლის, პოლიტიკურ პარტიებს არ აქვთ შესაბამისი ფინანსური რესურსები. მმართველ გუნდს უფრო მეტი რესურსი აქვს, ვიდრე სხვა პარტიებს, აქ რაიმე დარღვევას არ აქვს ადგილი, მაგრამ ფინანსური უთანასწორობა აშკარაა, ეს იყო ერთი შენიშვნა, რომელიც ეუთოს კომისიამ მიუთიუთა.
– როგორ ფიქრობთ, რამდენად ეძლევათ თავიანთი გზავნილების ამომრჩევლამდე მიტანის საშუალება პოლიტიკურ სუბიექტებსა და მათ კანდიდატებს მედიაში? ჩემი კოლეგები ამბობენ, რომ პატიჟებენ კანდიდატებს გადაცემებში, თანხმდებიან, მაგრამ არ მიდიან მაყურებელთან სასაუბროდ…
– 2012 წლამდე პარტიები სანთლით ეძებდნენ ტელეეთერებს, დახურული იყო საინფორმაციო სივრცე, მხოლოდ 1 თვით ადრე გაიხსნებოდა ეს სივრცე, რომ აკვირდებოდნენ ამას ეუთოს დამკვირვებლები უამრავ შენიშვნას წერდნენ. დღეს გვაქვს გახსნილი ეს სივრცე და კანდიდატები არ იყენებდნენ მას, ცოტა გასაკვირია. აქ ორი მიზეზი იკვეთება, პირველი არის ის, რომ კანდიდატებს არ აქვთ საჭირო მომზადება, რომ შესაბამისად დაამყარონ ეს კომუნიკაცია. ისინი მზად არ არიან ოპონირებისთვის. ეს არის გარკვეული ბარომეტრი და მაჩვენებლი იმისა, რომ საქართველოში პარტიული სისტემა ჯერ კიდევ არ არის სათანადოდ განვითარებული, 26 წელია სამწუხაროდ საქართველოში ვერ ჩამოყალიბდა სრულფასოვანი ინსტიტუციურად გამართული პოლიტიკური ძალები, რასაც აქვს ობიექტური და სუბიექტური მიზეზები. ხშირად სპონტანურად არჩევნებამდე ერთი თვით ან 20 დღით ადრე ხდება კანდიდატების შერჩევა და ეს განაპირობებს იმას, რომ პოლიკურ პარტიაში კადრები ვერ იზრდებიან. ასე სპონტანურად შერჩეული კადრები ბუნებრივია, არ არიან მზად, რომ ტელეეთერის საშუალებით ჰქონდეთ კომუნიკაცია მაყურებლებთან. არადა, მედიასაშუალებების გამოყენება არის დემოკრატიულ საქართველოში ყველაზე აპრობირებული, ყველაზე უკეთესი გზა იმისთვის, რომ კანდიდატებმა თავიანთი საარჩევნო გზავნილები მიიტანონ ამომრჩევლებამდე.
– რას ეტყვით საზოგადოებას, რას ელით 21 ოქტომბრისაგან?
– საზოგადოებას მოვუწოდებ აქტიურობისაკენ, იმიტომ, რომ თითოეული ბიულეტენი მნიშვნელოვანია. შემდეგ არ უნდა დაიწყონ წუწუნი, რომ ხელისუფლება ცუდია. ერთხელ გადადონ ყველა საქმე, მივიდნენ არჩევნებზე და დააფიქსირონ თავინთი პოზიცია, შემოხაზონ თავიანთი კანდიდატი. ეს არის საჭირო ჩვენი ქვეყნისათვის.
გივი მამულაძე, უფლებადამცველი,
ა/ო „სიმართლისა და სამართლის, ჩაგრულთა და პატიმართა უფლებების დაცვა“:
– 2005 წლიდან დღემდე ყველა საარჩევნო პროცესს ვაკვირდებით და მივდივართ იმ დასკვნამდე, რომ ყოველწლიურად უმჯობესდება საარჩევნო გარემო. წელს უეთესი გარემო გვაქვს, ვიდრე წინა წლებში, ფაქტობრივად ყველა სუბიექტს ეძლევა თავისუფალი დრო თავისი აზრის გამოსათქმელად ტელევიზიითა თუ ხალხთან შეხვედრებზე.
– მთიან რაიონებში რა ხდება? იქ ყოველთვის იმარჯვებდა ის, ვინც ხელისდუფლებაშია… რა მდგომარეობაა დღეს და რა განწყობაა ხალხში?
– მინდა ვთქვა, რომ არჩევნების მიმართ მოსახლეობის დამოკიდებულება ძალიან დაბალია, ალბათ ეს ცნობიერების ბრალია და ნაწილობრივ საარჩევნო კამპანიის ბრალიც. მოსახლეობის აზრი მაინც ყოველთვის არის ის, რომ იმარჯვებს ის, ვინც ხელისუფლებაშია.
– თუ გაქვთ რაიმე ინფრომაცია ზეწოლის ფაქტებზე, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებაზე?
– ხელისუფლება ყოველთვის ცდილობს გამოიყენოს მათ ხელთარსებული ბერკეტები, მაგრამ კონკრეტული დარღვევის ფაქტები არ გვქონია.
– თქვენი ორგანიზაცია რა შემადგენლობით დააკვირდება არჩევნებს, რას აპირებთ, რა გეგმა გაქვთ ამ დღისთვის?
– უკვე რეგისტრაცია გაიარა ცესკოში ჩვენმა ორგანიზაციამ და 45 ადამიანით მოვახდენთ დაკვირვებას. ჩვენ გვეყოლება მობილური ჯგუფები, ამავდროულად გვექნება ცხელი ხაზიც. თუ ცხელ ხაზზე შემოვა შეტყობინება, მობილური ჯგუფები გავლენ ადგილზე და დააფიქსირებენ დარღვევებს. დღესათვის ჩვენ დაწყებული გავქს უბნებისა და კომისიების შემოვლა, მათ მუშაობას ვაკვირდებით. მინდა ვთქვა, რომ უბნებზე ინვერტარის პრობლემაა, ამისათვის ცესკოს გამოყოფილი აქვს თანხები და ეს რესურსები სწორად უნდა გამოვიყენოთ.
– პატიმრებთან მიმართებაში რა ხდება?
– პატიმრები სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მისცემენ ხმას. ამ მხრივ ბათუმის #3 სასჯელაღსრულების დაწესებულება ერთ ერთია საქართველოში რამდენიმეს შორის, სადაც მსჯავრდებულები გამოხატავენ თავიანთ ნებას. არჩევნებში ისინი მიიღებენ მონაწილეობას, ვისაც ნაკლებად მძიმე დანაშაულები აქვთ ჩადენილი. ადრე პატიმრებს ამის საშუალება არ ჰქონდათ. სპეციალური უბნები გაიხსნება მათთვის. მაგრამ თუ ბათუმელი პატიმარი სხვა რეგიონში იხდის სასჯელს, მას არ ექნება ხმის მიცემის საშუალება.
– და ბოლოს, რას ეტყვით საზოგადოებას?
– ისევ და ისევ მათ აქტიურობაზეა დამოკიდებული თითოეული ჩვენგანის სამომავლო ბედი, ამიტომ ნუ დაიზარებენ და აუცილებლად მივიდნენ არჩევნებზე.
სტატია ქვეყნდება პროექტის „გაცნობიერებული არჩევანი–დემოკრატიის ფუნდამეტი“ ფარგლებში. ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს ფონდ ”ღია საზოგადოება-საქართველოს” პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.