როგორც ჩანს ქართველების საქმეს ვერც ევროპაში ინტეგრაცია და ვერც ვიზალიბერალიზაცია უშველის… დღეს, დილის 4 საათზე იერუსალიმში ჩაფრენილი რეისის თბილისი – იერუსალიმის მგზავრთა დიდი ნაწილი იერუსალიმის აეროპორტში ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე ქვეყანაში არ შეუშვეს და დაახლოებით 30 საქართველოს მოქალაქე პატიმრობაში აიყვანეს. ისინი ამ დრომდე ციხეში მშიერ-მწყურვალნი, გაუსაძლის პირობებში არიან. ინფორმაცია „აჭარა P.S.“-ს ერთ-ერთი დაპატიმრებულის შსს-ს ყოფილი თანამშრომლის ჯიმშერ გუნთაიშვილის ახლობლებმა მოაწოდეს, როგორც ისინი განმარტავენ, ჯიმშერი უცხო ქვეყანაში სამი დღით ჩაფრინდა, მას დაჯავშნული აქვს იერუსალიმში სასტუმრო „ადასის“ ნომერი, სადაც დღეს უნდა გამოცხადებულიყო, ასევე თან აქვს 26 იანვრისთვის საქართველოში გადმოსაფრენი ბილეთი და ქვეყანაში გადასაადგილებლად საჭირო თანხა, წესრიგში აქვს ყველა დოკუმენტი, თუმცა ებრაელი სამართალდამცავები ამით არც ინტერესდებიან და ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე 30 ქართველთან ერთად უკანონო პატიმრობაში იმყოფება. დაკავებულის ახლობლები, თვითონ პატიმრობაში მყოფი ქართველები გვთხოვენ ხმა მივაწვდინოთ შესაბამის უწყებებს, რათა საქართველოს მხარემ დაიცვას საკუთარი მოქალაქეების კანონიერი ინტერესები.
ცნობისთვის: ერთი კვირის წინ იმავე აეროპორტში ანალოგიური პრობლემა კიდევ რამდენიმე ქართველს შეუქმნეს.